"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა დიდი შეკრების შესავალი სიტყვა (წარმოთქვა კობა კობალაძემ)

 

ბატონებო და ქალბატონებო, მე ვარ კობა კობალაძე.

მაქვს პატივი, „მეფე დავითის“ ამ მართლაც, უნიკალურ კომპლექსში მოგესალმოთ ყველას, ვინც მობრძანდით, ვინც ახერხებს და გვიყურებს სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში.

ცხელი ზაფხულია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აგვისტო ასეთი ღონისძლებისთვის მთლად სასურველი თვე არ არის, მაგრამ  მოველნები ისე ვითარდება, რომ სწორი გააზრების გარეშე ქვეყნის ცხოვრება და პოლიტიკა შეიძლება კვლავ ქუჩაში დაბრუნდეს, რაც უმძიმესი იქნება ქვეყნის ავტორიტეტისა და მისი მომავლისთვის.

მქონდა საშუალება, გავცნობოდი ამ კომპლექსს და მინდა ვთქვა, რომ ეს, მართლაც, უნიკალური ფილოსოფიის კომპლექსია. მადლობა მის შემქმნელებს, ცნობილ მოღვაწეს, იოსებ ორჯონიკიძეს. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სწორედ აქ გვეძლევა ამ უნიკალური შეხვედრის ორგანიზების საშუალება.

ვიდრე მთავარ დოკუმენტს წარმოვადგენდე, მინდა რამდენიმე ხაზგასმა გავაკეთო.

პირველი ხაზგასმა- ხელთ მაქვს მეცნიერთა დიდი გუნდის მიერ შექმნილი და წიგნად გამოცემული ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. მის გარეკანზე ქვეყნის რეალობის გამომხატველი სურათია. გახლეჩილი ბროწეული  ირგვლივ მიმობნეული მარცვლებით… დამეთანხმებით, ასეთია დღევანდელი საქართველო. ამ სურათს აქ, დარბაზშიც ხედავთ. მის ავტორი 17 წლის გოგონაა – თეკლა მელაძე. ის აქ არის, ჩვენს გვერდით. რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ვენეციის 58-ე ბიენალედან. დაბრუნდა გამარჯვებული. თავისთავად ფაქტია უნიკალური, რომ ბიენალეზე უშუალოდ მისმა ორგანიზატორებმა მიიწვიეს. მივესალმოთ და წარმატებები ვუსურვოთ.

მეორე  ხაზგასმა – ამ წიგნის 236-ე გვერდზე ასეთი ჩანაწერია: „მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს გვერდით ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები არიან! აქ არის წარმოდგენილი თეკლა მელაძეც, აქვეა პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების 1-ლი სკოლის ვაჟთა საგუნდო კაპელა. მაესტრო გელა ფარჩუკიძეც აქ არის. ერთი თვის წინ ვაჟთა საგუნდო კაპელამ საოცრება მოახდინა ვენაში. ვიამაყოთ. გვიხაროდეს. გამოვხატოთ შეწუხება იმის გამო, რომ ასეთი ამბებისთვის არც ჩვენ, არც ხელისუფლებას და განსაკუთრებით, არც საინფორმაციო საშუალებებს სცალიათ.

მესამე ხაზგასმა – დღეს ამ დარბაზში ზის ხატმწერი შალვა გერაძე. მან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერა ხატი – დავით აღმაშენებელი, რომელიც ერთი წლის წინ რუის-ურბნისის ეპარქიას გადაეცა. ეს დიდი ზეიმი იყო. ცოტა ვინმემ გაიგო საქართველოში. ბატონი შალვა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეხლა წერს ხატს გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის. ვფიქრობთ, მომდევნო წლის 8 თებერვალს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში შედგეს მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ლოგიკურად დაასრულებს ჩვენს მიერ დღეს დაწყებულ საქმის პირველ ეტაპს. ჩვენ ამ დღეს, ქვეყანას უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარების გადამუშავებული კონცეფცია და გელათს შევწიროთ საერთო მხარდაჭერით შექმნილი ხატი „დავით აღმაშენებელი“. ჩვენი დიდი სურვილია, რომ გელათის კონგრესი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და გელათის მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით ჩატარდეს და მართლაც, იქცეს სიმბოლოდ მომავლის საქართველოსთვის ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების  ერთიანობისა.

დღეს აქ ცნობილი მოღვაწე და მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი გვესწრება.  ჩვენ მისი მხარდაჭერისა და თანადგომის დიდი იმედი გვაქვს.

მეოთხე ხაზგასმა – დღესაც არავისთვისაა საეჭვო, მაგრამ დრო უფრო მეტად დაადასტურებს, რომ დედაქალაქისა და ქუთაისის ცენტრებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სახელმწიფოს მეთაურის დადგენილებით აღმართული მეფეთ-მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლების გადაადგილება სამარცხვინოზე სამარცხვინო ფაქტია საქართველოს ისტორიისთვის. სამარცხვინოზე სამარცხვინოა, რომ ვერ შევძელით მოვრეოდით ხელისუფალთა თავნებობას და კიდევ მეტად უარესია ის, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით საერთო განწყობისა, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრს ვერ უბრუნდება. ჩვენი დღევანდელი  შეკრება შემოძახილად უნდა იქცეს ხელისუფლებისთვის, რომ ეს სამარცხვინო ლაქა წერტილდასმულად ჩავთვალოთ.

მეხუთე და ბოლო ხაზგასმა – რამდენიმე წლის წინ,  შეიქმნა უნიკალური დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. მის სათავეებთან დიდი  მოღვაწეები, მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე იდგნენ. ეს დოკუმენტი  პრაქტიკულად, მერაბ ბერძენიშვილის სახლში შეიქმნა და მას ხელი რეზო ჩხეიძის სახლში მოეწერა.  მას ბატონ მერაბთან და ბატონ რეზოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ბატონებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, გივი თოიძემ,  ტარიელ ხარხელაურმა, რომან რურუამ, არნოლდ გეგეჭკორმა, ომარ მხეიძემ, თემურ გუგუშვილმა. მადლობა მათ ამ უნიკალური დოკუმენტისთვის.  ჩვენ, მეცნიერებმა ქვეყნის განვითარების კონცეცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ სწორედ ამ ადამიანების თხოვნით, „ქართული ერთობის დარბაზის“  დამფუძნებელთა და მათ მიერ ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით შევქმენით. ხელმომწერთა დიდი ჯგუფი აქ გვესწრება. ვინც არ არის, საპატიო მიზეზით. ბატონი არნოლდ გეგეჭკორი ტრადიციულ ისტორიულ ექსპედიციაშია. დიდი მადლობა ტარიელ ხარხელაურს, რომ დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სპეციალურად ჩამოვიდა თიანეთიდან.

ნება მომეცით, ამ შესავლის შემდგომ, წარმოგიდგინოთ ჩვენი შეხვედრის მთავარი დოკუმენტი. ჩვენ მას წარმოვადგენთ „ქართული ერთობის დარბაზის“ , მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის სახელით.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *