მეცნიერთა კონგრესისახელმწიფო კაცების საკრებულოსლაიდერიქართული ერთობის დარბაზი
დაპირისპირება სუსტებს სჩვევიათ, ძლიერნი – თანამშრომლობენ!
უკეთეს დღეს, ვიდრე დავითობაა, უკეთეს ადგილს, ვიდრე გელათია, უკეთეს თემას, ვიდრე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინაა, ვერც კი წარმოვიდგენთ ერთობის შეკრებისთვის.
8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში კონგრესს წარედგინება „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ მოსაზრებები ეროვნულ–სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან დაკავშირებით.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ უმძიმესი დაპირისპირების, პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში დიდი ისტორიული ნაბიჯია გადასადგმელი და ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქმედების პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს იმ პლატფორმაზე დაყრდნობით, რომლითაც შეიქმნა და ხელმოწერილ იქნა 1991 წლის 9 აპრილს „დამოუკიდებლობის აქტი“.
ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიამ მწარე გაკვეთილები მოგვცა, რომელთა ანალიზმა მიგვიყვანა დასკვნამდე: საქართველო ყოველთვის კრიზისში იყო შიდა დაპირისპირების დროს და მის ზომას განსაზღვრავდა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დაპირისპირებულ მხარეთა გაბოროტების მასშტაბები. ისტორიამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით, როცა ვპოულობდით ერთმანეთთან საუბრის ენას, როცა ერთმანეთზე საუბრიდან გადავდიოდით ერთმანეთთან საუბრით.
დღეს კრიზისი ღრმაა, წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს… ხალხი ამას საკუთარ თავზე გრძნობს. მისი მასშტაბების გაცნობიერება აუცილებელზე აუცილებელია პოლიტიკოსებში. ამ პროცესზე უნდა გაძლიერდეს საქვეყნო ავტორიტეტების, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანების გავლენა.
გელათი ისტორიულად იყო და არის ერთიანობის სიმბოლო. დავით აღმაშენებელი, მისი „გალობანი სინანულისანი“ დიდი ქართული ნიშანსვეტია!
უკეთეს დღეს, ვიდრე დავითობაა, უკეთეს ადგილს, ვიდრე გელათია, უკეთეს თემას, ვიდრე ეროვნულ–სახელმწიფოებრივი დოქტრინაა, ვერც კი წარმოვიდგენთ ერთობის შეკრებისთვის. ასეთი შეკრება კი ჰაერივით სჭირდება 30-წლიანი პოლიტიკური დაპირისპირებით სავსე საქართველოს. ეს მომავლის დიდი ნიშანი იქნება. ხალხში იმედი გაძლიერდება და პოლიტიკური ცხოვრებაც პოზიტიურ ჭრილში, ჯანსაღ რელსებზე გადავა.
რა არის საჭირო ამისთვის?
რეალობის გაცნობიერება, პატივისცემა ბიბლიური პრინციპისა: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“ და გამარჯვების ფორმულად მიჩნევა ილია ჭავჭავაძის მოწოდებისა – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“; მით უფრო, რომ ერის მამამ ეს სიტყვები სწორედ გელათში წარმოთქვა!
ქართული ერთობის დარბაზი
მეცნიერთა კონგრესი
p.s. კონგრესი დაიწყება გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში ა.წ. 8 თებერვალს, დავითობას, 15 საათზე.