პროექტებიტელევიზია "ქართული TV"
“ქართული TV” -ს გენერალური დირექტორის, მანანა იმედაძის მიმართვა
ინტელექტუალური თოქშოუსთან დაკავშირებით: საქართველო - დიდი შესაძლებლობების ქვეყანა ! პრობლემა ვაქციოთ პოზიტივად, შესაძლებლობა - რეალობად!
მეგობრებო,
ჩვენ ვართ იმ უნიკალური პროექტის დასაწყისში, რომელზეც ოცნებობდნენ «ქართული ერთობის დარბაზის» (ქედი)და ტელევიზია «ქართული TV» -ს დამფუძნებლები, დიდი მამულიშვილები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, თემურ გუგუშვილი, რეზო ბალანჩივაძე. სწორედ მათ მიაჩნდათ , რომ ბრძოლა მომავლის საქართველოსთვის არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, აგრესიაში, წარსულის განკითხვა-განქიქებაში, არამედ წარსულის, დღევანდელი მდგომარეობის ღრმა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შექმნილ პროგრამებშია.
ტელევიზია «ქართული TV» -ს შემოქმედებითი ჯგუფი და «მეგობართა დარბაზი» მიესალმება ამ პროცესს და შესაძლებლად თვლის, რომ 21 მაისს დავიწყოთ და ყოველ სამუშაო დღეს , 16:00 დან 18:00 საათამდე, პირდაპირ ეთერში მიდიოდეს თოქ-შოუ «საქართველო – დიდი შესაძლებლობების ქვეყანა» , რომლის დედააზრი იქნება: «პრობლემა ვაქციოთ პოზიტივად, შესაძლებლობა – რეალობად» . ეს სრულიად განსხავებული თოქ-შოუ იქნება, ვიდრე დღეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული მსგავსი ფორმატის გადაცემები. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს მართლაც, მომავალზე ორიენტირებული ინტელექტუალური გადაცემები იქნება.
ჩვენ, «ქართული ერთობის დარბაზთან», «მეცნიერთა კონგრესთან»,ფონდ «გზა ცივილიზებული სახელმწიფოსთან» და «ინოცავიურ ცენტრთან» შევთანხმდით ამ გადაცემის მიმართულებასა და პრინციპებზე.
მივმართავთ ტელემაყურებლებს, მათი საშუალებით მთელ საზოგადოებას, თანამემამულეებს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, გავხდეთ ამ გადაცემების არამარტო მაყურებლები, არამედ თანამონაწილენი. მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები, როგორც გადაცემის კონცეფციასთან, ასევე მათ წამყვანებთან, მონაწილეებთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ, ჩვენ აქვე ვაქვეყნებთ წარმმართველების სიას. ჩვენ, ყველამ ერთად, დიდი სია შევადგინეთ. ჩვენ გვაქვს უფლება, ეს ადამიანები ვისურვოთ „ქართული TV“ -სა და, განსაკუთრებით, ამ უნიკალური პროექტის მონაწილეებად, ისევე როგორც, მათ აქვთ უფლება, მიიღონ, ან არ მიიღონ ჩვენი წინადადება. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კანდიდატურების მოძიებას, ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს და ჩვენს მეგობრებს შეუძლიათ მოგვაწოდონ კანდიდატურები თავიანთი შეხედულებების მიხედვით.
დიახ, ჩვენ გვინდა განსაკუთრებულად მივმართოთ ჩვენს მიერ გადაცემათა წარმმართველებად დასახელებულთ: მიგვაჩნია, რომ თქვენი მონაწილეობა მომავლის ამ პროექტში უაღრესად მნიშვნელოვანია და გვინდა ვიფიქროთ, რომ თქვენ მიიღებთ ჩვენს თხოვნას და ჩვენ, ყველანი ერთად შევძლებთ მომავლის იმედი გავაძლიეროთ საზოგადოებაში, ჩვენს თანამემამულეებში,ჩვენს მეგობრებში.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ უნიკალურ პროექტში ჩაერთონ ხელისუფლება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, პარლამენტარები. პოლიტიკოსები. საქართველო მოიგებს, თუ ჩვენ ერთმანეთზე საუბრიდან გადავალთ ერთმანეთთან საუბარზე და ლანძღვა-გინებიდან პრობლემების ღრმა და საფუძვლიან განხილვაზე.
სწორედ, ეს არის ჩვენი პროექტი. ჩვენ ყველანი ვჭირდებით ერთმანეთს მომავლის საქართველოსთვის!
თანამშრომლობის დიდი სურვილით,
ტელეკომპანია „ქართული TV“ – ს
გენერალური დირექტორი მანანა იმედაძე