"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიქართული ერთობის დარბაზი
მადლიანი კაცი
ფერდინანდ ლორთქიფანიძე იუბილარია

ისეთი დრო დადგა, როცა ადამიანზე რაღაცის თქმა გინდა, დიდი კონტროლი უნდა გაუწიო თავს, რომ გადაჭარბებულად არაფერი თქვა. მით უფრო საიუბილეო წელს.
ფერდინანდ ლორთქიფანიძე ის კაცია, რომ არ გჭირდება ასეთი კონტროლი. ყველა სიტყვის გამოყენება შეიძლება, რომელიც შენს ლექსიკონშია. „ზრდილი იმერი“ ტრადიციული და თანამედროვე ერთდროულად. დარბაისელი და ლამაზად ემოციური… გარეგნობა მომხიბლავი, ქართული, ისტორიულ თუ ლიტერატურულ გმირს რომ შეადარებ, ღმერთმა მოგვცეს გაჭირვებაშიც, ქეიფსა და ლხინშიც… ეს არის კაცი-დღესასწაული, გამორჩეული შინაგანი კულტურით. ყველგან ნახავ, სადაც ქართული სულია… ქართულ ჩოხას (ჩოხოსანთა წევრია) ის იმდენად წარსულში არ გადაჰყავს, რამდენადაც მომავალში. ყოველთვის იწვევს გაკვირვებას, რომ ის ერთდროულად ისტორიულ წარსულსაც გახსენებს და მოქმედებით მომავალში ცხოვრობს.
ტიტულები ბევრი აქვს… ყველაზე მთავარი ის არის, მადლიანი კაცია, რომ სიკეთის კაცია. მეგობრობით სავსე კაცია, ქვეყანაზე მოფიქრალი კაცია, ქეიფის კულტურის კაცია, ბრწყინვალე ოჯახი, ძლიერი სამეგობრო. მაინც კულტურისადა ხელოვნების კაცია. ბოლოს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მანამდე ზურაბ წერეთლის დიდ სამყაროში იყო, კიდევ უფრო სიღრმეში სამხატვრო ფონდს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, საქართველოს წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო – ეკონომიკურ სივრცეში.
ის იყო და რჩება დიდი მამულიშვილების მიერ შექმნილ „ქართული ერთობის დარბაზის“ საყრდენ კაცად. საზოგადო მოღვაწეებთან და მეცნიერებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შექმნაში. არის ამ კონცეფციის მხარდამჭერი ფონდის დამფუძნებელი. არ ღალატობს მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძისთვის მიცემულ სიტყვას და კაცურად დგას ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს გვერდით. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სულიერი შვილია და 85 წლის ფერდინანდ ლორთქიფანიძე რაინდივით, მეტიც, ბიჭივით დგას ჩოხოსნებთან ერთად პატრიარქის სულიერ გარემოცვაში.
ფერდინანდ ლორთქიფანიძე არის კაცი, რომლის მიმართაც სიყვარულია ოჯახშიც, მეგობრებშიც, მეზობლებშიც, ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, აფხაზებს, ოსებს, საერთოდ, საქართველოში მცხოვრებ ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა შორის… განსაკუთრებით, ლამაზ ქალბატონებში.
მრავალჟმიერ ფერდინანდ ლორთქიფანიძეს! კაცს და მამულიშვილს! ერთი სიტყვით ა, კაცი!
შენი მეგობრები:
ქართული ერთობის დარბაზი
მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისთვის
პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი
„ქართულ-აფხაზური“ და „ ქართულ – ოსური“ მისია
“ქართული TV”


