პროგრამული

მომავლის საქართველოს პროგრამის შექმნის კონცეფცია

 

საუბარია უნიკალური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დიდი მოთათბირების შედეგი და შედგებოდეს სულ მცირე, სამი ნაწილისგან.

პირველში სრულად უნდა წარმოჩინდეს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს (ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია);

მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარება;

მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად, მოქმედებაში მოვიყვანოთ ქვეყნის პოტენციალი.

სამწუხარო ის არის, რომ ბოლო ათწლეულების საქართველოში, ნაკლებად საუბრობენ ასეთი სრულყოფილი დოკუმენტის აუცილებლობაზე, ან თუ საუბრობენ, ძირითადად, სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებში. არ შეიძლება ასეთი დოკუმენტი შექმნას რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ან რომელიმე ხელისუფლებამ. ერთ და მეორე შემთხვევაშიც საქმე გვექნება არასრულყოფილ, ტენდენციურ პროგრამა-კონცეფციასთან – ყოველი ხელისუფლება, თუ პოლიტიკური პარტია შეეცდება სათავისოდ შეცვალოს და პარტიის ინტერესებს მოარგოს ასეთი დოკუმენტი.

ეს უნდა იყოს ზეპარტიული, ზესახელისუფლებო, სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომლის შედგენის წარმმართველი იქნება მეცნიერთა ჯგუფი, სამეცნიერო ინსტიტუტები და გათვალისწინებული იქნება ჩვენი ისტორიული და წარმატებული ქვეყნების გამოცდილება.

ერთი სიტყვით, ეს დოკუმენტი უნდა შეიქმნას ყველას მონაწილეობით. ამიტომ არის საჭირო კონგრესის სესიების უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული). ამ დოკუმენტში უნდა იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური რესურსების ანალიზი. ის, რა შეუძლია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებულ ინტელექტულურ პოტენციალს. ამ დოკუმენტში კარგად უნდა ჩანდეს, რას ნიშნავს ქართული ინტერესი, რომ საქართველო არის ქართულ ინტერესის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოთა თანამშრომლობის და არა პაექრობისა და დაპირისპირების ქვეყანა.

 

როგორ შევადგინოთ?

 რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მთავარია, სწორი ორგანიზება. ეს კი იქნება მაშინ, როდესაც ფუნქციები იქნება განაწილებული. წარმმართველი არიან მეცნიერები, მონაწილეობს ხალხი, ხელისუფლება არის ორგანიზატორის როლში (არც მეტი და არც ნაკლები)

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ყველა სოფელში არიან ადამიანები (იქ დარჩენილნი, თუ დროებით წამოსულნი), რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომელ სოფელში რისი გაკეთება შეიძლება, რა თანმიმდევრობით და ამას ყველაფერს რა რესურსები სჭირდება. საბედნიეროდ, ყველა ქალაქსა და რაიონში არის ასეთი ხალხი. მით უფრო, რომ ჩვენს ხალხს სხვა გამოცდილება აქვს. მხედველობაშია ის გამოცდილება, რომელიც გაჭირვებამაც მოგვცა და ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმაც შეიძინეს, რაც როგორც კაპიტალი შეიძლება დაბრუნდეს ყოველ სოფელში, ქალაქსა თუ საერთოდ, ქვეყანაში.

მეცნიერები აანალიზებენ ყველაფერს და ყველა სახის რესურსის გათვალისწინებით, დგება ეს პროგრამა, რომელმაც უნდა შეცვალოს დღევანდელი საქართველოს რეალობა, ანუ ის, რომ მოსახლეობის (ქვეყნის გარეთ წასულის, თუ დარჩენილის) უმრავლესობა იბრძვის არსებობისთვის და შეცვალოს იგი ახალი რეალობით – ბრძოლა ქვეყნის შესაძლებლობათა და ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის. ეს არის სწორედ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ჩვენი უპირველესი მიზანი.

ფაქტი ერთია: ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, საერთოდ, ასეთი ბუნებრივი რესურსების ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, სულ მცირე „კუჭის პრობლემა“ არ უნდა იყოს ამ სიმწვავით, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გვაქვს საკმაოზე მეტი ბუნებრივი რესურსები, გვაქვს საკმარისი ადამიანური და ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული და გვაქვს აბსოლუტურად გამოუყენებელი გეოგრაფიული პოტენციალი, რომელიც ამ პროგრამით უნდა გახდეს ქვეყნისთვის ბედნიერების მომტანი, მაშინ, როცა არასწორი მართვის გამო, მას ჯერ კიდევ მხოლოდ უბედურება მოაქვს ქვეყნისთვის.

ჩვენ გვაქვს, მართლაც, ისტორიული შანსი, როცა შეგვიძლია შევქმნათ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის და არა მმართველი ძალის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამომხატველი მომავლის პროგრამა… პროგრამა, რომელიც იქნება იმის მკაფიო დასტური, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რომ ხელისუფლება მსახურია და არა უფროსი და იგი გაიზომება იმის მიხედვით, როგორ ასრულებს მეცნიერთა პატრონაჟით და ხალხის მონაწილეობით შექმნილ პროგრამას.

ვიდრე ამ დიდ პროგრამას შევქმნიდეთ, ჩვენ რეალურად ვთვლით მოქმედებას „სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისა. მით უფრო, რომ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდი დათათბირებით შექმნილი ამ დოკუმენტის კონკრეტული საკითხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, არათუ დაკარგა აქტუალობა, არამედ გაცილებით მეტი სიმწვავით დგას ხალხის დღევანდელი ყოფის დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ მის აქ გამოქვეყნების აუცილებლობა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *