პროექტები
ოცდამეერთე – საჭიროა: ·ეროვნული დოქტრინა; სამხედრო დოქტრინა, სასურსათო უზრუნველყოფის დოქტრინა, ენერგეტიკული უსაფრთხოების დოქტრინა, მეწარმეობისა და მეწარმეთა დაცვის დოქტრინა, ქვეყნის ურბანიზაციის დოქტრინა. დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების საყოველთაო პროგრამა…
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ველური საბაზრო პრინციპების ქვეყანაში. ქვეყნის და ხალხის სიმდიდრისადმი დამოკიდებულების გაუაზრებელმა სისტემებმა, დაწყებული ნულოვანი აუქციონებით და დამთავრებული ნედლეულის ბიზნესით, დაანგრია არა მარტო ეკონომიკა და გააჩანაგა არა მარტო სოფელი, არამედ ჯართად აქცია სამუშაო ადგილები (ნედლეულის გატანით და მზა პროდუქციის წარმოუდენლად დიდი იმპორტით, საუშაო ადგილებს ვქმნით ქვეყნის გარეთ), გაამდიდრა ერთეულები (ძირითადად, სახელისუფლებო წრეებიდან), გააღატაკა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა , გააძლიერა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და უცხოელთა მიგრაცია, წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა სტუდენტ -ახალგაზრდობას, ბრძოლა გამოუცხადა ზნეობრივ ავტორიტეტებს. რაც განსაკუთრებულად მძიმეა, დააზიანა ქართული სული და ქართული ცნობიერება. რეალურად, არც განათლება და არც ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარაა. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული კინოც დავიწყებას მიეცა ქართული ეკრანი მდარე ხარისხის, ანტიქართული ცნობიერების ფილმებსა და ლიტერატურას უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ საჭიროდ ვთვლით:
- სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა ქართული ფილმების ჩვენების, თეატრებსა და კინოთეატრებში მოსწავლე ახალგაზრდობის დასწრების , საბავშვო ბაღებსა და სკოლის პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული სიმღერის, ცეკვის, ხატვის , მუსიკის სწავლების დაფინანსების
- სწავლება მოსწავლისა და სტუდენტისთვის უნდა იყოს უფასო. უნდა ვაღიაროთ, რომ სწავლების გადასახადზე მიბმამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა სწავლების ხარისხსაც და ახალგაზრდობის ჯანმრთელობასაც. განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ჩვენ ვთვლით, რომ საბავშვო ბაღები, სწავლება მოსწავლისა და სტუდენტისთვის უნდა იყოს უფასო, ან უკიდურეს შემთხვევაში სტუდენტი უნდა იხდიდეს სწავლის ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტს, დანარჩენს კი, იხდიდეს ეტაპობრივად მუშაობის დაწყების შემდგომ, თუ მისი ხელფასი საარსებო კალათის ღირებულებაზე მეტი იქნება, ანუ ისე, როგორც ეს არის იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებებს ელემენტარული პასუხისმგებლობა გააჩნიათ განათლების და საერთოდ, მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე.
- განათლება არის ქვეყნის N1 პრიორიტეტი. კონსტიტუციურად უნდა დადასტურდეს, რომ განათლება არის ქვეყნის N1 პრიორიტეტი და ვიწყებთ მუშაობას განათლების ახალ კანონზე, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს მსოფლიო გამოცდილებას.
- ნაციის ჯანმრთელობის შესახებ. შემოღებული იქნას ყოველწლიური აუცილებელი დისპანსერიზაცია და მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად დაფინანსება; ჩვენ უნდა შევისწავლოთ აშშ – სა და ევროპის წარმატებული ქვეყნების გამოცდილება ე.წ.„კვების ბანკების“ შექმნის შესახებ და საქართველოს პოტენციალის გათვალისწინებით დავნერგოთ;
ჩვენ პრინციპულად ვთვლით მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების დამკვიდრებას, რომ ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიურად უნდა წარსდგეს მოსახლეობის წინაშე სპეციფიური ეროვნული მოხსენებით (ე.წ. „თეთრი წიგნი“). ნაციის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც ერთის მხრივ, ხაზგასმული იქნება ადამიანის, როგორც ქვეყნის ძირითადი რესურსის (ცოდნის, პროფესიული ჩვევების, გამოცდილების, შემოქმედებითი უნარის მატარებლის) და მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის ინტერსექტორალური პრობლემები (გარემო, კვების უსაფრთხოება, თამბაქოს, ალკოჰოლის, ფსიქოაქტივობის საშუალებების მოხმარება და ა.შ.); და აქვე უნდა მტკიცდებოდეს პროგრამა მოსახლეობისათვის იმუნიტეტის გაძლიერების თვალსაზრისით.
- ეროვნული ეკონომიკის დაცვა – კონკურენტული გარემო იქნება იმის გარანტი, რომ მეწარმეს არ დასჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის „ყიდვა“. შემოღებული იქნება მეწარმეთა დაცვის ის სისტემა, რომელიც დღეს წარმატებულად მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სამამულო ბაზრის დაცვის მიზნით შეიცვლება საბაჟო- საგადასახადო სისტემა. ის, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს და ვინმეს გააქვს ქვეყნის გარეთ, გადასახადი ნულთან მიახლოებული იქნება, რაც არ გვაქვს და ვინმეს გააქვს – გადასახადი იქნება მძიმე, რაც ჭარბად გვაქვს და მისი ანალოგი ვინმეს გარედან შემოაქვს – გადასახადი იქნება გაზრდილი, ხოლო რაც არ გვაქვს და ვინმეს შემოაქვს – გადასახადი ნულისკენ იქნება. მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა იქნება დაუბეგრავი. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული არა ინვესტიციებზე, არამედ დაბალსაკრედიტო სისტემაზე ისე, როგორც ეს არის აშშ-ში. გაუქმდება დღგ – ს გადასახადი და აშშ-ის მსგავსად შემღებული იქნება ვაჭრობის მოსაკრებელი. საერთოდ, სამეწარმეო სფერო აშშ-ს გამოცდილების შესაბამისად იქნება წახალისებული.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უდიდეს შეცდომად ვთვლით რომ დღემდე არ არის შემუშავებული ეროვნული დოქტრინა., სამხედრო დოქტრინა, სასურსათო უზრუნველყოფის დოქტრინა, ენერგეტიკული უსაფრთხოების დოქტრინა, მეწარმეობისა და მეწარმეთა დაცვის დოქტრინა, ქვეყნის ურბანიზაციის დოქტრინა, დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების საყოველთაო პროგრამა...
- ... ჩვენ ვთვლით, რომ მეცნიერების მიერ ჩვენი წარსულისა და რეალობის, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა დავიწყოთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე მუშაობა. ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა ჯგუფის წინადადებას, რომ დავიწყოთ საერთო-სახალხო მოძრაობა – „საქართველო ნასოფლარის გარეშე“ – ეს იქნება დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამა. დრო არ უნდა დავკარგოთ, სასწრაფოდ უნდა გავიაზროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობათა გათვალისწინებით. მეცნიერების მოსაზრებები უნდა მოისმინოს საქართველოს პარლამენტის დახურულმა სხდომამ. ჩვენ უნდა შევძლოთ პირდაპირი დიალოგის გამართვა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ობიექტურს გახდის როგორც ექსპერტულ საქმიანობას, ასევე შეფასებით სისტემას და გააძლიერებს მეცნიერების როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით: საქართველოს უნივერსიტეტების იმ სამეცნიერო დანაყოფებს, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხის მინიჭების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭოთ სახელმწიფო ექსპერტის ფუნქცია.