პროექტებისლაიდერი

მიმართვა ხელისუფლებას გელათიდან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კედლებიდან

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დეპუტატებო, ბატონო მთავრობის წევრებო!

“მეცნიერთა კონგრესმა” შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ბატალიებისა, არ იქცა მხარედ, არ შეუერთდა ოპოზიციას ქმედებებში – “ყველა ერთის წინააღმდეგ”, არც ხელისუფლებისგან წამოსული დაპირისპირების პოზიცია გაიზიარა. იყო და რჩება ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამომხატველ ინტელექტუალურ ძალად, რომელსაც მიაჩნია, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ბრძოლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნისადმი ერთგულებით ბრძოლას. ჩვენ ვთვლით, სისტემური ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა მინიმუმ, სამი რამ:

პირველი – ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუკერძოებელი და ობიექტური ანალიზი გაკეთებული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ;

მეორე – ქვეყნის ინვენტარიზაცია, ანუ ქვეყნის შესაძლებლობათა ანალიზი;

მესამე – მოქმედების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამა: ამ მდგომარეობის ქვეყანაში, თუ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში მისი პოტენციალი.

ჩვენ ერთიც გვაქვს, მეორეც და მესამეც. მაგრამ არ ვთვლით, რომ ისინი სრულყოფილია და უკეთესის გაკეთება არ შეიძლება, ეს გამოკვეთილად ვთქვით, გასული წლის ივნისში, დიდ კონფერენციაზე, რომელსაც წარვუდგინეთ 800-გვერდიანი კვლევა “საქართველოს სიმდიდრეები – საქართველოს ინტეგრალური რესურსები” ამ დოკუმენტმა მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, სრულიად უყურადღებოდ დატოვეთ ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ყველა რგოლს პატივისცემით გამოგიგზავნეთ ეს უნიკალური დოკუმენტი.

დავივიწყოთ ურთიერთპრეტენზიები და ვიფიქროთ მომავალზე. დავიწყოთ, როგორც თქვენ თვითონაც გაიმეორეთ, ჩვენს მიერ 20 წლის წინ შემოთავაზებული წინადადება: “დავიწყოთ აკადემიური, დინჯი საუბარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით”. ჩვენ გთავაზობთ დიდ კონფერენციას და საჯარო საუბარს მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით. ის უნდა შედგეს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის (სოფლის გამგებლით დაწყებული, პრემიერ-მინისტრით და პრეზიდენტით დამთავრებული, საკრებულოების წევრებით დაწყებული, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებით დამთავრებული), ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის (დოქტორანტით დაწყებული, აკადემიკოსით დამთავრებული), პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის საშუალებების მონაწილეობით.
ამ უნიკალურ საჯარო შეხვედრაზე წარმოადგინეთ თქვენი ხედვა. სასურველი იქნება, რომ თავისი ხედვა წარმოადგინოს მეცნიერებათა აკადემიამ, გვინდა ვიფიქროთ, რომ მიიღებთ ჩვენს წინადადებას, რომ “მეცნიერთა კონგრესმა” წარმოადგინოს თავისი ხედვა. ყველას მიეცეს საშუალება, წარმოადგინონ პროგრამული დოკუმენტები. ეს უნიკალური მოვლენა იქნება და არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. რა გვაქვს დასამალი ხალხისთვის? ყველას ექნება საშუალება, გააკეთოს დასკვნა, ვინ როგორ ხედას ქვეყნის მომავალს! შეხვედრა დავამთავროთ იმით, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით, შეიქმნას დიდი ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს წარმოდგენილ მოსაზრებებსა და წინადადებებს და წარმოადგენს ქვეყნის მომავლის პროგრამას. გავხადოთ ის ცნობილი საზოგადოებისთვის და საბოლოო დოკუმენტი წარვუდგენოთ დასამტკიცებლად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთ მიდგომას შეუძლია დაასრულოს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა, დაასრულოს ქუჩის რევოლუციები და დაიწყოს ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის მიზანი იქნება ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში.
გთხოვთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მთავრობის წევრებო, ბატონო დეპუტატებო, განიხილოთ ჩვენი წინადადება. ჩვენ, “მეცნიერთა კონგრესი” გთავაზობთ ხელისუფლებას საჯარო დისკუსიას ამ წინადადებასთან დაკავშირებით.
ამ წინადადების უარყოფას არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს, ისე როგორც არ გვაპატია ოცწლიანი იგნორირება “მეცნიერთა კონგრესის” წინადადებისა სისტემური ცვლილებების თაობაზე. შედეგად მივიღეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული საზოგადოება, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი ჩინებით სავსე ციხეებით.
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთობა სჭირდება მომავლის საქართველოს!

პ.ს. ჩვენ ამ დოკუმენტზე მუშაობას ვაგრძელებთ. სამი დღის განმავლობაში მივცემთ საბოლოო სახეს და შემდგომ დავუგზავნით როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ ძალებს, მედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაძლებლად განვიხილავთ იმ წინადადებასაც, რომ საბოლოო დოკუმენტი გავუგზავნოთ საელჩოებს, რომ დაპირისპირების გადაძახილები დამთავრდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *