მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მომავლის ქვეყნისთვის მთავარია “თვალებახილებული ხალხი” (ვ.ჟ.)
„მეცნიერთა კონგრესის“ იძულებითი განცხადება
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდა პირდაპირ რომ ვთქვათ,ხალხის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პრინციპი: ხალხს ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს და აქედან გამომდინარე, პოლიტიკასა და ხელისუფლებაში მისვლის მოკლე გზა გამოიკვეთა – ვინც დიდ ტყუილს იტყვის, ხელისუფალი ხდება, ხოლო სიმართლის მთქმელი – ხალხის რისხვას იმსახურებს და მსხვერპლის როლში გამოდის.
როგორც ჩანს, ამ წლის არჩევნების საწყისი ეტაპი ამ თვალსაზრისით გამორჩეული ხდება. ზოგი 1000 ლარიან პენსიაზე საუბრობს, ზოგი – უმუშევრებისთვის 500 ლარს არიგებს, ზოგი – 50 000 ლარიან ვაუჩერს პირდება გამარჯვების შემთხვევაში…კორუფციით გამდიდრებულები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ. ერთი სიტყვით, რძის მდინარეები და ოქროს მთები ჩვეულებრივ ამბად იქცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
საყოველთაოდ მიღებულია, რომ საარჩევნო პერიოდი დაპირებებით არის სავსე. თითქოს აქ არაფერია
გასაკვირი. ჩვენს გაკვირვებას იმ პოლიტიკოსების ე.წ. «პროგრამული გმოსლები» იწვევს, რომელთაც სიტყვა არ დაცდენიათ , როცა შევარდნაძის გუნდის მთავარი ფიგურები იყვნენ, მაღალი სახელისუფლებო პოსტები ეჭირათ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პერიოდის მთავრობებში. მეტიც, სრულ იგნორირებას უკეთებდნენ მეცნიერთა დასაბუთებულ პროგრამებს. ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ. ე.წ. «ვარდების რევოლუციის» შემდგომ, 40-მდე სერიოზულად გააზრებული პროგრამა წარედგინა პრეზიდენტებს: მიხეილ სააკაშვილს, გიორგი მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს. ბიძინა ივანიშვილსა და «ქართული ოცნების» ყველა პრემიერ-მინისტრს, შედეგი – ნული, მაგრამ იგივე ხალხის თავხედობას – საზღვარი არ აქვს.
წარმოგიდგენთ მეცნიერთა მიერ შედგენილ «ღირსების ულტიმატუმს» , რომელიც 2009 წლამდე, მეცნიერების მიერ წარედგინებოდა ხელისუფლებებს, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების, პარტიებისა და ადასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა ხელმოწერილი მერაბ კოსტავას ძეგლთან და იმავე დღეს ჩაბარდა პრეზიდენტ სააკაშვილის კანცელარიას. ნიშანდობლივია, რომ ეს დოკუმენტი უკვე «სამართლიანობის მანიფესტის» მოთხოვნით , არჩევნებში გამარჯვების პირველივე დღეებში ჩაბარდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. შემდგომში, დაეგზავნა ოცნების ყველა პრემიერ-მინისტრს – კონკრეტულად ვწერთ ყველას გვარს ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, ირაკლი კობახიძეს (როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს).
თქვენ ყველას გაქვთ საშუალება, ამ დოკუმენტს გაეცნოთ. ამ წერილში კი, მის პირველ პუნქტს წარმოგიდგენთ.
1.პუნტი
• პენსია
• მინიმალური ხელფასი
• ლტოლვილთა შემწეობა
• უმუშევართა შემწეობა
• სტიპენდია
გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე
2. პუნქტი: დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის, პენსიაზე) 10-ჯერ მეტი;
ტრაგედიაა, როცა მეცნიერები ამას დასაბუთებულად ჩამოგიყალიბებენ, მათ არ შეხვდები, მათ მოსაზრებებს პრაქტიკულად, მასხრად აიგდებ, მით უფრო მაშინ, როცა მეცნიერები როგორც «ღირსების ულტიმატუმს», ასევე «სამართლიანობის მანიფესტს» ასე იწყებენ:
« ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ.» – ანუ მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ასეთი ხელისუფლება არ არის ხალხის და ქვეყნის ხელისუფლება და უნდა გადადგეს!
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყოლია ხალხის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება და ამ დროს, არჩევნებში გამარჯვებისთვის მებრძოლთა 95 პროცენტზე მეტი სწორედ ისინი არიან, ვისაც პასუხს უნდა ვთხოვდეთ და ამ დროს მათ ჰყოფნით თავხედობა, არა მარტო გამარჯვებისთვის იბრძოლონ, არამედ, ამ ბრძოლის მთავარ საყრდენად, აქციონ ის დაპირებები, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს, არ შეასრულეს.
სწორედ, ამის გამო ამბობენ მეცნიერები, რომ ამ ეტაპზე, ის ხალხია საჭირო ქვეყნის უპირველეს საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში, რომელთაც ასეთი უკადრებელი არ უკადრებიათ… სწორედ, ამიტომ ამბობენ მეცნიერები, რომ საჭიროა არა პარტიული, არამედ პარტიების მონაწილეობით და ხალხის ბოლო სიტყვით არჩევნებზე მხარდაჭერილი, «ეროვნული თანხმობის პარლამენტი».
ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს უნიკალური იდეაც იგნორირებულია საპარლამენტო პარტიების მიერ. მეტიც, მათ მიერ მიღებული კანონებით, მთელი ძალაუფლება მათსავე ხელში რჩება. გამოსავალი ერთია: როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს – მომავლის ქვეყნისთვის მთავარია “თვალებახილებული ხალხი”
მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
14.03.2024
საკონტაქტო პირი თეიმურაზ შაშიაშვილი (ტელ.: 597 57 04 19)
პ.ს. ამ თემას მიეძღვნება თეიმურაზ შაშიაშვილის პირდაპირი ფეისბუქკონფერენცია პარასკევს, 15 მარტს, 23 საათზე