მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

თქვენო უწმიდესობავ,
პატივისცემით გიგზავნით „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარების პროგრამას „მადლიერების ბარათის“ სახით.
პირველი ასეთი კონგრესი თქვენი ლოცვა -კურთხევით ჩატარდა გასული ათასწლეულის ბოლოს. მისი ინიციატორები იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეები. კონგრესის თავმჯდომარე გახლდათ ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.
ცნობილმა მამულიშვილებმა, ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა და რამაზ ყურაშვილმა ამ იდეის გაგრძელების მიზნით, ასევე თქვენი ლოცვა-კურთხევით, დააარსეს „ქართული ერთობის დარბაზი“ (ქედ-ი) და დაიწყო მსოფლიო კონგრესის ახალი პრინციპით ჩატარებისათვის მზადება, რაც ითვალისწინებს მსოფლიოს 40 ქვეყნის 87-ზე მეტ ქალაქში, სადაც თითოეულში 1000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და საქმიანობს, კონგრესის სესიების ჩატარებას, რომლებზეც აირჩევიან დელეგატები, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისათვის.
კონგრესის პირველი სესია ტარდება 6 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში და გაგრძელდება 25 ნოემბრამდე იტალიის, საბერძნეთის და თურქეთის 20 ქალაქში.
მიგვაჩნია, რომ მომავლის საქართველოსთვის აუცილებელია ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობა. სწორედ ამას ემსახურება ეს კონგრესიც და ვთვლით, რომ პოლიტიკური დაპირისპირებით დამძიმებულ ქვეყანაში, როცა მის გარეთ უამრავი ჩვენი თანამემამულეა, ამ პროცესის დაწყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მით უფრო, რომ იგი ეფუძნება ბიბლიურ პრინციპს: „მთავარში-ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.
თქვენო უწმიდესობავ, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ შესაძლებლად ჩათვლით, სესიების დაწყებამდე, კონგრესის რამდენიმე წევრის თქვენთან შეხვედრა თქვენი ლოცვა-კურთხევით შექმნილი პროგრამების განსახილველად.
პატივისცემით,
მეცნიერთა კონგრესის სახელით, სპიკერი ერეკლე შონია
 
			