ახალგაზრდობაქართული ერთობის დარბაზი

პატივგებისა და მადლიერების დღეები კონცეფცია

ახალგაზრდობის ინიციატივა

 

მომავლის საქართველოსთვის საერთო ძალისხმევის პროექტების მომზადება და განხორციელება ყველა თაობის წარმომადგენელთა უპირველესი საზრუნავია. აშკარაა, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ასცდა ბუნებრივი განვითარების გზას. ქვეყნის გარედან მართული არაქართული განწყობის ძალთა არნახული ერთობით მყარად ყალიბდება, როგორც ხელოვნური, ოთახის კანონების ქვეყანა.

ჩვენ, ახალგაზრდობის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, მეცნიერებთან თანამშრომლობამ, „ქართული ერთობის დარბაზის“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ღონისძიებებში მონაწილეობამ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პრობლემები გაცილებით სხვა სიბრტყეზეა, ვინემ ამას პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ხელისუფლებით დაავადებული პიროვნებები საუბრობენ საინფორმაციო საშუალებებში თუ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ფაქტია, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე, უპირველესად, სატელევიზიო – ქართული აღარ არის.

აშკარაა, რომ დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დგას ქვეყნის განვითარების მეცნიერული პროგრამების შემუშავება, საერთოდ, მეცნიერების როლის გამოკვეთა.

რამდენიმე წლის წინ, მეცნიერთა მონაწილეობით შედგენილი „მოქმედების მანიფესტი– „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ აღიარებულ იქნა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ დოკუმენტად. იგი, მართლაც, პროგრამულია, მაგრამ ვერც ერთ იმ პოლოტიკურ წრეებში ვერ ჰპოვა მხარდაჭერა, რომლებსაც დაპყრობილი აქვთ საინფორმაციო სივრცე. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტს. ჩვენ, ახალგაზრდები ვრწმუნდებით იმაში, რომ ყოველგვარი ქართული იგნორირებულია და ეს არის რეალური შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ეტაპზე, ჩვენი ამოცანა არ არის არც ამ საკითხის გაღრმავება და არც რომელიმე ჯგუფის მიმართ კრიტიკული განწყობის ჩამოყალიბება, ჩვენ ვეთანხმებით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, „ეროვნული თანხმობისათვის“ დასკვნას, რომ დღის წესრიგის უპირველესი ამოცანაა, ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო. ჩვენ ასევე იდეალურად მიგვაჩნია კონგრესის მიერ ხაზგასმული, კაცობრიობის გამოცდილებით დადასტურებული პრინციპი:

„ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას ზნეობისა და მორალის პრინციპები“.

ამ პრინციპის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში არის მთავარი, რაზეც ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული და სწორედ ამას მივიჩნევთ ბუნებრივი განვითარების პრინციპებზე დაბრუნების მთავარ მიმართულებად.

 

რით დავიწყოთ და როგორ ვიმოქმედოთ?

პასუხს ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაძლევს, დავით აღმაშენებლის ეპოქის ანალიზი, იმის ანალიზი გვაძლევს, თუ როგორ გამოდიოდა ჩვენი ქვეყანა კრიზისული მდგომარეობებიდან, რომელიც არაერთგზის ჰქონია.

ჩვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, ყველაზე წარმატებული ის პერიოდები იყო, როცა ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე იმართებოდა, როცა იყო ერთობა, როცა მთავარი იყო ბიბლიური სიბრძნე: „მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

როცა მოინდომეს ქვეყნის ბუნებრივი განვითარების გზიდან გადაგდება, უპირველესად თაობათა დაპირისპირების გზა აირჩიეს. რა აღარ უწოდეს უფროს თაობის წარმომადგენლებს, ფერებითაც ამკობდნენ და „ჩარეცხილებადაც“ თვლიდნენ. როგორც იტყვიან, უკადრებელი აკადრეს იმ ხალხს, ვინც ქვეყნისთვის უმძიმეს პირობებშიც კი, შეძლო ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნება.

ჩვენ ამას დღეს გულისტკივილით ვამბობთ, ჩვენთვის მთავარი მომავლის საქართველოა. მომავლის საქართველო, კი თაობათა ერთიანობის, წინა თაობებისადმი მადლიერების გარეშე არ არსებობს.

ჩვენ ამ საკითხებზე, ბევრს ვსაუბრობდით უდიდეს მოღვაწეებთან, მერაბ ბერძენიშვილსა და რეზო ჩხეიძესთან. ვსაუბრობთ დღეს, მეცნიერებისა და კულტურის არაერთ მოღვაწესთან, რომლებიც თითქმის დაივიწყეს საინფორმაციო საშუალებებმა, მაგრამ ჩვენთვის ეს ხალხი ოქროს ფონდია.

ორი დიდ პიროვნებას და არამარტო საქართველოსთვის, ბატონებს მერაბ ბერძენიშვილსა და რომან რურუას არაერთი შემოძახილი აქვთ გაჟღერებული უკანასკნელი წლების განმავლობაში. გვეგონა, რომ სამთავრობო წრეებისთვის იქნებოდა დაფიქრების დიდი ნიშანსვეტი. ვერ ვნახეთ ეს განწყობა, ვერც სამთავრობო წრეებში, ვერც პოლიტიკოსებში და ვერც საინფორმაციო საშუალებებში. რაც ამ ორ დიდ პიროვნებას გაკეთებული აქვს საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით მისი სახელის ამაღლებისთვის, ჩვენთვის დიდი ნიშანია მომავლის საქმიანობის ორიენტაციისთვის.

ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება ბევრმა ნახოს, ის დიდი სულიერება, რაც მსოფლიო მასშტაბის მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა საკუთარ ეზოში და საკუთარი ხელით შექმნა. ჩვენ ასევე გვინდა ვიამაყოთ იმით, რაც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა – ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ,ჭიდაობაში, რომან რურუამ გააკეთა: როცა საქართველოს თითქმის მთელი სოფელი თბილისისკენ დაიძრა, ის თბილისიდან სოფელში დაბრუნდა, პრაქტიკულად უკაცრიელ ადგილზე დასახლდა და წალკოტად აქცია – ქართულ სოფელსა და ქართულ მიწას ძეგლი დაუდგა. რასაც ვამბობთ ცოტას ნიშნავს, ვინც ნახავს, დარწმუნდება რა სიმდიდრეა ქართული მიწა და რა შეუძლია ნებისყოფისა და ნიჭის მქონე ადამიანს.

ჩვენ გვითხრეს, ამ ხალხს და ამ თაობას ბრძოლა გამოუცხადეთ და უარყავითო, ეს იყო უდიდესი შეცდომა, ვის, თუ არა ახალგაზრდებს ევალება ამ მდგომარეობის გამოსწორება და ქვეყნის განვითარების ბუნებრივ რელსებზე გადაყვანა, სწორედ წინა თაობებთან კავშირში და საერთოდ, თაობათა ერთიანობით, ჩვენ, რომან რურუამ კიდევ ერთი კარგი მაგალითი მოგვცა. ვიფიქრეთ, რომ მისი 75 წლის იუბილე აღგვვენიშნა. კატეგორიული უარი მივიღეთ. „არც ქვეყანაშია ზეიმის განწყობა და არც ჩემშიო“, – გვითხრა ბატონმა რომანმა. უამრავი ისტორიული პიროვნების და დიდი ქართველი მოღვაწის იუბილეები დაივიწყეს საქართველოში, უამრავ ადამიანს მადლობაც არ უთხრეს მისი იუბილეს დღეებში და ამის გამოსწორებაა საჭირო, გვითხრა ბატონმა რომანმა.

მართლაც, დამაფიქრებელი პასუხი მივიღეთ და სწორედ ამ პასუხმა გვიკარნახა მადლიერებისა და პატივგების დღეების ჩატარება, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო წელი ბევრ სხვასთან ერთად, სწორედ ასეთ წლად ვაქციოთ: მადლიერების და მომავლის საქართველოსათვის თაობათა ერთიანობის წლად. ეს არის აუცილებელი, თუ „გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში“, როგორც ამას, ბატონი რომან რურუა წერს თავის, მართლაც, საგულისხმო და დამაფიქრებელ წერილში.

ჩვენი სურვილია, ეს და მომდევნო წელი და საერთოდ, შემდგომი პერიოდი, იყოს სწორედ უფროსი თაობისადმი მადლიერების წლები, თაობათა ერთიანობის წლები, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის წელი, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის წელი, ეს იყოს შოთა რუსთაველის 850, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200, ილია ჭავჭავაძის 180 და ბევრ ზეცად ამაღლებულ ქართველთა საიუბილეო წელი.

ჩვენ ეს გვინდა განვაცხადოთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის დღეებში და საქმით დავადასტუროთ მიმდინარე წლის ნოემბერში პატივგებისა და მადლიერების დღეებზე, რომელსაც ჩავატარებთ ყველა სამხარეო ქალაქში და დასკვნით დღეს მცხეთაში, რომან რურუას ეზო-გარემოში, მსოფლიოს უცნობილესი სპორტსმენების, შემდგომ კი თბილისის სპორტის სასახლეში, საზოგადოების დიდი ნაწილის მონაწილეობით დავასრულებთ.

ჩვენ ნიშანდობლივად მიგვაჩნია, რომ ამ დღეებში, როგორც სტუმრებს, ასევე ჩვენს თანამემამულეებს ვაჩვენოთ ორი დიდი ქართველი კაცის მერაბ ბერძენიშვილისა და რომან რურუას მიერ შექმნილი კარ-მიდამო, სადაც ქართული სულის სიძლიერეც ჩანს და ისიც, რომ მიწაა ჩვენი მარჩენალი.

ჩვენ, ამ ჩვენი მოსაზრებებითა და იდეებით, მივმართეთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. ყველასგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ. ვერ წარმოგვიდგენია მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ შემოგვიერთდება და მხარს არ დაგვიჭერს. კარგია, რომ ეს არის საერთო ქართული განწყობა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები იზიარებენ. ჩვენ ველოდებით ახალგაზრდობის დიდ ერთობას ამ იდეების განსახორციელად.

ახალგაზრდობის ერთი ჯგუფის სახელით: ოთარ ფალიანი, ალექსანდრე  ახვლედიანი, გიორგი შაშიაშვილი, შოთა შანშიაშვილი, ალექსანდრე კავკასიძე, შოთა ჭელიძე და სხვები (200-მდე ახალგაზრდის ხელმოწერა)

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *