სლაიდერი

საიუბილეო გამოხმაურება თეიმურაზ ლანჩავას ესეიზე „მე ქუთაისში ვცხოვრობ“

კარგია… ძარღვიანად ნათქვამია, ბატონო თემურ!
ქუთაისს ისტორია და ადამიანები ალამაზებენ. მწერლები – განსაკუთრებით…
დაბადებიდან ვიცი ერთი:
ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს… დღეს ქუთაისში არ ვიცნობ ერთსაც კი, რომ არ მიყვარდეს და ეს მაშინ.როცა ვიცნობ არაერთს, ვისაც ვძულვარ, ვლოცულობ, რომ კარგად იყვნენ…
ქუთაისმა, ოჯახმა, მასწავლებლებმა თქვენ – მწერლებმა მასწავლეთ მთავარი, რომელიც დიდი კაცის, ხელოვანის, ფილოსოფოსის, მწერლის, გივი ბრეგაძის სალონმა ბრწყინვალე წესად გამოაკრისტალა.
სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ. სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ!
მასწავლა ბრწყინვალე პოეტმა ტარიელ ჩარქსელიანმა
„მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს
მაგრამ ერც ერთთანჭამო სირცხვილი!“
ოოო რა სიბრძნეა, თანაც ქართული, ბიბლიური!
„ქუთაისი ფილოსოფიური სიმაღლეა, მადლობა მას, ამ სიმაღლეზე რომ ამომიყვანა!“
ეს სიტყვები პარიზში ითქვა, იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეების გახსნისას!
სწორედ ჩემი იმ სიტყვით აღფრთოვანებულმა ლეგენდა კაცმა, ოთარ მამფორიამ, ლექსი დამიწერა:
„იუნესკოს სიტყვა სტყორცნე
რუსთაველის შესადარი…
ფრედერიკო მაიორთან
კი ყოფილხარ გენერალი!“
ქუთაისი იყო და არის დიდი ეროვნული მისიის და მუხტის მატარებელი…
მეოცე საუკუნის დასაწყისებში გაქართულებით გდაარჩინა საქართველო…
21-ს დასაწყისშიც ეს პრობლემა უდგას უკვე მთელ საქართველოს. ჩვენ მრავალტანჯულ, მაგრამ დიდი მომავლის საქართველოს!
შემოვძახოთ სიყვარულის ეს სიტყვა ქუთაისიდან… დაიწყეთ მწერლებმა! მიგულეთ რიგით ჯარისკაცად ამ დიდ ქართულ პროცესში!
დავით აღმაშენებლის საფლავთან ხომ ითქვა მომავლის საქართველოს სიტყვა
ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე – ძლიერი საქართველო!
რა არის ქუთაისის სიძლიერე?
სიყვარულით ამაღლება… ის, რომ ქუთაისი სიყვარულის ქალაქია… ქეიფის კი არა, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ და სწორედ სიყვარულის და ერთიც, რაც მოაზროვნე ადამიანებში გაცნობიერდა, ქუთაისი მაშინ ქეიფობს, როცა სიყვარულით ცხოვრობს!
რეალობა როგორია?
კარგად ამბობს ჭაბუა ამირეჯიბი, სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტად შეკრული! აქედან ამოდის მოქმედების და აზროვნების დინებაც. ერთ მუშტად შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად!
როგორ?
საუთარ თავში ყვარყვარე,მეჯრანუაშვილი, ლუარსაბ თათქარიძე, ტარიელ მკლავაძე მოვკლათ. მოვკლათ შექსპირის იაგოც და ვეძებოთ ,ვაცოცხლოთ დათა თუთაშხია!
დიახ, დიახ, ყველამ უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში ძალა, ვიყოთ დიდგორის მხედარი, 301-ე არაგველი, ხერხეულიძეთა მეათე ძმა!
ძნელია? დიახ! მაგრამ გავიხსენოთ, რა გვითხრა მამა გიორგიმ და ეს სიტყვები ამოკვეთილია მის საფლავზე: „ქართველობა ძნელია,მაგრამ აუცილებელი!“ჩვენ ხომ სკოლაში ამას გვასწავლიდნენ.
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი! (რუსთაველი)
„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.
ჩვენ ხომ ზეპირად ვიცოდით და ვიცით:
„მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი!..
(ბრწყინვალე გაგრძელებით)
(დუტუ მეგრელი)
„სამშობლო დედის ძუძუი
არ გაიცვლების სხვაზედა
როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა,
უკვდევებისა ხეზედა
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“
გვასწავლიდნენ, აღარ ასწავლიან…
ჩვენ ვითმენთ! არ უნდა მოვითმინოთ!
ეს არ არის ვიწრო და ურა პატრიოტიზმი! ეს საქართველოს მისიაა!
ნახეთ, რას ამბობს გერმანელი მეცნიერი „კაცობრიობას ჰყავდა სამი ხალხი, რომელთაც კოსმიური სიყვარული ახასიათებდათ… ესენი იყვნენ ფინიკიელები, შუმერები, ქართველები… აქედან ორი აღარ არის… ამიტომ კაცობრიობამ დღეს ქართველებისაგან უნდა ისწავლოს კოსმიური (ერთიანი სამყარო) სიყვარული!
გახსოვს, ბატონო თემურ? ერთად ამოვიკითხეთ პლატონის მიერ გამოყენებული უნიკალური გამოთქმა.
„სამყარო დიდზე დიდი რამ არის და ჩვენ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ, ფაზისიდან – ჰერაკლეს სვეტებამდე!“
ფაზისი – მდინარე რიონია, ჰერაკლეს სვეტები – გიბრალტარის სრუტე!
ჩვენ ხომ მეფე გვყავდა – აღმაშენებელი, რომელმაც ცხრა საუკუნის დიახ, ცხრა საუკუნის წინ, დიდგორის ომით , ევროპა, დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა… მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები მოკრიბა გელათში.. დააარსა გელათის მეცნიერებათა აკადემია, შექმნა კოსმოსის შესწავლის უნიკალური სისტემა!
უამრავი რამის გახსენება შეგვიძლია…
მოკლედ, ამაფორიაქა თქვენმა წერილმა, თემურ ბატონო, წარსულში კი არა, მომავალში გადამაგდო… ამ წერილს ვწერ იმ სახლში, სადაც გალაქტიონმა დაწერა „მთაწმინდის მთვარე“…
აქედან ჩანს მამა დავითიც და სამების ტაძარიც…
ბედნიერებაა! მით უფრო, როცა იცი და გწამს მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცხოვრობდეთ… როცა იცი და გწამს, რომ ჩვენ ბედნიერებით სავსე საქართველოში უნდა ვცხოვრობდეთ!
როგორც ერის მამა, ილია ჭავჭავაძე იტყოდა, პოეზია მადლია, ნიჭი და მძიმე ტვირთია…
მცირედი პერეფრაზით ნათქვამი ამ სიტყვების მნიშვნელობა იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა რა ბედნიერია ქვეყანა, სადაც მწერლობას ეს სიმაღლე აქვს. სადაც მწერლებს გაცნობიერებული აქვთ ეს და ღმერთთან იმისათვს ლაპარაკობენ, რომ ერს წარუძღვნენ…
გაზაფხული შემოსულა, ლენ!“ ვიხსენებ წლების წინანდელ ჩვენს საუბარს, დასტამბულს ლიტერატურულ გაზეთ „უქიმერიონში“…
იქნებ სწორედ გაზაფხულზე უნდა გაკეთდეს დიდი ქართული შემოძახილი ქუთაისიდან…
წინ ქუთაისის მაისობის ტრადიციული დღეები და დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად დიდ ენერგიას კრებს…
მანამდე აპრილში, დიდი პოეტური დღეებია.. ეჭვი არ მეპარბა, რომ თქვენი 75 წლის იუბილეც ბევრს მოკრებს. მთელი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ, თბილისიც შეგვკრებს და ვიფიქროთ დიდ ქართულ შემოძახილზე, ქართულ დოქტრინაზე!
ევალება ეს ქუთაისს… ეკისრება ეს სამწერლო ორგანიზაციას… შეუძლია ეს ქუთაისს… შეგიძლიათ ეს მწერლებს!
დავდგეთ საქართველოსთვის! ვუგუშაგოთ სამშობლოს!

თეიმურაზ შაშიშვილი
გაზეთი “უქიმერიონი” N3 2022 წელი

მეცნიერთა კონგრესის წევრის, თეიმურაზ შაშიაშვილის ეს წერილი, გაზეთ |უქიმერიონის” 2022 წლის N3 ნომერში გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდით გაზეთს უქიმერიონს ამოწოდებისათვის და ჩვენს ვებ.გვერდზე სრულად ვაქვეყნებთ სამშობლოსადმი და მშობლიური ქალაქისა და ქვეყნისადმი უდიდესი სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილ ამ ფილოსოფიურ წერილს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *