მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ქუდზე კაცი საქართველოსთვის!
მეცნიერთა კონგრესის საინფორმაციო სამსახურის განცხადება

ტელეკომპანია “ქართული TV”- მ გუშინ, 9 ივლისს, მეორე დღესვე, ოპერატიულ რეჟიმში გადასცა სრული ვიდეოჩანაწერი დაძაბული შეხვედრისა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 8 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართა. თემა ეხებოდა ყველაზე მტკივნეულ და ყველაზე პრინციპულ საკითხს – ქართული მიწების გაყიდვა-გასხვისებას!
ვითვალისწინებთ, ერთის მხრივ, რომ დიდია ამ გადაცემის განმეორების ინტერესი და მეორე მხრივ, გვინდა რომ ყველა ოჯახმა ნახოს, ნახონ უცხოეთში ჩვენმა თანამემამულეებმა და ჩვენმა რეალურმა მეგობრებმა, ამიტომ ხვალ, პარასკევს, 11 ივლისს, 15:00 საათზე ორშაბათს, 14 ივლისს 15:00 საათზე და 1 სექტემბრამდე, ყოველ პარასკევს 15:00 საათზე, “მეცნიერთა კონგრესის” დროში “ქართულ TV” – ზე ნაჩვენები იქნება ეს გადაცემა, რომლის ყურებასაც, პირდაპირ ვიტყვით, რომ დიდი ძალა და ნებისყოფა სჭირდება.
აშკარაა, რომ რეალური მდგომარეობა თანამემამულეებს საკუთარი თავისა და ოჯახების გადასარჩენად, ბოლო პერიოდში კი, საკუთარი თავის რეალიზაციისთვის, აიძულებთ, რომ დატოვონ ღვთივკურთხეული მიწა და უცხოეთში გადაიხვეწონ. ეს კი აძლიერებს გარე ძალთა ინტერესს – დაესაკუთრონ ჩვენს მამულს. ანუ როგორც “მეცნიერთა კონგრესის” ანალიზი გვიჩვენებს: “მიწაზე ხალხის გარეშე, მოდიან ხალხები მიწის გარეშე!”
თქვენ ნახავთ და მოისმენთ შემაძრწუნებელ რეალობას, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს, მამულისათვის ბროლის ჟინით განგვაწყოს, ერთ მუშტად შეგვკრას ბრძენკაცნი და ხალხი, რომ დავიბრუნოთ ხელისუფლებებისა და პოლიტიკოსების მიერ ხალხისთვის წართმეული საქართველო და ხმამაღლა ვთქვათ: ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლებები და პოლიტიკოსები, რომ ეს უკანასკნელნი უფროსები კი არა, მსახურები არიან, გვემსახურონ და არა გვეუფროსონ!
რეალობა, მართლაც, მწარეა და გააზრებული ბრძოლის გარდა, გამოსავალიც არ არის.
თქვენ ნახავთ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში “მეცნიერთა კონგრესის” წევრების,მეცნიერების დოქტორების: ვაჟა ოთარაშვილის (მომხსენებელი) და დავით გალეგაშვილის (თანამომხსენებელი) მიერ წარმოდგენილი მოხსენების სრულ ვიდეოჩანაწერს, აკადემიკოსების პოზიციას და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის გაბედულ გადაწყვეტილებას.
გვახარებს, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ხდება ეროვნული განწყობის ძალთა შეკრების დიდი ცენტრი. გვწამს და გვჯერა, რომ ხელისუფლება შეისმენს იმ შემოძახილებს, რომლებიც მეცნიერებათა აკადემიიდან კეთდება ბოლო პერიოდში, რამეთუ ეს შემოძახილები სრულად გამოხატავს ხალხის განწყობას, ხალხში არსებულ რეალურ მდგომარეობას!
გვაწუხებს, რომ დღემდე მხოლოდ ტელეკომპანია “ქართული TV “ აღმოჩნდა ერთადერთი ტელევიზია, რომელიც სრულად გადასცემს აკადემიაში განხილვის ჩანაწერს. რა დიდი საქმე გაკეთდებოდა, რომ ყველა ტელევიზია შემოგვიერთდეს ამ განწყობაში!
როგორც არასდროს, დღესაა საჭირო ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობა მომავლის საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის!
ვუგუშაგოთ საქართველოს – ქუდზე კაცი საქართველოსთვის!
“მეცნიერთა კონგრესის” საინფორმაციო სამსახური
10.07.2025