პროგრამულისლაიდერი
ჩვენი პოზიცია კატეგორიულია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს!.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული მცირე ჯგუფების არასწორ ქმედებათა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ამ ჯგუფებისადმი ზედმეტად მიმნდობმა დამოკიდებულებამ, შედეგად მოგვცა ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ისინი, რომლებიც გამდიდრდნენ ქვეყნის ძარცვისა და ხალხის გაღატაკების ხარჯზე. ამას კარგად დაინახავთ ქვემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ მუხლებში.
“მეცნიერთა კონგრესს” ეს მწვავე დოკუმენტი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში შეკრებილთა წინაშე, ამ ეტაპზე შემოაქვს ერთი უმთავრესი მიზნით, საზოგადოება გახდეს “თვალებახილებული” (ვაჟა-ფშაველა) და ნებისმიერ სიტუაციაში, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესს, კადრების შერჩევისა და შეფასებისას იხელმძღვანელოს კაცობრიობის მიერ შემუშავებული ოქროს წესის შესაბამისად. :სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პიროვნება შეფასდეს მისი ინტელექტის, ენერგიის, გამბედაობის, გამოცდილების, წესიერების მიხედვით. პირდაპირ ვამბობთ, წესიერების გარეშე, პირველი ოთხი დამანგრეველზე დამანგრეველი ხდება როგორც ქვეყნისთვის, ისე ხალხისთვის და, საერთოდ, ქვეყნის მომავლისთვის!
დიახ, ჩვენი პოზიცია კატეგორიულია:
ჩვენ არ ვიბრძვით ვინმეს წინააღმდეგ, მაგრამ ვიყავით და, გამოკვეთილად ვიქნებით ზოგადქართული ინტერესების, ხალხის ინტერესების დამცველი. პირდაპირ ვიტყვით ჩვენს აზრს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, ხელისუფლებაში მოკალათებულთათვის.
დღეს, ამ ისტორიულ და წმინდა კედლებში,პირდაპირ ვამბობთ:
ვიდრე საზოგადოებისათვის არ იქნება ცნობილი ყველა იმ ადამიანის გვარი და სახლი, ვინც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლი8ლ პროცესებთან, ქვეყანაში არც სიმშვიდე იქნება და არც წინსვლა,.. გაგრძელდება ცხოვრება სიყალბესა და კორუფციაში. ხელისუფლებაში გაძლიერდება მონური ფსიქოლოგია, შედეგად მივიღებთ 21-ე საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფოს.
1. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომლებმაც განახორციელეს 1990 -91 წლებში რუსული ფულის ამოღება მოსკოვის მიერ მიღებული ინდექსაციის თანახმად;
2. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა მოცულობით აიღო სესხი კუპონების შემოღებისთანავე, როგორი იყო შეფარდება დოლართან და რა კურსით დააბრუნა (ბევრს არც დაუბრუნებია) , ანუ უნდა გასაჯაროვდეს ის სია,რომელიც პროკურატურას წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა დემურ დვალიშვილმა, რასაც შედეგად მოჰყვა თვითმკვლელობა საეჭვო გარემოებებში.
3. გამოქვეყნდეს იმ პიროვნებების სია, რომლებმაც ნულოვან აუქციონზე კაპიკებში შეიძინეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საწარმოო და სხვა ობიექტები, გაწირეს ამ წარმოება-დაწებულებათა მუშა-მოსამსახურეები და თვითონ კი მილიონერებად იქცნენ.
4. გამოქვეყნდეს იმ 1200 ადრესატის სია, რომლებსაც უშიშროება ლილუაშვილის მინისტრობის დროს პაკეტებით უგზავნიდა ფულს, როგორც ეს პროკურატურის მიერ გაცხადდა, ლილუაშვილის ნათესავის ბინის ჩხრეკის შემდგომ. (სწორედ იქ აღმოჩნდა 1200 პაკეტი, ვისც ყოველთვიურად ეგზავნებოდა კოლოსალური მოცულობის თანხები)
5. გამოქვეყნდეს სია იმ პიროვნებებისა, რომელთაც დიდი რაოდენობით მიწები შეიძინეს თეთრებში და აქციეს ვაჭრობის ობიექტად , ან ფლობენ და არც კი ამუშავებენ, ელოდებიან უკეთეს დროს, როცა კიდევ უფრო ძვირად გაყიდვის საშუალება ექნებათ. ტრაგედიაა, რომ სხვადასხვა მაქინაციებით ამ მიწებს უცხოელები ეუფლებიან.
6. გამოქვეყნდეს სია იმ უცხოელებისა, რომლებიც დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას (მიწა, სახლები) ფლობენ საქართველოში, რომელ პერიოდში შეიძინეს, რა ფასებში და რა მოგება მიიღო სახელმწიფომ ამისგან.
7. საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი, ვინ გადასცა ჩინურ კომპანიას ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სხვა დიდი ობიექტები, დიდი მოცულობის ტყეები 49 და 99 წლის ვადით.
8. საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, აეროპორტებთან, პორტებთან, შავ ზღვასთან , საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული ანტიქართული მოვლენები : კერძოდ, ვის მიერ, რა ფასად და რა პერსპექტივით აღმოჩნდა ყველაფერი ეს უცხოელების ხელში.
9. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ის პიროვნებები, რომელთაც შემოქავთ ქვეყანაში დიდი მოცულობით კვების პროდუქტები, მედიკამენტები,
10. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ფლობს და რა ფასად ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებს (ოქრო, მარგანეცი, ქვანახშირი, სხვა სასარგებლო წიაღისეულს) და რას იღებს ქვეყანა ამისგან რატომ არაფერი კეთდება ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი სიმ დიდრის, წყლის რესურსების გამოყენებისთვის და რატომ არის უგულებელყოფილი ცნობილ მეცნიერთა პროგრამა “წყალი”.
11. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არ გვქონდა შუქი 90-იან წლებში და რატომ გახდა შესაძლებელი ე.წ. “ვარდების რევოლუციითანავე” შუქის პრობლემის მოხსნა, მაშინ როცა პრაქტიკულად არ შექმნილა დამატებითი სიმძლავრეები. უნდა იცოდეს ისიც, რომ დღეს ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმდიდრე – ენერგეტიკა უცხოელების ხელშია. ვისი ხელით და ვისი მიზნებისთვის აღსრულდა ეს ანტიქართული პროცესი.
12. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ვალდებულებებით უპასუხა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის მიღების შემდგომ გამოგზავნილ; კითხვარს.
13. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელ სახელმწიფოებთანაა ხელმოწერილი ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებები და რა ვალდებულებებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სულ 2 წლის წინ, ჩინეთთან ხელმოწერილ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი აზრით კაბალური და დამამცირებელია ქვეყნისთვის. რატომ მალავს ხელისუფლება ამ დოკუმენტს. საზოგადოებამ ისიც არ იცის, როგორ დაძაბა საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან ჩინეთთან ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ამერიკა მართალია, რადგან ის ჩვენ გვთვლიდა სტრატეგიულ მეგობრად 20 წელზე მეტი არნახულად გვეხმარებოდა და ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმ ქვეყანასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელსაც ამერიკა მის უპირველეს მტრად მიიჩნევს.
14. საზოგადოებამ უნდა იცოდეს არაბულ კომპანიებთან ხელმოწერილი ხელშეკრულება. ცინიზმია მისი გასაიდუმლოება. ქვეყნის მთავარ პატრონს – ხალხს, ვუყიდით მთავარ სიმდიდრეს – მიწას და იმასაც კი არ ვეუბნებით, ვის და რა პირობით მივყიდეთ!
15. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ მისცა იმ ბანკებს (როგორც კერძოს, ასევე სახელმწიფოს) ლიცენზია, რომლებმაც მილიარდობით თანხა შეუჭამეს მოსახლეობას. უნდა იცოდეს ისიც, რომ მილიარდობით მოგება აქვს ყოველწლიურად იმ ბანკებს, რომლებმაც ხალხის ფული შეჭამეს და ქვეყნის გარეთ წასულთა 90 პროცენტი სწორედ ამ ანტიქართული მოვლენის მსხვერპლი გახდა.
16. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ პიროვნებათა გვარები, რომელთაც შეადგინეს ქვეყნის ორი უმთავრესი უნივერსიტეტის გაერთიანების პროექტი.
პ.ს. ეს დოკუმენტი ქვეყნდება საჯარო განხილვისთვის. წინადადებებს ვიღებთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდგომ გამოქვეყნდება პრესაში, გაეგზავნება ხელისუფლებას


