მეცნიერთა კონგრესიმომავლის პროგრამებიპროექტები
პიროვნებათა პარლამენტი – პიროვნებათა ხელისუფლება

პროექტი
საქართველოს მომავალი არა ბელადებთან, მილიარდერებთან, არა ოლიგარქებთან, არამედ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან, პიროვნებათა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.
ტრადიციულად, საქართველოში პიროვნება ნიშნავდა ავტორიტეტულ კაცს, საზოგადოებრივად საყრდენ კაცს, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველს და წარმმართველს, სულიერებით სავსეს, უღალატოს, პრინციპულს, გაჭირვებულისადმი თანამდგომს, ხალხის ცხოვრებით მცხოვრებს და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის თავდადებულს, ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, საკუთარი აზრებითა და ხალხის განწყობით მცხოვრებს. ასეთი მდგენელებისგან იქმნება პიროვნება და მისი რეპუტაცია.
სწორედ მაღალი რეპუტაციის პიროვნებები გვჭირდება ხელისუფლებაში ყველა დონეზე: მთავრობის თავმჯდომარით, პრეზიდენტით, პარლამენტის თავმჯდომარით, სასამართლოს თავმჯდომარით დაწყებული, სოფლის გამგებლით დამთავრებული.
ცდება ყველა, ვინც ამბობს, რომ ასეთი ხალხი არ გვყავს. გვყავს, მაგრამ არ გვაქვს მათი მოძებნის მექანიზმი და სისტემა. ამ პროცესს ისიც აძნელებს, რომ წლების განმავლობაში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის უავტორიტეტო ადამიანებით დაკავებამ, ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით მთელი ხელისუფლების დაკომპლექტების დამანგრეველი სისტემის დამკვიდრებამ, მაღალი რეპუტაციის პიროვნებებს დაუკარგა ხელისუფლებაში მონაწილეობის სურვილი.
რა მივიღეთ? პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა, კანონით კი, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს პარტიები აკომპლექტებენ. არ ხარ პარტიის წევრი, ქვეყნის მართვაში შენი მონაწილეობა, პრაქტიკულად გამორიცხულია.
ეს ანტიქართული გზაა. ამ გზას ხელისუფლებაში ქვეყნის გარეთ კარგად გაწვრთნილი და სწორედ გარე ძალთა მსახური, პრაქტიკულად, არაქართული ცნობიერების ადამიანები მოჰყავს. აქვე ვთქვათ, დღემდე საარჩევნო სიებს ადგენდნენ და ხელისუფლებას აკომპლექტებდნენ პოლიტიკური პარტიები, ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერები. ამ გზამ ჩიხში შეგვიყვანა.
ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. სიები უნდა შედგეს მხოლოდ ხალხთან და საზოგადო მოღვაწეებთან დიდი მოთათბირების საფუძველზე.
ჩვენთვის უპირველეს კრიტერიუმთა შორისაა რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ქართული ცნობიერება, შერწყმული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან.
ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია დღემდე დამკვიდრებულ, ასაკობრივ გრადაციასა და ვამბობთ: ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პარტიიდან პარტიაში მორბენალ მედროვეებზე, ყველას და ყველაფერს რომ ერგებიან.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა. მაგრამ რამდენიმე პირობით, მხოლოდ ისინი, ვინც:
- ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახე შეინარჩუნა, გაუძლო ცდუნებას;
- არ გაბოროტდა ოპოზიციაში ყოფნის დროს;
- სწამს და სჯერა, რომ არ შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად გადაქცევა და ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით ყოფნა;
- დღესაც აქვს დიდ და კეთილ საქმეთა კეთების რესურსი.
ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილ საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებს – ისე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.
დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამ ადამიანების გამოცდილება. ქვეყანაც გამთლიანდება მათი პარლამენტში ყოფნით და წარმოუდგენლად გაიზრდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. ქვეყნის გარეთ მცხოვრებ 2 მილიონზე მეტი ადამიანის სახელით უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა, ვისაც:
- კარგი კონტაქტები აქვს იმ ქვეყნის სახელისუფლებო წრეებთან;
- დიდი ავტორიტეტი აქვს ქართულ დიასპორაში;
- კარგი რეპუტაციით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
დღევანდელ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ექნება უპირველესი და უმთავრესი:
ქვეყანა, ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
და ეს არ ნიშნავს ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ასე იყო და ასე იქნება, თუ ავირჩევთ არა ლაპარაკით, არამედ აზროვნებით ქართული ცნობიერების ადამიანებს, თუ უარს ვეტყვით ურაპატრიოტებსაც და გლობალისტებსაც.
ჩვენ ასეთი ადამიანებით და ასეთი გაბედული ქმედებებით შევქმნით დიდ ქართულ ერთობას – ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!
ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია მეცნიერთა შეფასებით, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ზოგადქართულ დოკუმენტში, „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.
პიროვნებათა ხელისუფლების შექმნის მექანიზმი ჩვენ ასე წარმოგვიდგენია: ერთდროულად მიდის რამდენიმე პროცესი, რომელთა ერთობლიობა შედეგად გვაძლევს მაღალი რეპუტაციის მქონე პიროვნებათა გუნდს:
- ყველა აკადემიკოსს, პროფესორს, შემოქმედებითი კავშირის წევრს, ეს დაახლოებით 5 000 – ზე მეტი ადამიანია, ეგზავნება სპეციალური წერილი თხოვნით, რომ ერთი თვის განმავლობაში, მოგვაწოდოს სია იმ პიროვნებების, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნა სამომავლოდ მიაჩნია მიზანშეწონილად. სასურველია, ეს იყოს არა მარტო მისი პირადი, არამედ მისი გარემოცვის აზრიც, თუნდაც მის მიერვე შემუშავებული ხალხთან მოთათბირების მექანიზმით შერჩეულ პიროვნებათა გუნდი.
- საქართველოს ყოველ ქალაქში, პიროვნებათა ასეთი გუნდის შედგენაში ღიად მონაწილეობს1000-დან 5 000-მდე (გამომდინარე ქალაქისა და რაიონის სიდიდიდან) ადამიანი… ამდენივე მონაწილეობს ანონიმურ სოციოლოგიურ კვლევაში.
- იქმნება ამ საქმისთვის სოციალური ქსელის გამოყენების განსაკუთრებული მექანიზმი. ერთ-ერთი ასეთია ფეისბუქის დახურული ჯგუფი „მორალური გუნდი“, რომელიც განიხილება, როგორც ერთიანი საინფორმაციო სივრცე, რომელშიც მიდის პირდაპირი დისკუსია და ყოველი გადაწყვეტილება განხილვისათვის გამოდის ღია სივრცეში.
სამივე მექანიზმით მიღებული მასალები მუშავდება და მათი შეჯერებით ყალიბდება 50-კაციანი ჯგუფი ყოველი ქალაქისა და რაიონის მიხედვით. ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში და გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდგომ, ტარდება მოსახლეობის მინიმუმ, 20 პროცენტის ანონიმური გამოკითხვა, რომლის შედეგადაც ყველა ის პიროვნება, ვინც მიიღებს მოსახლეობის მინიმუმ, 25 პროცენტს – შედის რაიონულ თუ საქალაქო სახალხო საარჩევნო შტაბში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სრული კონსესუსით ირჩევს დეპუტატობის, მერობის და გამგებლის კანდიდატს.
იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი რეპუტაციის პიროვნებათა შერჩევის მძიმე მექანიზმს ვიღებთ, ეს პროცესი დროში ასე გვაქვს წარმოდგენილი.
- თებერვალი-აპრილი – მიდის მოსახლეობის მომზადება ამ პროცესში მონაწილეობისთვი პრესის, ტელევიზიის და სოციალური ქსელის მეშვეობით. ყოველკვირეულად იქნება ორი სადისკუსიო გადაცემა: „ვქირაობთ ხელისუფლებას“ და „ვქმნით პიროვნებათა ხელისუფლებას“. ამავე პერიოდში, კონკრეტდება გამოკითხვებში მონაწილეთა სიები;
- აპრილი – რიგდება შესაბამისი წერილები კონკრეტულ პიროვნებებზე
- მაისი – იკრიბება როგორც ღია, ასევე ანონიმური გამოკითხვების და დაგზავნილი წერილების პასუხები, ანალიზდება და დგება 50 – კაციანი სიები
- ივნისი – ანონიმური სოციოლოგიური კვლევის შედეგად, დგინდება სახალხო – საარჩევნო შტაბების შემადგენლობა… ივნისის ბოლოს იწყება ლიდერთა გამოკვეთის როგორც რეგიონული, ასევე ქვეყნის მასშტაბის შეკრებები.
- ივლისის თვიდან მოქმედებაში მოდის კადრების სწავლებისა და მომზადების სპეციალური სისტემა იმ თვალსაზრისით, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის, რეალურად იყოს ცნობილი ხალხის მაღალი ნდობის მქონე კანდიდატები, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის.
- მესამე ეტაპზე, 2020 წლის თებერვლიდან – საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებამდე, ერთიანდება ორი პროგრამა: “ვქირაობ ხელისუფლებას“ და „ვირჩევ ხალხის პარლამენტს“. პარტიების მიერ გამოქვეყნებული სიების პარალელურად, ქვეყნდება ხალხის პროგრამაც და ხალხის მიერ შედგენილი საარჩევნო სიებიც.
მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის