"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ბევრი რამის გაკეთება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

საქართველოს პრეზიდენტს მის აღმატებულებას, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

 

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრეზიდენტო,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და საზოგადოებრივი პროექტის: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერთა „მორალური გუნდის“ და მხარდამჭერი ფონდის სახელით, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

მაქვს პატივი, სწორედ ამ დღეს – ცრემლნარევი სიხარულის დღეს, გადმოგცეთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილი კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში გამართული კონგრესის გადაწყვეტილებათა კრებული „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“. ნიშანდობლივია, რომ სწორედ დღეს გადმოგცემთ „ხალხის წერილს ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომელსაც 14 500-მდე თანამემამულემ მოაწერა ხელი. ამ წერილს შემოუერთდა სწორედ ის ხალხი, ვინც დიდი სიხარულითა და აღტკინებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ოცნებობდა გაბრწყინებულ საქართველოზე; შემოუერთდა ის ხალხი, ვინც გაჭირვებისა და დამცირების მიუხედავად, მაინც იმედით ცხოვრობს, ფიქრობს სამშობლოსა და მის მომავალზე… ეს პროცესი გრძელდება და ამ წერილს უერთდება ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – აღარ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომლის ყველა ხელისუფლება 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, თვითკმაყოფილია და ოპოზიცია გაბოროტებული.

განსხვავებით პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების და მათ ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფებისა, ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს და ეს დადასტურებულია მეცნიერთა დასკვნით, რომ ჩვენს სამშობლოს დიდი მომავალი ექნება, როცა შედგება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს წევრთა მიმართვა: „ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა“, რომელიც გამოქვეყნებულია ამ კრებულში და რაოდენ სამწუხაროა, რომ ორი წლის წინანდელი ეს მიმართვა დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული.

თქვენო აღმატებულებავ,
მეცნიერთა იმ ჯგუფისთვის, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც შეიქმნა ეს პროგრამები, პრინციპული მნიშვნელობა აქვს სწორედ თქვენთვის მათ გადმოცემას. ეს ეყრდნობა უპირველესად იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, კონსტიტუცია იცავს როგორც ქვეყნის ინტერესებს, ასევე თითოეული მისი მოქალაქის უფლებებს და თუ რამეა დღეს დარღვეული ჩვენ სამშობლოში, სწორედ ადამიანის უფლებები. ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საარსებო მინიმუმი, ამ უკანასკნელის ქვეყანაში დამკვიდრებული მეთოდოლოგიის მიხედვითაც კი და თუ საარსებო კალათის განსაზღვრის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ მეთოდოლოგიას დავეყრდნობით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს.

თქვენთვის ამ წერილების გადმოცემა, ჩვენთვის იმ თვალსაზრისითაც არის პრინციპული, რომ რეალურად დაუცველია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური უფლებები – ისინი ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უფრო მეტიც, ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში არ აქვთ იმასთან მიახლოებული უფლებებიც კი, რაც ჩვენ კანონმდებლობით მივანიჭეთ იგივე ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში.

ქვეყანაში მცხოვრებთათვისაც მტანჯველი გახდა საბანკო სისტემა, სესხების აღების კაბალური პირობები. მეცნიერთა დიდი ჯგუფი იმასაც ამტკიცებს, რომ ბანკების უმრავლესობა და უპირველესად, პენსიონერთა, პედაგოგთა, ექიმთა მომსახურე ბანკები, წარმოუდგენლად მდიდრდებიან, სწორედ პენსიონერების და დაქირავებული მუშახელის ხარჯზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის მთელი ავლადიდება ქონების სახით, პრაქტიკულად ბანკების ხელშია გადასული.

დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილების პიროვნებაში ეჭვს არ იწვევს ის, რომ ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისთვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები, სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა.

სამწუხაროა და მიჭირს კიდეც იმის თქმა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში სჭარბობს პოზიცია, რომ ხელისუფლებისთვის წერილის გაგზავნას აზრი არ აქვს. მოსახლეობის ამ განწყობას აქვს საფუძველი: უყურადღებოდ დარჩა ხელისუფლების უპირველეს პირთათვის გაგზავნილი არაერთი სერიოზული მოსაზრება თუ პროგრამული წერილი.

მეცნიერთა პოზიცია ურყევია – მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, რომ თანამშრომლობა სიძლიერის ნიშანია, დაპირისპირება კი სისუსტის. სწორედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის იდეას ემსახურება როგორც „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარების იდეა, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე. ჩვენი ისტორიაც ამას ეყრდნობოდა და ამის მაგალითი დავით აღმაშენებელმა მოგვცა. ამ წინადადებას მეცნიერთა დიდი მხარდაჭერა აქვს და შეტანილია კიდეც პროგრამულ დოკუმენტებში.
თქვენო აღმატებულებავ,

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის-ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პატრონაჟით მეცნიერთა მიერ შექმნილ ამ პროგრამებს ფართო განხილვა მოყვება თქვენს ადმინისტრაციაში და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ბევრი რამის გაკეთება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
თეიმურაზ შაშიაშვილი
9 აპრილი, 2019 წელი

შემსრულებელი: ირინა ჯიბლაძე (595 41 27 72)
e.mail.:civilizebuli@gmail.com

იხ. ხალხის წერილი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *