ქართული ერთობის დარბაზი

მოქმედების მანიფესტი

ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო

 

ჩვენ, ქვემორე  ხელის მომწერნი, რომელთაც გვაერთიანებს დიდი ქართული მიზანი: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, ქართული დარბაზის“ სახელით, ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ დღეს ქვეყნისათვის უმთავრესია: ქართული აზროვნების დამკვიდრება, ყოველივე ქართულის დაცვა, ყოველივე ქართულის განვითარება.

ქართული“  – ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, ვინაიდან ის თავისი არსით, შინაგანი ბუნებით, შორს დგას როგორც კოსმოპოლიტიზმისაგან, ისე ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ნაციონალიზმისაგან.

დარბაზი“ – ნიშნავს ერთგულებას ფესვებისადმი და  მემკვიდრეობითობას ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინანდელი დარბაზის პრინციპებისადმი, რაც გახლდათ ღირსეული მცდელობა სახელმწიფო აზროვნებაში და მმართველობაში პარლამენტარიზმის დანერგვისა.

ჩვენ გვაერთიანებს ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული.

ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური მდგომარეობით… მაგრამ მთავარში – სამშობლოში – გვაქვს ერთობა და ერთნი ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქმედების საფუძველი იქნება სიყვარული.

ქართული დარბაზი“ გახლავთ საკრებულო იმ ადამიანთა, რომელთაც გული შესტკივათ ქართული აზროვნების გასაჭირის გამო. ის არ არის მხოლოდ საკუთრივ ქართველთა საფიქრალი და არ შემოიფარგლება ეთნიკური ქართველებით.

განა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა  – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?!

 

განა შეტევა ქართულ ეკლესიაზე, ქართულ ენაზე, ქართულ ტრადიციებზე, საერთოდ ქართულ კულტურაზე მისი ფართო გაგებით – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?!

განა ის, რომ საერთაშორისო მასშტაბით დღემდე არ განმტკიცებულა ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“; ის, რომ ანტიკური კოლხეთისა და ბრწყინვალე ივერიის მემკვიდრე საქართველო დღეს სხვადასხვა ენაზე ათასგვარად იწოდება, ვინაიდან ვერ შევძელით ქვეყნიერებისათვის გვემცნო და დაგვემკვიდრებინა სახელმწიფოს სახელწოდება ძირძველი ერის ენაზე, რაც არაერთმა ერმა თუ სახელმწიფომ მოახერხა – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?

განა ის, რომ დღემდე კონსტიტუციურად ვერ დავადგინეთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, რადგან არც ქართველს, არც აფხაზს არასოდეს  ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი, – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?

განა ის, რომ საქართველოს  საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ცალკეულ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?

განა ის, რომ ათწლეულებია, რეალურ კოლონიზატორს მეგობრად და მოჩვენებით ბელადს მხსნელად აღვიქვამთ – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?

განა ის, რაც ოც წელზე მეტია, უგულებელყოფილია: პროფესიონალიზმი, გამოცდილება, კეთილსინდისიერება, ქვეყნისადმი ერთგულება, შეცვლილია ხელისუფლებისადმი ერთგულებით და ქვეყანა იმართება ემოციით, სუბიექტური მოსაზრებებით, რომ სახელმწიფო არ არის ორიენტირებული ძლიერზე, რომ ამის შედეგად ქვეყანა აცდა ბუნებრივი განვითარების გზას და ევროპა – აზიის გზაჯვარედინზე მდებარე დიდი ისტორიის ქვეყნის ურთიერთობა გარე სამყაროსთან ერთვექტორული გახდა – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?

ყოველი აღნიშნული ჩვენი აზრით, გაპირობებულია ორი უმთავრესი პრობლემის არსებობით:

პირველი პრობლემა  ძირითადად  ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ,  ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას  და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს.   მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ  მეგობრებად.

მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებლობაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი,  ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…

გულის სითბოს და აზრის ნათელს ქართველთა, მზე – საქართველოს, აზროვნების გასაჭირის ავი ღრუბელი შემოხვევია და ძველებურად ვეღარ ანათებს, ვეღარ ათბობს, ვეღარ ბრწყინავს.

დღეს  „საქართველო  დაჭრილი მზეა“ !!!

 მიუხედავად  მცდელობისა, ქვეყანა  განვითარებულიყო  ცივილიზებულ  სამყაროში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად – ქვეყანაში სისტემურ კრიზისია.

ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი, დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახლმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ ძირითადად გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.

რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.

ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად   ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით.

ბოლო ოცი წლის მანძილზე, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.

ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში  ინტელექტუალური ადამიანებისა,  რომლებიც დიდი ხანია,  განერიდნენ  პოლიტიკას  და ამით ყველასხვას  მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში.  ჩვენ  არ  მოგვწონს  გზა, რომლითაც  ქვეყანა  მიდის 20 –ზე მეტი წელია.   ჩვენ  დარწმუნებულ  ვართ,  რომ საჭიროა  სისტემური  გარდაქმნები, რადგანაც უკვე  დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა  მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.

ინტელექტი  და  ბიზნესი – აი, ორი საყრდენი, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და რომელთა წყალობით უნდა მოხდეს საქართველოს სრული რეინტეგრაცია მსოფლიოს ერთა დიდ ოჯახში.

ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების  განსახორციელებლად სახელმწიფოს მმართველობის პროცესში  ის  ადამიანები უნდა შემოვიდნენ, რომელთა მეთოდია  მეცნიერული, სისტემური  მიდგომები ყველაფრის, მათ შორის რეფორმებისა და  გარდაქმნების  მიმართ.

ჩვენ  გვინდა,  რომ ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ  სამართლიანობის დადგენის უაზროდ გაჭიანურების ფონზე ჯიუტად გრძელდება ერის წინაშე დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისა და მასთან კოჰაბიტაციის რეჟიმი, რაც სულ უფრო ხელშესახებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობის“  მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებას.

ყოველ დროში, სახელმწიფო  კაცები, ერის მამა – დიდი  ილია ფიქრობდნენ  ისეთ საქართველოზე, სადაც  ქვეყანას მართავს  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება  ხელისუფლებას მართავს საზოგადოება  საზოგადოებას მართავს ინტელექტი  და ზნეობა. სწორედ ეს არის  მეცნიერული  და ეროვნულსახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის  საფუძვლები ჯერ კიდევ  ათი  საუკუნის  წინ  შექმნა დავით  აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

ქართული  სახელმწიფოებრიობის  30-საუკუნოვანი ისტორია  დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვიდექით  ცივილიზაციის  სათავეებთან  და მუდმივად  ვიყავით  ცივილიზაციის  მწვერვალზე.

მემკვიდრეობითობის  ამ ქართული განწყობიდან გამომდინარე, „ქართული დარბაზი“:

ერთი  მხრივ,  ეს არის – უფროსი  თაობის ანდერძი შემდგომი თაობებისადმი: „გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!“

მეორე  მხრივ, ახალგაზრდა თაობებისათვის, ეს არის ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების დაცვა-შენარჩუნება  გლობალიზაციის ურთულეს და უმძიმეს  პერიოდში.

 

ყველას კი გვაერთიანებს: საქართველო  უპირველეს ყოვლისა!

მოქმედების დროა! 

  

დოკუმენტი მიღებულია „ქართული დარბაზის“ დამფუძნებელთა შეკრებაზე 2014 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას.

 ხელმოწერა იწყება 2014 წლის 23 ნოემბერს და მთავრდება 2015 წლის 6 მაისს

გიორგობიდან-გიორგობამდე.

პირველ  ხელმოწერას აკეთებენ „ქართული დარბაზის“ კონგრესის მონაწილენი. ხელმოწერილი დოკუმენტი დაცული იქნება სახელმწიფო მუზეუმში.

 

 

Facebook Comments
4 (80%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *