მორალური გუნდისლაიდერი

პროფ. რეზო ბალანჩივაძე: მოძღვართმოძღვარი

ბატონი ოტია იოსელიანის დაბადების 90 წლისთავის გამო

მოძღვართმოძღვარი მეტია, ვიდრე დიდი მწერალი /პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი,/ . იგი ღმერთთან მიახლოებული, ღვთის ენით მოსაუბრე ადამიანია. ბატონი ოტია სწორედ ასეთი ადამიანი იყო. ამიტომ ყოველი მის მიერ გამოთქმული აზრი ჩვენი ქვეყნის წარსულსა, აწმყოსა და მომავალზე,მიგრაციასა და დემოგრაფიაზე, კულტურაზე, აღზრდა-განათლებაზე და ა.შ. გულდასმით შესასწავლი და გასათვალისწინებელია.

როგორც მწერალი, ოტია იოსელიანი ადამიანის ბუნების, ხასიათის, შინაგანი სამყაროს, მისი გრძნობების, განცდების, ემოციების უბადლო მცოდნეა, ან სხვანაირად, იგი საუკეთესო ადამიანთმცოდნეა . განსაკუთრებული ოსტატობითა და მსუყე ფერებით ხატავს ბატონი ოტია ქალის ბუნებას, მის სულიერ სამყაროს. ამ მხრივ გამორჩეულია მისი „ქვრივის ცრემლები“, ნაწარმოები, რომელმაც იმთავითვე მოუტანა მას არაჩვეულებრივი პოპულარობა.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი გრძნობები, განცდები და ემოციები უშუალოდ ეძლევა ადამიანს, მისი აღწერა მაინც ურთულესია. მსოფლიოში ცოტა მწერალი თუ ახერხებს ამ საქმის წარმატებით განხორციელებას. ასეთებად რუსულ ლიტერატურაში ტოლსტოისა და დოსტოევსკის ასახელებენ , ხოლო ქართულ ლიტერატურაში მიხეილ ჯავახიშვილს /„ჯაყოს ხიზნები“/ და, ცხადია, ოტია იოსელიანს /„ქვრივის ცრელები“,„ჩქარი მატარებლიდან“, „სიცოცხლის შემოქმედი“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ და მრავალი სხვა/.

ბატონი ოტიას ნაწამოებების გმირები ცხოვრებიდან აღებული ადამიანები /მეზობლები, ნაცნობ-მეგობრები, თანასოფლებები/ არიან. შემთხვევით არ ჰქვია მის პირველ მოთხრობას „კარის მეზობლები“. ბატონი ოტია არაფერს იგონებს, არაფერს თხზავს. იგი ახასიათებს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თვალით უნახავს, ვის გვერდითაც უცხოვრია, უშრომია, უნადირნია! „მე არაფერს არ ვიგონებ და ვწერ იმას, რაც მოხდა,“ – წერდა ბატონი ოტია. მისი ინტერესის საგანი თავისი ხალხია, მისი ჭირ-ვარამია,მისი წარსული, აწმყო და მომავალია. „ვკითხულობ და ვწერ. თვალის კაკლებში ვუყურებ ჩეს ხალხს, რა სტკივა, რა უხარია. ვწერ, მიყვარს და ვწერ,მაგრამ მართალს, ჩემი თვალით ნახულს“.

ოტია იოსელიანი ნამდვილი სახალხო მწერალია. ხალხს ესმის ყველა მისი სიტყვა, ყველა მისი ფრაზა.ხალხს არ სჭირდება მასთან შუამავალი ლიტერატურის კრიტიკოსის სახით. ბატონი ოტია შეგნებულად არ ხმარობს უცხო სიტყვებს. მიაჩნია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელ ხალხს ნებისმიერი აზრის გამოხატვა შეუძლია საკუთარ დიდებულ ენაზე. ენა კი არის „ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი, წარმომავლობა“.„რაც ისტორიას დაავიწყდება, ის ენას ახსოვს“.

განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება ბატონ ოტიას “დაჩის ზღაპრებმა“ მოუპოვა, რომელიც „საქვეყნოდ ცნობილი მონადირის“ დაჩის საგმირო საქმეებზე მოგვითხრობს. ძნელია დაასახელო მეორე ისეთი მწერალი ქართულ ლიტერატურაში, რომლისთვისაც რომელიმე მის ნაწარმოებს ასეთი პოპულარობა და აღიარება მოეპოვებინოს. ეს „საბავშვო-სადიდო“ /ეს ბატონი ოტიას სიტყვებია/ ნაწარმოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნა და გამოიცა. განსაკუთრებული ინტერესი ამ ზღაპრისადმი იაპონიამ გამოიჩინა, სადაც ეს ნაწარმოები /საუკეთესო ილუსტრაციებით/ 8-ჯერ გამოიცა . შეიძლება ითქვას, რომ „დაჩის ზღაპრებით “ მთელმა მსოფლიომ გაიცნო იგი როგორც დიდი მწერალი.

ბატონი ოტიას არაჩვეულებრივი პოპულარობის დასტურად მხოლოდ სამ ფაქტს დავასახელებ; მისი „ვარსკვლავთცვენა“16-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად, მისი სპექტაკლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ას თეატრზე მეტშია დადგმული და მესამე -ამერიკაში, კონგრესის ბიბლიოთეკაში, ბატონი ოტიას 16 წიგნია დაცული. ვფიქრობ, ამას არავითარი კომენტარი არ სჭირდება.

კიდევ ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება: ბატონი ოტია უზადო სალიტერატურო ქართულით წერს. იგი კატეგორიულად ებრძვის უცხო სიტყვების შემოტანას და დამკვიდრებას ქართულში. მაგალითებიც კი მოაქვს ასეთი: რატომ უნდა ვთქვათ “შოუ“, სანახაობის ნაცვლად ან „ინტრვიუ“ და „ინტერვიუერი“ მისი შესატყვისი ქართულის მაგიერ.

აქ არ შეიძლება არ გაგიჩნდეს კითხვა: კი, მაგრამ თვითონ რომ იმერულ დიალექტზე მეტყველებს, განა ეს მისაღებია?! სამწუხაროდ, მე არ მომისმენია ამ კითხვაზე ბატონი ოტიას პასუხი, არც ვინმე კომპეტენტური ადამიანის აზრი ამ კითხვაზე. ამიტომ შევეცდები კითხვას თავადვე ვუპასუხო. ჩემი აზრით, ბატონ ოტიას ამით სურს თავისი კუთხის ხალხთან რაც შეიძლება მეტი სიახლოვე შეინარჩუნოს. ხომ ფაქტია: როცა ზედმიწევნით სწორი ქართულით მოლაპარაკე ადამიანი უსწავლელი კაცთან საუბრობს, მათ შორის გარკვეულ გაუცხოება ჩნდება. უსწავლელს თითქოს ერიდება ნასწავლთან ლაპარაკი. უნდა მალე დასრულდეს დიალოგი. ბატონი ოტია, ჩემი აზრით, სწორედ ამ უხერხულობას, ამ გაუცხოებას უხსნის მასთან მოსაუბრე ნებისმიერ თანასოფლელს. რაც შეეხება წერას, იგი იმ ენაზე წერდა, რომელზედაც იაკობ ცურტაველი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, შოთა რუსთაველი,სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, რომანტიკოსები, ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი და ქართული ლიტერატურის სხვა ბრწყინვალე წარმომადგენლები. სწორედ ამ ჩამოთვლილი კლასიკოსების ენაზე ქმნიდა ქართული ლიტერატურის შედევრებს, ანუ აქ არაფერს აჭაჭანებდა ისეთს, რაც ქართველ ხალხს, ქართულ კულტურას არ ეკადრებოდა.

და მაინც ბატონი ოტიას პოპულარობის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ იგი პრინციპული, ობიექტური, მართლის მთქმელი, უშიშარი ადამიანი გახლდათ. ადვილი საქმე არ იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის პირში იმის თქმა, რასაც იგი ბედავდა. მოვიყვან რამდენიმე გამონათქვამს და მის სიმამაცეში თავად დარწმუნდებით: „თუ შენ მეზობელს ჭრაქიც არ უნთია,შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ“ /“ჭაღის ამბრიალებლებში“აქ ვინც იგულისხმებოდა, ძნელი გამოსაცნობი არაა/. “ სახელმწიფოს, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური არ მოჰყავს, ის არაა სახელმწიფო“. „ან ხვნა-თესვას უნდა მიეჩვიო, ან ჭამა-სმას გადაეჩვიო“ და მრავალი სხვა. აი, ბრძენკაცის ბრძნული შეგონებები. და ასეთი უამრავია.ისე, აწი რაღა დროსია, თორემ ჩვენს ხელისუფლებას /ახლანდელს, ამის წინანდელს და კიდევ უფრო წინანდელს/ რომ მიეგდო ყური ამ ბრძენკაცის შეგონებებისათვის , ცუდი არ იქნებოდა/.

ბატონი ოტიას მდგომარეობას ოდნავ არბილებდა ის, რომ იგი კრიტიკულ შენიშვნებს იუმორით გამოთქვამდა. თუმცა ზოგჯერ მაინც წამოცდებოდა: „რა იციან, რომ ეს გული მკვდარია და სიცილი ზოგჯერ ცრემლზე მწარეა“ამიტომ იყო, რომ ბევრი უხიაგი და არაწესიერი ადამიანი ერიდებოდა მასთან ურთიერთობას. ზოგს უბრალოდ ეშინოდა მისი მწარე სიმართლის. ამასთან დაკავშირებით ბატონი ოტია ამბობდა ხოლმე. მწარე მე კი არა ვარ, მწარე თვითონ ის სიმართლეა, მე რომ ვამბობო.

ბატონი ოტია, როგორც ბრძენი მოძღვარი, მსჯელობს სწავლა-აღზრდის საკითხებზე. იგი კატეგორიული წინააღმდეგია „ყველა ორღობეში გახსნილი უნივერსიტეტებისა“. იმიტომ კი არა, რომ იგი განათლების მტერია საერთოდ, არამედ იმიტომ, რომ იგი წინააღმდეგია ფსევდოგანათლების, ანუ პროვინციალიზმის. ამასთან დაკავშირებით იგი იხსენებს თსუ-ს დაარსების ისტორიას . იმას, თუ როგორი რუდუნებით ეძებდნენ უნივერსიტეტის დამაარსებლები მთელ მსოფლიოში გაბნეულ ქართველ პროფესორებს, რომ ჩამოეყვანათ საქართველოში და მაღალი დონის პროფესურას ესწავლებინა „ალმა-მატერში“. ახლა ახალი უნივერსიტეტის შექმნის პრობლემა არსებითად ახალი შენობის გამონახვის პრობლემაზეა დაყვანილი, და ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ძლიერი და ცნობილი მეცნიერებით იქნება ეს უნივერსიტეტი დაკომპლექტებული, რამდენი ნამდვილი მეცნიერი დათანხმდება ორღობის უნივერსიტეტის პროფესორობას.

გარდაცვალებამდე ართუ ისე დიდი ხნის წინ ბატონმა ოტიამ ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთა ქართველ მკითხველს. ვგულისხმობ იმას, რომ სამზეოზე გამოიტანა მისი ლექსები, რომელთა შორის ზოგი ნამდვილი მარგალიტია. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მარგალიტს „სიყვარულს იქ რა უნდა, სადაც სიავკაცეა“ კითხულობს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის ხელმძღანელი. უნიჭიერესი მსახიობი და ბატონი ოტიას მეგობარი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე.

დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე: ბატონი ოტია იოსელიანი ნამდვილი მოძღვართმოძღვარი იყო, ჩვენი დროის სოკრატე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ძალიან უყვარდა,შეიძლება ითქვას, რომ იგი მაინც არ იყო სათანადოდ შეფასებული და დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რაც ხანი გავა, მისი სიბრძნის ნათელი კვალი კიდევ უფრო საცნაური გახდება. დრო მის სასარგებლოდ მუშაობს!

პროფ. რევაზ ბალანჩივაძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.
იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი,
წყალტუბოს საპატიო მოქალაქე

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *