პროექტები
პირველი – შემუშავდეს „ეროვნული დოქტრინა“, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ზნეობის, ტრადიციების, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე.
რეალობაა, რომ ვცხოვრობთ ველური საბაზრო პრინციპების ქვეყანაში. ქვეყნის და ხალხის სიმდიდრისადმი დამოკიდებულების გაუაზრებელმა სისტემებმა, დაწყებული ნულოვანი აუქციონებით და დამთავრებული ნედლეულის ბიზნესით; დაანგრია ეკონომიკა, გააჩანაგა სოფელი, ჯართად აქცია სამუშაო ადგილები. ნედლეულის გატანით და მზა პროდუქციის იმპორტით, სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყნის გარეთ, რამაც გაამდიდრა ერთეულები სახელისუფლებო წრეებიდან, გააღატაკა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, გააძლიერა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და უცხოელთა მიგრაცია, წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა სტუდენტ ახალგაზრდობას, ბრძოლა გამოუცხადა ზნეობრივ ავტორიტეტებს, დააზიანა ქართული სული და ქართული ცნობიერება. რეალურად, არც განათლება და არც ქართული საინფორმაციო სივრცე, ქართული აღარაა. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული კინოც დავიწყებას მიეცა, ქართული ეკრანი მდარე ხარისხის, ანტიქართული ცნობიერების ფილმებსა და ლიტერატურას უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია:
– სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა ქართული ფილმების ჩვენების, თეატრებსა და კინოთეატრებში მოსწავლე ახალგაზრდობის დასწრების, საბავშვო ბაღებსა და სკოლის პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული სიმღერის, ცეკვის, ხატვის, მუსიკის სწავლების დასაფინანსებლად.
– მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლისა და სტუდენტთა სწავლება უნდა იყოს უფასო. სწავლის გადასახადზე მიბმამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა სწავლების ხარისხსაც და ახალგაზრდობის ჯანმრთელობასაც. სტუდენტი უნდა იხდიდეს სწავლის ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტს, დანარჩენს კი, ეტაპობრივად მუშაობის დაწყების შემდგომ, თუ მისი ხელფასი საარსებო კალათის ღირებულებაზე მეტია, ანუ ისე, როგორც ეს არის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გააჩნია განათლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის წინაშე.
– კონსტიტუციურად უნდა დადასტურდეს, რომ განათლება არის ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი, სასწრაფოდ მისაღებია განათლების ახალი კანონი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს მსოფლიო გამოცდილებას.
– ერის ჯანმრთელობის შესახებ შემოღებული იქნას ყოველწლიური აუცილებელი დისპანსერიზაცია, მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებით, სრული დაფინანსებით; ჩვენ უნდა შევისწავლოთ აშშ-ის და ევროპის წარმატებული ქვეყნების თეორია ე.წ. „კვების ბანკების“ შექმნის შესახებ და დავნერგოთ საქართველოს პოტენციალის შესაბამისად.
პრინციპულად მიგვაჩნია მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების დამკვიდრება, რომ ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიურად წარსდგეს მოსახლეობის წინაშე სპეციფიკური ეროვნული მოხსენებით (ე.წ. „თეთრი წიგნი“). ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც ერთი მხრივ, ხაზგასმული იქნება ადამიანის, როგორც ქვეყნის ძირითადი რესურსის (ცოდნის, პროფესიული ჩვევების, გამოცდილების, შემოქმედებითი უნარის მატარებლის) და მეორე მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის ინტერსექტორალური პრობლემები (გარემო, კვების უსაფრთხოება, თამბაქოს, ალკოჰოლის, ფსიქოაქტივობის საშუალებების მოხმარება და ა.შ.), და აქვე უნდა მტკიცდებოდეს პროგრამა მოსახლეობისათვის იმუნიტეტის გაძლიერების თვალსაზრისით.
– ეროვნული ეკონომიკის დაცვა – კონკურენტული გარემო იქნება იმის გარანტი, რომ მეწარმეს არ დასჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის „ყიდვა“. შემოღებული იქნება მეწარმეთა დაცვის ის სისტემა, რომელიც დღეს წარმატებულად მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სამამულო ბაზრის დაცვის მიზნით შეიცვლება საბაჟო-საგადასახადო სისტემა. ის, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს და ვინმეს გააქვს ქვეყნის გარეთ, გადასახადი ნულთან მიახლოებული იქნება, რაც არ გვაქვს და ვინმეს გააქვს – გადასახადი იქნება მძიმე, რაც ჭარბად გვაქვს და მისი ანალოგი ვინმეს გარედან შემოაქვს – გადასახადი იქნება გაზრდილი, ხოლო რაც არ გვაქვს და ვინმეს შემოაქვს -გადასახადი ნულისკენ იქნება მიმართული. მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა იქნება დაუბეგრავი. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული არა ინვესტიციებზე, არამედ დაბალ საკრედიტო სისტემაზე ისე, როგორც ეს არის აშშ-ში. გაუქმდება დღგ-ს გადასახადი და აშშ-ის მსგავსად შემღებული იქნება ვაჭრობის მოსაკრებელი. საერთოდ, სამეწარმეო სფერო აშშ-ის გამოცდილების შესაბამისად იქნება წახალისებული.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უდიდეს შეცდომად ვთვლით, რომ დღემდე არ არის შემუშავებული:
- ეროვნული დოქტრინა,
- სამხედრო დოქტრინა,
- სასურსათო უზრუნველყოფის დოქტრინა,
- ენერგეტიკული უსაფრთხოების დოქტრინა,
- მეწარმეობისა და მეწარმეთა დაცვის დოქტრინა,
- ქვეყნის ურბანიზაციის დოქტრინა,
- დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების საყოველთაო პროგრამა.
– მიგვაჩნია, რომ მეცნიერების მიერ ჩვენი წარსულისა და რეალობის, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა დავიწყოთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე მუშაობა. დავიწყოთ საერთო-სახალხო მოძრაობა „საქართველო ნასოფლარის გარეშე“, ეს იქნება დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამა.
– – სასწრაფოდ უნდა გავიაზროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობათა გათვალისწინებით. მეცნიერების მოსაზრებები უნდა მოისმინოს საქართველოს პარლამენტის დახურულმა სხდომამ. აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან
– და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ობიექტურს გახდის როგორც ექსპერტულ საქმიანობას, ასევე შეფასებით სისტემას და გააძლიერებს მეცნიერების როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით: საქართველოს უნივერსიტეტების იმ სამეცნიერო დანაყოფებს, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხის მინიჭების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭოთ დამოუკიდებელი ექსპერტის ფუნქცია.



