მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
გელათის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა პარტიებისადმი, პოლიტიკოსებისადმი: კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად!

კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად!
მეცნიერთა კონგრესში, თქვენდამი მიმართვის თაობაზე, თითქმის ერთი წელია, ინტენსიურად ვფიქრობთ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, აშკარაა, რომ მეცნიერთა მოსაზრებები ბევრს აღიზიანებს. განსაკუთრებით, ხელისუფალთ. პირიქით კი უნდა იყოს! სამწუხაროდ, ამ არაპროგრესული და ანტიქართული განწყობის საწყისებს პარტიებსა და პოლიტიკოსებში ვხედავთ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენი, ანუ მეცნიერების პასუხისმგებლობაც არ აღმოჩნდა ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობის, ანუ დროის შესაბამისი. ვთქვათ პირდაპირ და რეალურად, ჩვენ რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გვეთანამშრომლა, დღეს ქვეყანაში რადიკალურად სხვა მდგომარეობა იქნებოდა. არა გვგონია, ან თქვენ, ან თუნდაც, ერთ მოაზროვნე ადამიანს ჰქონდეს სხვა აზრი: ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, თანამემამულენი არ იმსახურებენ ასეთ ყოფას – მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისათვის, მაშინ როცა უნდა იბრძოდეს საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის. შედეგში მივიღეთ ის, რომ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნის ნაცვლად, უკვე დიდი ხანია, ვცხოვრობთ ფულის უფლების ქვეყანაში.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ თქვენ მწარედ და მძიმედ აღიქვამთ ამ შეფასებებს, მაგრამ ჩვენი ანალიზით, მდგომარეობაა გაცილებით მწარე და მძიმე. შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ გიჭირთ ამის აღიარება და სამწუხაროდ, ჩვენც დავაგვიანეთ ჩვენი პრინციპული პოზიციის გამოკვეთა და მსოფლიოში აღიარებული კანონზომიერებით მოქმედება. რომ მეცნიერებაა, როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების ბუნებრივი ოპოზიცია… რომ მეცნიერებაა ხალხის რეალური ინტერესების დამცველი და გამომხატველი. სწორედ ამიტომ, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, მეცნიერებს და მეცნიერებას, გვეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში დღეს შექმნილ რეალურ მდგომარეობაზე.
ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ, როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები, როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას. დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამის მაგალითი. საქართველო მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების უნიკალურ მაგალითს აძლევდა მთელ მსოფლიოს. დღეს, იმ ეპოქაში, როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, ისტორიულ ფესვებს. კარგად გავიაზროთ ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები: „ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ჩვენ, მეცნიერები სწორედ ამ განწყობით ვართ შეკრებილნი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში… ამ განწყობით… ვთავაზობთ მთელ საქართველოს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ ჩვენეულ ვარიანტს… ამ განწყობით… ვიღებთ საერთო-სახალხო განხილვისთვის მეცნიერთა კონცეფციას „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ არჩევის თაობაზე. ამ განწყობით… გიწვევთ მიმდინარე წლის 31 მარტს, საგურამოში… გიწვევთ სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ეროვნული ხელისუფლების მიერ დანიშნული პირველი არჩევნები შედგა. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ეზო-გარემოში გთავაზობთ დიდი დისკუსიის დაწყებას ამ და ბევრ სხვა საჭირბოროტო საქვეყნო საკითხზე. საუბარს იმის თაობაზე, რომ იქნებ, ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც დავასვენოთ საქართველო პარტიული პარლამენტისგან და იქნებ, ერთი საარჩევნო პერიოდი ხალხმაც და ჩვენც, ყველამ ერთად, ვნახოთ, რას ნიშნავს პროფესიონალთა პარლამენტი. პარტიებმა კი, იფიქროთ „პარტიათა ასამბლეის“ შექმნაზე და იქ დაანახონ თანამემამულეებს ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში.
ჩვენ თქვენთვის ბევრი საინტერესო მასალა გვაქვს მომზადებული და ვიდრე ხალხში გაგვიტანია ისინი განსახილველად, სწორედ, თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ გულახდილად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისში მაშინაა, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწარეა დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების, პოლიტიკოსების დიდი დისკუსიის დაწყებას საგურამოში.
პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობთ: დრო აყენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არა გვგონია, ამაზე უარი თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, თუ მას ოდნავ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
გადავდგათ ეს ნაბიჯი! ხალხი ამას ელოდება! რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად?!
გელათის მეცნიერთა კონგრესი
8 თებერვალი, დავითობა, 2025 წელი, გელათი