ტელევიზია "ქართული TV"ქართული ერთობის დარბაზი

მოსაზრებები ტელეკომპანია „ქართული ტვ“ -ს მომავალთან დაკავშირებით

მოსაზრებები ტელეკომპანია „ქართული ტვ“ -ს მომავალთან დაკავშირებით

დასათათბირებლად „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერა კონგრესის“ , ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოს“,  ტელევიზიის “მეგობართა დარბაზის” წევრებთან, ტელევიზიის აქციონერებთან და ყველა დაინტერესებულ პიროვნებასთან, ვისაც საშუალება ექნება გაეცნოს ამ დოკუმენტს გამოქვეყნების შემდგომ.

 რეორგანიზაციის მიზანი

მართვის დემოკრატიზაციით მივიღოთ ინტელექტუალური ეკრანი, შედეგით – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მართალი ტელევიზია.

გამოკვეთილი ხაზგასმა

ტელეკომპანია «ქართული ტვ» ორიენტირებული უნდა იყოს მრავალფეროვან კონტენტსა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. ერთიც, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია  სრულყოფილი უკუკავშირის სისტემა, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით იქნება შესაძლებელი.  

 მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელისუფლებო ტელევიზია,
მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია,
მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია!
მერაბ  ბერძენიშვილი

  

I შესავალი

პროექტი ამბიციურია. სრულიად განსხვავებული, არა მარტო დღევანდელი „ქართული ტვ“ -ს , არამედ ქვეყანაში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალებების  კონცეფციისა და პროგრამებისგან.

დღემდე „ქართული ტვ“ მოქმედებდა მინიმალისტური მიდგომით, ობიექტურად სხვა გამოსავალი არც იყო. აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. დღის წესრიგში დადგა მაქსიმალისტური მიდგომა. ტელევიზია გახდეს ისეთი, როგორიც შესაძლებელია ინტელექტუალური და ადამიანური რესურსებით, რომლებიც რეალურად არის  ქვეყანაში, „ქართული ერთობის დარბაზში“, მეცნიერთა კონგრესში“ ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, ტელევიზიის „მეგობართა დარბაზში“, აქციონერებში.

პირველი ეტაპი, ანუ მინიმალისტური მიდგომა, ტელევიზიამ გაიარა წარმატებულად. ამაში დიდი წვლილი აქვს ყველას, ვინც დღემდე იყო დაკავშირებული ტელეკომპანია „ქართულ ტვ“ -ს თან. განსაკუთრებულია ბოლო წლები, როცა სერიოზული ცვლილებები მოხდა ეკრანზე და ეს პრაქტიკულად, შესაძლებელი გახდა მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსების პირობებში. ბოლო წლების წარმატებებში დიდია ტელევიზიის შემოქმედებითი გუნდის და უპირველესად ყოვლისა, მისი ხელმძღვანელის, ქალბატონი მანანა იმედაძის როლი.

მეორე ეტაპი, ანუ მაქსიმალისტური მიდგომა შესაბამისი შედეგებით, რეალურზე რეალურია და ის შესაძლებელია „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა იმ გადაწყვეტილების პირობებშიც კი, რომ ტელევიზიის აქციების 4%-ზე მეტის ყიდვა არარანაირი ფულით არ იყოს შესაძლებელი.  ამ შემთხვევაში წინა ხაზზე გამოდის იმ ადამიანთა დიდი პასუხისმგებლობა, რომლებიც არიან „ქართული ერთობის დარბაზში“, „მეცნიერთა კონგრესში“, ფონც „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“,  „მეგობართა დარბაზში“ და აქციონერებში. ეს დოკუმენტიც სწორედ ამ პასუხისმგებლობითაა შედგენილი.

დიდ ერთობას ტელევიზიის ირგვლივ მართლაც, სასწაულის მოხდენა შეუძლია, რომ, როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გახდეს “თვალებახილებული”. რომ დასრულდეს სიცრუესა და სიყალბეში ცხოვრება, ქვეყანაში ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში, რომ დასრულდეს ქუჩის რევოლუციებზე ორიენტირებული დამანგრეველი  სატელევიზიო განწყობა საქართველოს ტელევიზიებში და ქვეყანა წავიდეს არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუციის გზით, ანუ ქვეყანაში დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. დადგა დრო, რომ დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანსმობისთვის. იმისთვის, რომ შედგეს „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ (ი.ჭ)

სწორედ ამ მიზნით შექმნეს დიდმა მამულიშვილებმა  პროგრამული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. სწორედ ამ დოკუმენტის გაგრძელებაა „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილი ყველა დოკუმენტი,  დაწყებული „გზა ცივილიზებული სახელმწიფო“ – თი და 21-პუნქტიანი პროგრამით: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“, დასრულებული „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინით’, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებიმასშტაბური პროგრამით და „მართალი ტელევიზიის“ კონცეფციით.

რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალური ხდება ორი მთავარი რამ, რაც წითელ ხაზად გასდევს ამ პროგრამულ დოკუმენტებს.

პირველი – დასრულდეს ერთპიროვნული და ანონიმური მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.

მეორე – დამკვიდრდეს პრინციპი – ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ხაზს ვუსვამთ, დემოკრატიულად არჩეული ხლისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

ამ დოკუმენტებით განსაზღვრულია მოქმედების მთავარი მიმართულება, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომით, ბიბლიურია, ქართულია: „მთავარში  – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში –  სიყვარული.

სწორედ ამ  მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ტელევიზია „ქართული ტვ“, როგორც ეს  2008 წელს, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელმა მამებმა – დიდმა მამულიშვილებმა გამოკვეთილად თქვეს:

  • „განა ის, რომ საქართველოს საინფომაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის, რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების პარტიულ აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
  • რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური, მათ მიერ მართული პარტიები,მინისტრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინფორმაციო საშუალებები რაც არნახულად გვაკლია, ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხალხის მსახური საზოგადებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები.

ასეთ დროს, მართლაც, განსაკუთრებულია, თუნდაც, ერთი მართალი ტელევიზიის არსებობა, რომელიც გამორჩეული იქნება მართვის დემოკრატიული სისტემით. პროფესიონალიზმით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობით და ინტელექტუალურ ძალთა ერთობით, ორიენტირებული იქნება, როგორც საკუთრივ ტელევიზიის, ასევე ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე.

II ტელევიზიის სტრუქტურა

  1. დირექტორატი

ამოსავალი არის ის, რომ ეს არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არის სააქციო საზოგადოება. ანუ, ერთადერთი, რომლის აქციების ყიდვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და განსაზღვრულია ყოველი აქციონერის ურთიერთობა ტელევიზიასთან.

სააქციო საზოგადოება დაფუძნებულია „ქართული ერთობის დარბაზისა“ (95%) და აქციონერების (5%) მიერ. ტელევიზიას არ ეყოლება ერთმმართველი. მართვის მთავარი ორგანო იქნება დემოკრატიული წესით შექმნილი დირექტორატი 10-12 კაცის შემადგენლობით: როგორც წესი, მის შემადგენლობაში იქნება თითო წარმომადგენელი „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“  „მეგობართა დარბაზის“ და ფონდის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ . დირექტორატში შედიან იურიდიული დირექტორი, ფინანსური დირექტორი, სამეურნეო და ტექნიური დირექტორი, მთავარი პროდუსერი.აქვე ერთი განსაკუთრებული დემოკრტიული პრინციპის თაობაზე – დირექტორატის წევრებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით შეავსონ შემადგენლობა 12 კაცამდე. დემოკრატიული წესით მოხდება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა: კანდიდატურას დირექტორთა საბჭოს წარუდგენს  სს “ქართული” , დანიშნულად ითვლება, თუ მხარს დაუჭერს დირექტორრთა საბჭოს ყველა წევრი. თავმჯდომარე აირჩევა განსაზღვრული ვადით. ვადას დადგენა ხდება “ქართული ერთობის დარბაზის” და  სს“ქართულის“წინადადებით და დირექტორთა საბჭოს  სრული კონსენსუსით . დირექტორატის რეგლამენტს ადგენს „ქართული ერთობის დარბაზი“ და სს „ქართული“. რეგლამენტის მიღებამდე გადაწყვეტილებების მიღება საკადრო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ხდება სრული კონსენსუსით.

ტელეკომპანიას ყველა დონეზე წარმოადგენს დირექტრთა საბჭოს თავმჯდომარე. საფინანსო მოქმედებებს ახორციელებს ფინანსური დირექტორი.

იურიდიული სამსახური არა მარტო იცავს ტელეკომპანიის ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციებში, არამედ ახორციელებს შიდა კონტროლს, როგორც საფინანსო, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქციების შესრულების თვალსაზრისით.  რაც მთავარია, იცავს აქციონერთა უფლებებს.

სამეურნეო და ტექნიკური დირექტორი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია ეკრანამდე. მთავარ პროსდუსერთან ერთად პასუხს აგებს ტელევიზიის ტექნიკურ და ხარისხობრივ ფუნქციონირებაზე. 

 

  1. სარედაქციო საბჭო

სარედაქციო საბჭო სრულიად დამოუკიდებელი რგოლია. მის მთავარ მიზანს უნდა შეადგენდეს  მაყურებლის ინტერესის დაცვა და ეს უნდა მოხდეს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. სარედაქციო საბჭოს  შემადგენლობაში შედიან სატელევიზიო საქმის მცოდნე მაღალი პროფესიონალები, რომლებიც აანალიზებენ ეკრანს და ყოველი თვის დასაწყისში, საჯარო განხილვის წესით შეფასებას წარუდგენენ  დირექტორთა საბჭოს, „ქართული ერთობის დარბაზის“, სს“ქართულის“. „მეცნიერთა კონგრესის“ ,ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „მეგობართა დარბაზის“  წარმომადგენელთა, აქციონერთა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთა საჯარო შეხვედრაზე. სასურველია, რომ მათი შეფასებები ტელევიზიის საშუალებით, საზოგადოებისთვისაც სრულად გახდეს ცნობილი. სარედაქციო საბჭოს დაკომპლექტება ხდება ტელევიზიასთან დაკავშირეული ყველა რგოლის სრული კონსენსუსით, შემადგენლობის საჯარო განხილვისათვის წინასწარი გამოქვეყნებით, ანუ ხალხის, მაყურებლის მოსაზრებების გათვალისწინებით.

 

  1. მთავარი პროდიუსერი – პროდიუსერთა საბჭო

ეს არის  უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომლის გამართულ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული  ტელევიზიის ავტორიტეტი და რეიტინგი.

მთავარ პროდიუსერს ნიშნავს ტელევიზიის დირექტორატი, “ქართული ერთობის დარბაზის” საბჭოსა და სს “ქართულთან” შეთანხმებით.  პროდიუსერი დირექტორატთან დათათბირებით განსაზღვრავს მთავარ მიმართულებებს, ახდენს მათ კლასიფიკაციას (პოლიტიკური გადაცემები, ეკონომიკური გადაცემები, საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სამეცნიერო და ა.შ), ნიშნავს პროდიუსერებს (თითოეულთან არა უმეტეს 5 მიმართულება), რომლებიც მთავარ პროდიუსერთან ერთად, შეადგენენ პროდიუსერთა საბჭოს. საბჭომ უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა ეკრანზე. როგორც სანახაობით, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

პროდიუსერთა საბჭო აქტიურად თანამშრომლობს სარედაქციო საბჭოსთან და ყოველი თვის შედეგების მიხედვით, დგინდება გადაცემათა რეიტინგი.  ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა ახალ გადაცემათა შემოტანაზე საინფორმაციო სივრცეში.

კეთდება მთავარი ხაზგასმა – ყველა გადაცემა თავისუფალია გარედან ჩარევისგან, გადაცემის ავტორი სრულად არის თავისუფალი, როგორც რესპოდენტის მოწვევის, ასევე გადაცემის წაყვანის თვალსაზრისით.

 

  1. საინფორმაციო სამსახური

ეს არის ტელევიზიის ღერძი. იგი სრულიად განსხვავებული უნდა იყოს ქართული ტელევიზიების დღევანდელი გამოცდილებიდან.  ტელევიზიამ „ქართული ტვ“ უნდა თქვას ის, რასაც სხვები არ თუ ვერ ამბობენ. პირდაპირ და გაბედულად თქვას სიმართლე.

ხაზგასმით ვამბობთ, სახელისუფლებო და ოპოზიციური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურებისგან განსხვავებით, რომლებიც იქცნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პროპაგანდის იარაღებად, ტელევიზია “ქართული ტვ” და მისი  საინფორმაციო სამსახური უნდა იყოს მოსახლეობის განწყობის გამომხატველი, უნდა ასახავდეს ქვეყნის მაჯისცემას, თავისუფალი უნდა იყოს მიკერძოებისგან და მისი მიზანი უნდა იყოს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით რომ ვთქვათ : ქვეყნისთვის მთავარია თვალებახილებული ხალხი. შორს უნდა იყოს სოციალური დემაგოგიისგან. მისთვის მთავარი უნდა იყოს არა ნაკლოვანებების კონსტატაცია, არა ჩასაფრება და სიხარული ნაკლოვანებების გამო, არამედ ფიქრი მომავალზე, გამოსავალის გზებზე, ხალხის და მეცნიერების შეერთებაზე მომავლის საქართველოსთვის.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს “ქართული ტვ” -ს დირექტორატი, მთავარი პროდიუსერის წარდგინებით.

 

  1. სოცმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა

ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე მასთან უკუკავშირის თვალსაზრისით. მის ხელმძღვანელს ნიშნავს დირექტორატი, მთავარი პროდიუსერის წარდგინებით. ამ რგოლის ამოცანაა, რომ ტელევიზია სრულად ჩანდეს ინტერნეტ-სივრცეში, საინფორმაციო საშუალებებში. იგი უნდა სწავლობდეს საზოგადოების განწყობას, ზოგადად ტელევიზიისა და  მისი ცალკეული გადაცემების მიმართ. ასევე მის ფუნქციებში შედის რეკომენდაციების შემუშავება ტელევიზიის პოპულარიზაციისა და რეიტინგის ზრდის თვალსაზრისით.

 

  1. სარეკლამო სამსახური

ეს ტელევიია “ქართული ტვ” -ს თვის სრულიად ახალი სამსახურია. დღემდე არ ვთვლიდით საჭიროდ  მასზე აქცენტის გაკეთებას, რადგან პირველ ეტეპზე მთავარი იყო დამკვიდრება. ამ თვალსაზრისით შედეგები არის. ეხლა მთავარი ხდება ეფექტური სარეკლამო სამსახურის  ორგანიზება. ამ საქმეში უნდა ჩაერთოს აბსოლუტურად ყველა, ვინც კი დაკავშირებულია ტელევიზიასთან – “ქართული ერთობის დარბაზი”, “მეცნიერთა კონგრესი”, ფონდი “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, “მეგობართა დარბაზი”, აქციონერები, დღეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტრუქტურის ყველა რგოლი. ასეთი ერთობით, სარეკლამო სამსახური იქცევა მძლავრ რგოლად და ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, გადაწყვეტს ორ უმნიშვნელოვანეს ამოცანას: გაზრდის  ტელევიზიის აუდიტორიას  და გააძლიერებს ტელევიზიას ფინანსური თვალსაზრისით.

უდიდესი საქმე გაკეთდება, თუ ყველა ზემოთჩამოთვლილი რგოლის წარმომადგენლები წლის განმავლობაში მინიმუმ, ერთ რეკლამას შემატებენ ტელევიზიას.

სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს “ქართული ტვ” -ს დირექტორატი ფინანსური დირექტორის წარდგინებით. დირექტორატი განსაზღვრავს პრემიის მოცულობას ტელევიზიისთვის სარეკლამო შენაძენისთვის.

 

  1. ტელევიზიის ფინანსები

ტელევიზია “ქართული ტვ” ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. უპირველესად, იმით, რომ ის არის სააქციო საზოგადოება და, რაც მთავარია, ვერავითარი თანხა ვერ ყიდულობს არათუ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტს, არამედ 4%-ზე მეტ აქციას.

დღემდე ტელევიზია მოვიდა  ძირითადად, ქველმოქმედებითა და შემოწირულობებით. სწორედ “მეცნიერთა კონგრესი” იყო ინიციატორი იმისა, რომ “მეცნიერთა კონგრესის” წევრებს ყოველთვიური შემოწირულობები გაეკეთებინათ. თავისთავად, ეს პროცესი იყო ნებაყოფლობითი და ასევე უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, აქვე უნდა განვსაზღვროთ, რა არის სასურველი. სასურველია, რომ ეტაპობრივად, ამ წლის ბოლომდე, მინიმუმ 500 -მდე გაიზარდოს (სასურველია, 1000) იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად ტელევიზიას შეწირავენ 100-დან 300 ლარამდე ფარგლებში, შეიძლება მეტიც. მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

ამოცანა ადვილი არ არის, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოიძებნება 1000-მდე ასეთი ადამიანი, რომელთა შემოწირულობების ჯამი 100 000 ლარამდე შეიძლება მივიდეს. ამას დამატებული რეკლამის, აქციების გაყიდვის თანხები, მცირე შემომწირველთა რაოდენობა – ეს უკვე რეალურად იქნება იმის საფუძველი რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართულად ფუნქციონირებადი მართალი ტელევიზია ინტელექტუალური ეკრანით.

ჩვენი გაანგარიშებით, “ქართული ერთობის დარბაზის” საბჭოს წევრებმა, სს”ქართულის”, “მეცნიერთა კონგრესის”, ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, მეგობართა დარბაზის” წევრებმა, აქციონერებმა ყოველთვიურად თითო ასეთი შემომწირველი რომ შემატონ ტელევიზიას, ფინანსური პრობლემა სრულად იქნება დაძლეული და ტელევიზია “ქართული ტვ” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია იქნება საქართველოში. და ეს შესაძლებელი იქნება ყოველთვიური 100 ათასი ლარით, მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვიურად ხარჯავს 3 მილიონ დოლარს და ეს ჩვენი, ანუ ხალხის ფულია. ხალხმა უნდა იცოდეს, საერთო მაუწყებლის სახელით მოქმედი 7-ზე მეტი ტელევიზია რა ფულს ხარჯავს და რეალურად რას უკეთებს ქვეყანას, გარდა  დაპირისპირებისა, შუღლის გაღვივებისა და ლანძღვა-გინებისა.  უნდა იცოდეს ის, რომ არც ერთი მათგანი, 2  მილიონ დოლარზე ნაკლებს არ ხარჯავს ყოველთვიურად. ჩვენ 100 ათასი ლარით შეგვილია მათზე გაცილებით უკეთესი მაუწყებლობის შექმნა. ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნება, რომლითაც იამაყებს თითოეული, ვინც აქციების შეძენით, თუ შემოწირულობებით გვერდით დაუდგება დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებულ “ქართულ ტვ” -ს.

 

III. დასკვნის სახით

ჩვენ ვმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის მართალ ტელევიზიას. ეს ადვილი საქმე არ არის, რადგან სამწუხაროდ, მას არ ექნება არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური მხარდაჭერა, არ ექნება პოლიტიზებულ ბიზნესმენთა (არადა ასეთია 90%-ზე მეტი) მხარდაჭერა. დისტანცირებას გააკეთებენ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან დაკავშირებული  კულტურის, განათლების,  მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები. მაგრამ, როგორც იტყვიან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.  ამ შემთხვევაში, მით უფრო, რომ დღევანდელი სატელევიზიო სივრცე ხლეჩს და აპირისპირებს საზოგადოებას, ანაწევრებს ერთიან ეროვნულ სხეულს… მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს არ აქვს მომავალი მართალი საინფორმაციო სივრცის გარეშე… ქვეყანას არ აქვს მომავალი ქვეყნის განვითარების მეცნიერული პროგრამების ხალხთან მიტანის  გარეშე… არ აქვს მომავალი  ხალხისა და მეცნიერების მეცნიერულ პროგრამებში შეერთების გარეშე… ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი ტელევიზია, რომელიც ფინანსდება პოლიტიზებული მდიდრების მიერ. ამის გაკეთება შეუძლია დემოკრატიული მართვის პრინციპებით შექმნილ ტელევიზიას ინტელექტუალური ეკრანით. შეუძლია ტელევიზიას, რომელიც აერთიანებს იმ  ხალხს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ბიბლიური სიბრძნე: “საკუთარი სისხლის ფასად, თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები!” კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს, რომ ნებისმიერო ქვეყნის სიმდიდრე არის თავისუფალი ადამიანი და მდიდარია ის ქვეყანა, სადაც ადამიანია თავისუფალი. ღირს ბრძოლაც და თავშეწირვაც ამ დიდი იდეალებისთვის.

ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ წლის ბოლომდე და წლის ბოლოს გაკეთდეს მიმართვა მთელი საზოგადოებისადმი, რომ საქართველოში და საქართველოს გარეთ მცხოვრები ყოველი ქართული ოჯახი, თანამემამულეთა ყოველი ოჯახი გახდეს ტელევიზიის აქციონერი, ანუ სულ მცირე, 1 აქციის მფლობელი მაინც და სწორედ ბიზნესის წარმომადგენლები მიეხმარონ იმ ოჯახებს, რომელთაც ამის გაკეთების საშუალება არ ექნებათ. ეს, მართლაც, უნიკალური მოვლენა იქნება მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში, როგორც ეს „იუნესკოსა“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებში გვითხრეს.

ჩვენი სიძლიერე არის ჩვენს განწყობაში, არის იმაში, რომ “მეცნიერთა კონგრესს” რეალურად აქვს ქვეყნის შეცვლის პროგრამა. პროგრამა, რომელსაც შეუძლია გვაცხოვროს სიკეთით გამარჯვებულ და ბედნიერებით სავსე სამშობლოში – საქართველოში.  ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან იდგნენ დიდი მამულიშვილები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რეზო ბალანჩივაძე, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი.

ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ტელევიზიის შექმნის იდეა სწორედ ამ ხალხს ეკუთვნის და ის, რომ დღეს “ქართუ;ლი ერთობის დარბაზის” ხელმძღვანელი ცობილი მეცნიერი და ეროვნული მოღვაწე ჯუმბერ კოპალიანი, რომ ჩვენი ტელევიზია ერთადერთია მსოფლიოში, რომლის სააქციო საზოგადოების თავმდჯომარე არის ოლიმპიური და ხუთგის მსოფლიო ჩემპიონი, საზოგადო მოღვაწე რომან რურუა. ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ  ეს ტელევიზია შეიქმნა საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, რომ ტელევიზიის მეგობრები არიან ცნობილი მეცნიერები, კულტურისა და განათლების მოღვაწეები, სპორტსმენები.   ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ არ ვებრძვით არავის, ვიბრძვით საქართველოსთვის. ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ვიცავთ ხალხის ინტერესებს და არა ხელისუფლების, ან რიმელიმე პოლიტიკური კლასის ინტერესებს. ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ხალხს ვიცავთ ხელისუფლებისაგან და არა ხელისუფლებას ხალხისგან. ჩვენი სიძლიერე არის სიმართლეში, იმის გაცნობიერებაში, რომ თავისუფლება – სიმართლეშია!

ნებისმიერ ადამიანს უნდა ეამაყებოდეს ასეთი ტელევიზიის გვერდით დგომა. იმ ტელევიზიის გვერდით დგომა, რომლის კურთხევის დროს, საქართველოს პატრიარქმა ბრძანა საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ჰაერივით სჭირდება დღეს საქართველოს

გამარჯვებით, მომავლის საქართველოსთვის!

 

მოსაზრებები ტელეკომპანია „ქართული TV“-ს განვითარების კონცეფციის შესახებ
ექსპერტთა მიერ ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობით შემუშავებული „ქართული ტვ“ -ს კონტენტი

ტელევიზია “ქართული ტვ” -ს რეორგანიზაციის თაობაზე ჩვენს მიერ შედგენილი კონცეფციის შეფასება ხელოვნური ინტელექტის მიერ

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *