ტელევიზია "ქართული TV"

მოკლე ინფორმაცია ტელევიზია „ქართული TV“ -ს შესახებ

 

  • ტელევიზიის შექმნის სათავეებთან დგას დიდი მოქანდაკე და მამულიშვილი მერაბ ბერძენიშვილი. მას ეკუთვნის სიტყვები: „მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია. მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია და სწორედ ასეთ ტელევიზიას შეუძლია ქვეყანაში ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია“.
  • მერაბ ბერძენიშვილის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა დიდმა მამულიშვილმა- რეზო ჩხეიძემ, რომელმაც თქვა: „ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ტელევიზიაა, ყველასათვის სანუკვარი სიტყვით – „ქართული“ , რომელსაც ვჩუქნი ქართველ ხალხს!“ ამ კარგ დასაწყისს შეუერთდნენ დიდი მამულიშვილები: ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, რომან რურუამ ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი. ტელევიზიის აქციების 100% მფლობელი გახდა  „ქართული ერთობის დარბაზი“ (ქედ-ი).
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებთან შეხვედრაზე მათ მისცა კურთხევა: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს!“ კურთხევა შედგა მცხეთაში, სვეტიცხოვლობას.
  • ტელევიზია „ქართული TV“ – ს შექმნასთან დაკავშირებით შედგა ორი დიდი შეკრება თბილისში. პირველი – სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და მეორე – რუსთაველის თეატრში. მათ გაგრძელება მოჰყვა ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში.
  • დამფუძნებლებმა და მხარდამჭერებმა ძნელი გზა აირჩიეს. ვერავითარი ფულით ვერავინ ვერ შეძლებს ტელევიზიის აქციების 4%-ზე მეტის შეძენას.  ეს უნიკალური მოვლენაა მსოფლიოს სატელევიზიო სივრცეში და ეს ხაზგასმით აღინიშნა კიდეც იუნესკოში, სადაც წარდგენილ იქნა ტელევიზია „ქართული TV“ – ს განვითარების პროექტი სამ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს  ტელევიზიის მაუწყებლობის  მთელ მსოფლიოზე გავრცელების და ქვეყნის ყველა ოჯახში შესვლის უზრუნველყოფას. მისი დასრულება გათვალისწინებულია 2024 წლის ბოლოს. მეორე ეტაპზე  კეთდება მიმართვა მოსახლეობისადმი, რომ ორი წლის განმავლობაში ყველა ოჯახი გახდეს ტელევიზიის ერთი აქციის მფლობელი მაინც. აქციის შეძენა ნებაყოფლობითი იქნება, მის საყოველთაოობას უზრუნველყოფს ამ საქმისადმი კეთილგანწყობილი, თურქეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი – ისმეთ აჯარი (მსოფლიოში დღემდე არსებული ერთი კერძო ქალაქის – „აჭარკენტი“ -ს მფლობელი), რომელიც ყველას, ვინც ვერ შეძლებს  50 ლარად ღირებული ერთი აქციის შეძენას, მას საჩუქრად გადასცემს. მესამე ეტაპზე  აქციონერი ხდება საქართველოს თიოთოეული  მოქალაქე. აქაც იმოქმედებს იგივე პრინციპი, ვინც ვერ შეძლებს აქციის შეძენას, საჩუქრად გადაეცემა. მესამე ეტაპი გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში  და ჩვენ 2028 წლის ბოლოს, მივიღებთ ტელეკომპანიას, რომელიც  მართლაც, უნიკალური მოვლენა იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში, როგორც ეს გამოკვეთილად ითქვა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში.
  • ასეთი კეთილშობილური, მაგრამ რთულად შესასრულებელი მისიის წინაშე შეგნებულად დაიყენეს საკუთარი თავი „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელმა დიდმა მამულიშვილებმა.

როგორია რეალური მდგომარეობა დღეს?

  • ტელეკომპანია „ქართული TV“ მაუწყებლობს მთელ მსოფლიოზე თანამგზავრ „აზერსატ“-ის მეშვეობით, ანუ მისი ნახვა შეიძლება ყველგან, სადაც ვრცელდება „პირველი არხი“. „იმედი“ „რუსთავი 2“, „მთავარი“, „ტვ. პირველი“,  „ფორმულა“. მეტიც, უკვე მოცულია საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 80% პროვაიდერების მეშვეობით: მაგთი (46), სილქნეტი (259), ახალი ქსელები (292). პროგრამის მიხედვით, 3-4 თვის განმავლობაში, დასრულდება მთელი ქვეყნის ტერიტორიის სრული დაფარვა.
  • ტელევიზია იანვრის ბოლოდან აღჭურვილი იქნება ახალი აპარატურით, რომელიც საშუალებას მისცემს პირდაპირი ტრანსლაციები განხორციელდეს არა მარტო ოფისიდან, არამედ ქვეყნის ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან;
  • იანვარში დასრულდება და თებერვლიდან ამოქმედდება ახალი სატელევიზიო ფორმატი, საინტერესო, სრულიად გამორჩეული პროექტებით. ჩამოვთვლით რამდენიმეს:

40-მდე საავტორო გადაცემა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, კულტურის მოღვაწეების და ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით;

 – ყოველ საღამოს თოქ-შოუ განსხვავებული თემებითა და წამყვანებით;

„სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის ღია სატელევიზიო პროცესი და სხდომები პირდაპირ ეთერში. (იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს);

 – „ემიგრანტთა ლიგის“ შექმნის ღია სატელევიზიო პროცესი (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ემიგრანტთა ყრილობაზე);

 – „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის სესიები პირდაპირ ეთერში (მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 87 ქალაქიდან, სადაც თითოეულში, როგორც მინიმუმ, 1000-ზე მეტი თანამემამულე ცხოვრობს).

 

  • „ქართულ TV“-ს „საკუთარს“ უწოდებენ მეცნიერებათა აკადემია, შემოქმედებითი კავშირები, უცხოეთში მოღვაწე ქართული დიასპორის დიდი ნაწილი და ყველასთან ერთად გაჩნდა იმედი, რომ შეიქმნას მართალი ტელევიზია.
  • ტელევიზიის აქციების მფლობელია „ქართული ერთობის დარბაზი“, რომლის თავმჯდომარე გახლავთ ცნობილი მეცნიერი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და დმანისის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ჯუმბერ კოპალიანი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ცნობილი სპორტსმენი, რომან რურუა, ტელევიზიის გენერალური დირექტორია ჟურნალისტი და კომპოზიტორი მანანა იმედაძე.
  • ტელევიზია დღემდე ცხოვრობს მეცნიერთა კონგრესის 500-მდე წევრის შემწეობებით, ემიგრანთა გზავნილებით, კავკასიის უნივერსიტეტთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, მხატვართა კავშირთან, ბიზნეს-კომპლექს „მეფე დავითთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, შექმნილია ტელევიზიის „მეგობართა საზოგადოება“. საერთო ამოცანა კონკრეტულია: ტელევიზიის ყოველთვიური შემოსავლები გაიზარდოს 150-ათას ლარამდე, რაც შესაძლებელს გახდის, შეიქმნას სრულიად განსხვავებული სატელევიზიო სტანდარტი, გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს მოქმედ მთავარ ტელევიზიებს აქვთ, რომელთა ყოველთვიური დაფინანსება 2-3 მილიონი დოლარის ფარგლებშია (ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტით „პირველი არხის“ 2024 წლის დაფინანსება 101 მილიონი ლარის ფარგლებშია).
  • მიღებულია გადაწყვეტილება,  2024 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით,  ყოველთვიურად  გავრცელდეს  10000 – მდე  საინფორმაციო ფურცელი , რომელიც მოსახლეობას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას   ტელევიზია „ქართული TV“ -ს მაუწყებლობის შესახებ.

ჩვენთვის მრავლისმთქმელი გახდა ქართულ-იტალიური მუსიკალური ოჯახის, დუჩო ლამბერტისა და ლალი ბურდულის სიტყვები: „ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გაუკეთო შენთვის საყვარელ ხალხს და ქვეყანას, არის ის, რომ დაეხმარო მართალი ტელევიზიის შექმნაში“(სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და გამართეს საქველმოქმედო კონცერტები)

დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოწირულობით, აქციების შეძენით, რეკლამების განთავსებით, ტექნიკის შეძენით, გვერდში დაუდგება ამ მამულიშვილურ საქმეს. ყველაფერი ეს ასახული იქნება წიგნში – „ასე იქმნებოდა „ქართული TV”, რომლის შექმნის პროცესი დაწყებულია.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ტელევიზია, რომლითაც ვიამაყებთ არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი შთამომავალნიც. ტელევიზია, რომელიც ორიენტირებული იქნება ნიჭის ძალაუფლებაზე, საქმის მკეთებელ ადამიანებზე, სიკეთით გამარჯვებაზე, ბედნიერებით სავსე ქვეყანაზე, ტელევიზია, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობებს რწმენასა და ზნეობაზე, ინტელექტსა და ბიზნესზე დააფუძნებს!

ტელევიზია „ქართული TV“ შემოქმედებითი გუნდის,  დამფუძნებლების და ტელევიზიის მეგობართა დიდი გუნდის სახელით:

მეცნიერების დოქტორი ჯუმბერ კოპალიანი

ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა

ტელევიზიის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე

საკონტაქტო პირი: მანანა იმედაძე (ტელ.:558 14 33 32)

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *