მეცნიერთა კონგრესიპოზიციასლაიდერი
თემურ შაშიაშვილი: მე ასე ვფიქრობ. ეს არის ჩემი პოზიცია — დაფიქრების, განხილვისა და განსჯისთვის!

რა დრო დაგვიდგა — ყალბი და თვითმარქვია პატრიოტები ნამდვილ პატრიოტებს იჭერენ!
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს დიტო ჩუბინიძე — მეცნიერებათა დოქტორი, ნიჭიერი ჟურნალისტი და, რაც მთავარია, ეროვნული კაცი — თავისი ცხოვრების წესით, ოჯახითა და ფესვებით!
ვერ წარმოვიდგენდი, თუ მონაზე საშიში ვინმე იქნებოდა… არადა, თურმე ყოფილა — მდიდარი მონა!
კიდევ უფრო საშიში კი ქვეყნისა და ხალხისთვის მდიდარი მონების ხელისუფლებაა — ხელისუფლება, რომელიც თავისუფლებას პირად კეთილდღეობას სწირავს, ხოლო სახელმწიფოს საკუთარ საკუთრებად მიიჩნევს!
ისტორიულად, მონას დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა ბევრი არაფერი ჰქონდა და ამიტომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში პროგრესის ძალად შეიძლებოდა ქცეულიყო. მდიდარ მონას კი ბევრი რამ აქვს დასაკარგი. მას თავისუფლებაზე მეტად საკუთარი სიმდიდრისა და გავლენის შენარჩუნება ადარდებს. გადარჩენის გზას დიქტატურაში ხედავს და, შედეგად, პროგრესის მუხრუჭად იქცევა.
დიქტატურა ერთ დღეში არ ყალიბდება.
იგი ეყრდნობა პოლიტიზებულ და რეპრესიულ ძალოვან სტრუქტურებს, მოსყიდულ ინტელიგენციას, კომპრომეტირებულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უხერხემლო ოპოზიციას, გაჭირვებითა და შიშით დაუძლურებული ხალხის მოთმინებას და სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ხელისუფლების ჯიბის ფულად ქცეულა — ანუ ხალხის ფულს, რომელიც ხალხისავე ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება!
საქართველოში ეს ყველაფერი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს — იმდენად, რომ ბევრი რამ ზედაპირზე დევს და დანახვას აღარაფერი სჭირდება.
სწორედ ასეთ პირობებში ხდება შესაძლებელი უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე!
რატომ ხდება ასე?
● 1991–1992 წლების სისხლიანი დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას ხშირად გონებაზე მეტად ემოცია, ქუჩა და ფული მართავს. შედეგად, პოლიტიკურ ასპარეზზე უპირატესობას ხშირად ისინი იკავებენ, ვისთვისაც ძალაუფლება და ფული მიზანია და არა ქვეყნის სამსახურის საშუალება.
● ემოციას, ფულსა და ქუჩის პოლიტიკას ხელისუფლებაში რევანშისტული ძალები მოჰყავს — ისინი, ვინც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებაზეა ორიენტირებული, ხოლო ქვეყნის გარეთ ისეთ ვალდებულებებს იღებს, რომელთა ნამდვილ ფასსაც საზოგადოებას ყოველთვის არ უმხელს.
● „სტოკჰოლმის სინდრომი“ შეგვეყარა! ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მსხვერპლს მოძალადის მიმართ სიმპათია უჩნდება — იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის თავისუფლებას ზღუდავს. საზოგადოებაშიც შეიძლება გაჩნდეს მსგავსი დამოკიდებულება: ადამიანები ეჩვევიან უსამართლობას, ეგუებიან შეზღუდვებს და საბოლოოდ იმ ძალის დაცვას იწყებენ, რომელიც მათ თავისუფლებას ართმევს.
● დაგვაჯერეს, სამწუხაროდ, დაგვაჯერეს, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა!
მაგრამ მშვიდობა, რომელიც თავისუფლების დათმობის, ღირსების შელახვისა და უსამართლობასთან შეგუების ფასად მიიღწევა, ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება.
ეს მხოლოდ დემოკრატიის საწინააღმდეგო კი არა, ადამიანის სულიერი ღირსების საკითხიცაა!
ქრისტიანული მოძღვრებაც გვახსენებს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ამიტომ თავისუფლების დაცვა და ადამიანის მონობისგან გათავისუფლება ჩვენი სარწმუნოებრივი და ზნეობრივი პასუხისმგებლობის ნაწილიცაა.
თავისუფლება მშვიდობის მტერი არ არის — თავისუფლება ღირსეული მშვიდობის საფუძველია!
რა გვაკლია დღეს საქართველოში?
პირდაპირ ვთქვათ, დღეს საქართველოში დიდი დეფიციტია:
● კაცების — ილიასეული გაგებით!
● რაინდი პოლიტიკოსების — შოთასეული გაგებით!
● თვალახელილი ადამიანების — ვაჟასეული გაგებით!
გვაკლია ადამიანები, რომელთათვისაც ღირსება თანამდებობაზე მაღლა დგას, სამშობლო პირად კეთილდღეობაზე მაღლა, ხოლო სიმართლე — პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა.
სწორედ ასეთ კაცებს, რაინდ პოლიტიკოსებსა და თვალახელილ მოქალაქეებს შეუძლიათ, პოლიტიკოსებს ძალაუფლების უზურპირების შესაძლებლობა წაართვან და ქვეყანა ხალხს დაუბრუნონ!
ეს მხოლოდ პოლიტიკური სურვილი არ არის — ეს სახელმწიფოს ჯანსაღი განვითარების აუცილებელი პირობაა.
ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი, მისი ზნეობრივი სიმტკიცე და ბრძენი ადამიანები არიან და არა თვითმარქვია პატრიოტები, ფულით გაძლიერებული პოლიტიკოსები თუ სხვის ნებაზე დამოკიდებული ხელისუფალნი!
სახელმწიფო არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება. იგი ხალხის საერთო სახლია, რომლის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა.
პოლიტიკური დიდგორი გვაქვს მოსაგები!
საქართველოს გადასარჩენად პოლიტიკური დიდგორი გვაქვს მოსაგები!
მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბრძოლა ვინმეს წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად ფიქრობს.
ეს უნდა იყოს ბრძოლა სამშობლოსთვის!
ბრძოლა თავისუფლებისთვის და ადამიანის ღირსებისთვის!
ბრძოლა სიყალბის, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ!
ბრძოლა სახელმწიფოსთვის, სადაც კანონი ყველასთვის ერთია, ხელისუფლება ხალხს ემსახურება და პატრიოტიზმი სიტყვებით კი არა, საქმით იზომება.
ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში სიმართლე შიშზე ძლიერი იყოს, ღირსება — ფულზე, ხოლო მოქალაქე — ხელისუფლების ნებაზე თავისუფალი!
ჩვენ არ გვჭირდება ახალი ბატონები. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ქვეყანა, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და საკუთარი ღირსების შეგნებული ხალხი.
ვუგუშაგოთ საქართველოს!
ვუგუშაგოთ თავისუფლებას, სიმართლესა და ეროვნულ ღირსებას!
ეს არის ჩემი პოზიცია — დაფიქრების, განხილვისა და განსჯისთვის!



