"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმორალური გუნდი

გწერთ ერთად დგომის და საქართველოს გამარჯვების იმედით!

 

გვაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და მოგაწოდოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს  თქვენდამი ჩვენი დიდი გუნდის განწყობას და ამავე დროს, თქვენ არაფერს გავალდებულებთ, როგორც ჩვენ ვართ თავისუფალი გადაწყვეტილებაში მოგმართოთ წერილით, ასევე თქვენ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებაში – მიიღოთ თუ არა მეცნიერთა ეს წინადადება.

ჩვენ, წარმოვადგენთ „მორალურ გუნდს“, ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც დიდმა ქართველმა მოღვაწეებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო  ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, რომან რურუამ, გიგა ბათიაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, თემურ გუგუშვილმა და სხვებმა ჩამოაყალიბეს „მოქმედების მანიფესტში – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელსაც მეცნიერებმა მაშინვე ვუწოდეთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული პროგრამული დოკუმენტი, რაც დრომაც დაადასტურა.

ქართული, მხოლოდ ქართული გზაა –  ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს,ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ისტორია ადასტურებს: ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას, ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან. ისტორია ადასტურებს, საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ და გარედან ნაქებ-ნადიდებ ხელისუფლებას. დრო ადასტურებს იმასაც, რომ  ბოლო წლებში  უშედეგოდ დამთავრდა ამ განწყობის დიდი ქართული პროცესის დაწყებაც და, განსაკუთრებით, ბოლომდე მიყვანა.

მიზეზი მარტივია: სახელმწიფო კაცებმა კარგად ჩამოაყალიბეს „მოქმედების მანიფესტში“, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, უფრო მეტიც, ებრძვის საქართველოს,  რაც არ  გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო  საშუალებები,  რაც არნახულად გვაკლია, ეს არის ქართული განწყობის სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები. ალბათ, ყველაზე უსამართლო და როგორც მეცნიერებს მიგვაჩნია,  ჩვენი სამშობლოსთვის ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ ყოველგვარი ანტიქართული ჭარბად დაფინანსებულია, ყველგვარი ქართული კი ფინანსების გარეშეა, სულს ღაფავს, ენთუზიაზმის დონეზეა.  სახელმწიფო კაცებმა „მდიდარი მონები“ უწოდეს გარე  ძალების მსახურთა დამფინანსებელ  ბიზნესმენებს.  მძიმეა ჩვენგან ამის ხაზგასმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს  რეალობაა.

ქართული დიდსულოვნებით ეძებდნენ სახელმწიფო კაცები XXI საუკუნის სარაჯიშვილებსა  და ზუბალაშვილებს. ისინი ამბობდნენ, რომ ასეთები საკმაოდ  არიან, გაცილებით მეტნი იქნებიან, თუ ჩვენ ქვეყნის განვითარების სწორ გზას შევთავაზებთ და ამ გზას რეალურად დავანახვებთ.

ჩვენ, მეცნიერები ვადასტურებთ, რომ ერთადერთი მძლავრი საყრდენი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მომავლის საქართველოს, ეს არის ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. გვესმის, ეს რთული გზაა. დღეს საქართველოში ამის მიღწევა ბევრს არარეალობად მიაჩნია. მორალურ ადამიანთა ერთობას შეუძლებლის მიღწევა შეუძლია. მიუხედავად პარტიული თუ რელიგიური კუთვნილებისა, მსოფლმხედველობისა, ასაკობრივი სხვადასხვაობისა, მთავარია, გავაცნობიეროთ და მივსდიოთ კაცობრიობის პროგრესის დადასტურებულ  ფორმულას: „მთავარში  ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ – ყველაფერში სიყვარული“.

ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. რომ უდიდესია ქვეყნის ინტელიგენციის როლი, რომ ინტელიგენტი არის ის, ვინც იცის, რომ დაპირისპირება დამანგრეველია, უპირველესად იმით, რომ ყალბ გმირებს ქმნის,  ხოლო განვითარება – თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია. ინტელიგენტი ის არის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა პირიქით. ეს არამარტო ქართული, მსოფლიო გამოცდილებაა და მისი უარყოფა, რისი ნიშნებიც აშკარად ჩანს, ჩვენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს,  მეტად დაგვაპირისპირებს,  კიდევ უფრო მეტად წაართმევს გონებას პოლიტიკას, ქვეყნის მართვის სადავეებს ისევ ქუჩას და ქუჩის პოლიტიკოსებს დაუტოვებს.

გავიაზრეთ რა ყველაფერი, 200-მდე მეცნიერმა საზოგადოებასთან დათათბირებითა და თანამშრომლობით შევქმენით საქართველოს განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, გამოვეცით წიგნად, მის განვითარებად, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, მეფეთმეფის მიერ შექმნილი მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მივიღეთ პროგრამა: „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“. ყველა ეს დოკუმენტი განთავსებულია ინტერნეტსივრცეში, ჩვენსავე ვებ.გვერდზე: www.civilizebuli.ge , ხელმისაწვდომია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ორი წელი ვიმუშავეთ ამ საკითხებზე, არავინ შევაწუხეთ. მივყვებოდით სახელმწიფო მოღვაწეთა რჩევას: მთავარია, ხალხს და ქვეყანას დავანახოთ მომავლის პროგრამული ხედვა, გავუჩინოთ სურვილი ამ პროცესში მონაწილეობისა. სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი ორწლიანი მოღვაწეობაც და ის, რაც შევქმენით ამ ხნის განმავლობაში.

მიგვაჩნია, რომ თაობათა ერთიანობის, ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთიანობის გარეშე, მომავალი არ გვაქვს. ამ ანალიზებს თქვენ ზემოთნახსენებ კრებულებში ნახავთ დიდ ეკონომიკურ პროგრამებთან ერთად. ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ 8 თებერვალს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გავაგრძელეთ საფრანგეთში,  ლევილის ქართველთა მამულში. 40 ქვეყნის 85 ქალაქში კონგრესის სესიების ჩატარების შემდეგ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არჩეულ დელეგატთა მონაწილეობით, დავასრულებთ მომავალი წლის შემოდგომაზე –  ეროვნული ყრილობით, „მომავლის საქართველოს“ პროგრამის დამტკიცებით,“ სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ არჩევით.

ჩვენი დიდი სურვილია, ამ საშვილიშვილო პროცესში ყველანი ვიყოთ ჩართული. როგორც უწმიდესმა ბრძანა: ხალხიც, ეკლესიაც და ხელისუფლებაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ განსაკუთრებული წერილებით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ასეთივე წერილი  გადაეცემა უახლოეს პერიოდში  მმართველი პარტიის ლიდერს, ქველმოქმედსა და მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ იმაშიც შევთანხმდით, რომ საქართველოს ბიუჯეტს, ანუ ხალხის ფულს მეტი პატივისცემით უნდა ხარჯვა. სწორედ ამის დასტურად, ამ გრანდიოზული პროგრამის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე ვაპირებთ… ჩვენ უარს ვამბობთ უცხოურ  გრანტებზე მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ინტერესი გვამოძრავებს. არ გვინდა  პირდაპირ თუ ირიბად  რომელიმე გარე ძალის ინტერესთა გამტარებელი გავხდეთ. ფაქტია, დღემდე  უცხოური გრანტებით გაცილებით მეტი ანტიქართული კეთდება, ვიდრე ქართული. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ სუფთა და შიშველი ხელების მოძრაობაზე.

ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაუჩნდა იდეა შექმნილიყო  საზოგადოებრივი პროექტის: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარმდაჭერი  ფონდი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ იდეის ინიციატორები არიან არა მარტო საქართველოში მცხოვრები ცნობილი მეცნიერები და მოღვაწეები, არამედ ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულენი.

ფონდის შექმნის იდეას გაცხადებიდან ორი დღის განმავლობაში ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, სასიამოვნოა, რომ მათ შორის ბევრია ბიზნესმენი და წარმატებული მეწარმე, რამაც უდიდესი  სტიმული მოგვცა, რომ  ეს პროცესი დაგვეჩქარებინა.

ჩვენ ყველამ კაცურად და ადამიანურად ვთქვით: ყველამ უნდა გავიღოთ იმდენი, რისი შესაძლებლობაც რეალურად გაგვაჩნია და ამას ჩვენი სინდისი და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გვიკარნახებს. ამავე დროს, ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შემოსული თანხა ხალხის უმკაცრესი კონტროლით დაიხარჯება. ფონდებს, მით უფრო საქველმოქმედო ფონდებს, სამწუხაროდ, ცუდი ისტორია აქვთ საქართველოში. ჩვენი სურვილია, ურთიერთთანადგომით და ამ საქმესთან სინდისიერი ადამიანების დაკავშირებით შევძლოთ ნამდვილად მართალი და ჯანსაღი ისტორიის ფონდის შექმნა. ეს ხალხმა უნდა  იგრძნოს და დაინახოს, ამაში ურწმუნო თომაც კი უნდა დარწმუნდეს. ეს უნდა იყოს ხალხის ფონდი, ხალხის კონტროლით.

ამ პროცესმა შექმნა „მორალური გუნდი“ , რომელში გაწევრიანებაც შეუძლია ნებისმიერ ღირსეულ, ჭეშმარიტ მამულიშვილს, ვისთვისაც უპირველესია საქართველო, ქართული ეროვნულობის, ქართული კულტურისა და ისტორიის დაცვა. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, ვინც ქაოსისაკენ წაიყვანს ქვეყანას, ჩვენ ვართ გუნდი, ვინც ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც უპირველესია სამშობლო, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს საქართველოს დღევანდელი მძიმე ეკონომიურ-პოლიტიკური მდგომარეობა და პირად კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს სამშობლოს ინტერესებს.

„მორალური გუნდის“ წევრობა ნიშნავს შენი წვლილი შეიტანო სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად. შემოიკრიბო შენს ირგვლივ თანამოაზრეები, მონაწილეობა მიიღო „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნაში, „პიროვნებათა პარლამენტის“ ჩამოყალიბებაში, გახდე მართალი „ქართული TV“ – ს აქციონერი, აქტიური მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ პროგრამული ნაწილით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელებაში.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გუნდის თითოეული წევრი თავად ხდება პროცესის ხელმძღვანელი.

ვებ.ვერდზე განთავსდება ყოველთვიური ინფორმაცია და რაც მთავარია, მომდევნო წლის შემოდგომაზე, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ დასკვნით კონგრესზე, სპეციალურ წიგნად გამოვა სრული სია, თუ ვის მივმართეთ წერილობით, ვინ გამოეხმაურა მედიაში და ელექტრონულ სივრცეში გამოქვეყნებულ მიმართვას, ვინ რა შესწირა საზოგადოებრივი პროექტის, „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ მხარდამჭერ  ფონდს და რისი გაკეთება გახდა შესაძლებელი საერთო ძალისხმევით.

ამ პროგრამულ კრებულში შეგნებულად შევიტანეთ ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის „თამარ მეფე“ . აქ კარგად ჩანს ჩვენი ისტორიაც, რა გიგანტების მხრებზეც ვდგავართ და რა პასუხისმგებლობა გვეკისრება როგორც ჩვენი ისტორიის, ასევე დღევანდელობის და მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ და უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ამ წიგნში გამოქვეყნებული იმ სიტყვის გამო, რომელიც მეფე თამარმა წარმოთქვა მისი მეფედ კურთხევის დროს და რომლის მასშტაბებსა და სიღრმეს ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ ამას ყველა ენაზე ვთარგმნით. დარწმუნებული ვართ, ეს ასევე იქნება აღიარებული პროგრესული მსოფლიოს მიერ.

ჩვენ, მეცნიერები შევეცადეთ ამ წერილში გადმოგვეცა ის განწყობა, რომლითაც ჩატარდა კონგრესი გელათში; შევეცადეთ გულით, უდიდესი პასუხისმგებლობით და საერთო თანადგომის სურვილით, გვეთქვა სათქმელი… შეუძლებელს შევძლებთ ერთობით. ძალასაც გვაძლევს, რწმენასაც გვიძლიერებს და პასუხისმგებლობასაც, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვები, რომელიც მან ბრძანა, როცა გაეცნო ჩვენს პროგრამებს:

„რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება დღეს საქართველოს“.

უკეთესად ვერ იტყვი. მთავარია, ეს გაცნობიერდეს ხალხში, გაცნობიერდეს ხელისუფლებაში.

მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობილი მოქმედების დროა!

გვწამს და გვჯერა, ერთად ვიქნებით ამ მამულიშვილურ საქმეში.

 

პატივისცემით,

მეცნიერებათა დოქტორები:

 კობა კობალაძე   – ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ ფარესიშვილი -ფონდის  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ლუარა ნიჟარაძე -ფონდის  გენერალური დირექტორი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე – ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტი

 

მის. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 37(ა)

ვებ.გვერდი:www.civilizebuli.ge

e-mail: civilizebuli@gmail.com

ვაქვეყნებთ საზოგადოებრივი პროექტის – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც  შეეხიდება ამ დიდი ეროვნული განწყობის პროცესს.

ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002

 

პ.ს. წიგნების „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, ნახვა შეუძლია ყველას სოციალურ ქსელში (ფეისბუქგვერდზე), ვებ.გვერდზე www.civilizebuli.ge.  წიგნები უფასოდ დაურიგდება ყველა მსურველს ბოჭორიშვილის 37ა – ში.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *