ქართული ერთობის დარბაზი
ტარიელ ხარხელაური: ჩემს მეგობარს, ბეჭებდაუდებელ ფალავანს რომან რურუას, მოგესალმები მთიდან

ცეცხლად გეკიდოს სამშობლო
სამშობლოს ცეცხლით იწვოდე
ვერ დააჯერებ ვერავის
შენში იყოს და გიცნობდეს
ვინ ფარისევლად აღგიქვამს
ვინ მოღალატეს გიწოდებს
დრომ ბევრჯერ გააფერკმრთალა
თავმოწონება მამულით
ფული გვგონია ქვეყანა
ლეიბქვეშ გადამალული
გულს ხან ნისლები ეხვევა,
ხან ცეცხლის ასდის ალმური
დღეს ვის წინ დავდგე ქედდახრით
ჩემს სატკივარზე შევჩივლო
ვის ვუთხრა, ისა სამშობლო
რომ ზოგჯერ უფალს გერჩიოს
სამშობლო მხოლოდ სამშობლო
გულს ხატად უნდა ემჩნიოს
ღმერთო, არა ჰქმნა, ქვეყნისთვის
რომ სიკვდილს გადავეჩვიოთ!
23 იანვარი, 2019წელი



