მეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

დიდი  სახალხო მოძრაობა „ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან – ნიჭის ძალაუფლების ქვეყნისკენ!“ შედეგი თითოეული ჩვენგანის  პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული!

 „მეცნიერთა კონგრესის“ მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, საზოგადოებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი

პროექტი

 

მამულიშვილნო, მეგობრებო!

პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრდება და უკვე კონფრონტაციაში გადადის. ადამიანურად განვიცდით, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიების, პოლიტიკური ლიდერების, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაპირისპირება ბიოლოგიური სიძულვილის რანგში ავიდა. იმასაც მოვესწარით, რომ ქვეყნის უმაღლესი ეშელონის პირველი პირები ერთმანეთთან საუბარს არათუ ვერ ახერხებენ, არამედ, ერთმანეთს  არ ელაპარაკებიან (ემდურიან). უდავოა,  რომ ეს ქართული მოვლენა არ არის, რასაც ჩვენი ისტორიაც ადასტურებს. მაგრამ ასეთ პირობებში, მომავალი რომ ქვეყანას არ აქვს, სწორედ ესაა ჩვენი შეშფოთების მიზეზი და ეს შეშფოთება უნდა მოედოს ქვეყანაზე მოფიქრალ ყველა მოაზროვნე  ადამიანს.

რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მძიმე მომავალს გვიქადის. „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ჩვენი სახელმწიფოებრიობის 3000-ზე მეტი წლის ისტორიისა და მსოფლიოს გამოცდილების ანალიზით დასტურდება: ქვეყანაში კრიზისი არის მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით არის დაპირისპირება და კრიზისის სიღრმე დაპირისპირების მასშტაბებთანაა დაკავშირებული.

მეცნიერებმა ისიც გამოკვეთილად დაასკვნეს, რომ ქვეყანა კრიზისიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდიოდა, როცა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან იწყებდნენ საუბარს და კრიზისის დაძლევის გზებზე თანხმდებოდნენ. ან, თუ ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას, პასუხისმგებლობას მოაზროვნე ადამიანები იღებდნენ და ისინი ახერხებდნენ ხალხის და ქვეყნის  პროგრესული ნაწილების შეერთებას მომავლის საქართველოსთვის.

ასე მოვედით დღემდე.

ვწუხვართ, რომ თითქმის ოცი წელია, მეცნიერები ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ხელისუფლებებს სთავაზობენ კრიზისის დაძლევის გზებს, რომელთაც ხელისუფლებები ერთნაირი პრინციპულობით უკეთებენ იგნორირებას. იგნორირება კი დემოკრატიული მსოფლიოს მიერ  აღიარებულია, როგორც პროგრესის,  ასევე მიუღებელი ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებად. ამის დამადასტურებლად ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის საკმარისია იმ წერილებზე თვალის გადავლება, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაეგზავნა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს.  თუნდაც იმ წერილის გახსენებაა საკმარისი, რომლითაც მეცნიერებმა წინა (2020 წლის) არჩევნების დროს მიმართეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და იმ პარტიებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, პოლიტიკური მაფია ძლიერდება, ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს. ამ პარტიებით, ამ პოლიტიკოსებით და ამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არა აქვს და სწორედ ამიტომაა შეუძლებელი ასე ცხოვრება. ქვეყანას რევოლუცია სჭირდება. მაგრამ არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის მონაწილე შეიძლება გახდეს ქვეყნის მდგომარეობით შეწუხებული ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად  მისი პოლიტიკური შეხედლებისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეროვნებისა, ასაკისა, სოციალური მდგომარეობისა. სწორედ ეს არის გზა ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან – ნიჭის ძალაუფლების ქვეყნისკენ!

მოქმედების დროა!

შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ, რომ  ამ რეალობასა და მათი დაძლევის მეცნიერულ პროგრამებში გავაცნობიეროთ  მოსახლეობა, ყოველ შემთხვევისთვის,პირველ ეტაპზე,  მისი დიდი ნაწილი. ეს რეალობა და განწყობა უნდა დაინახონ  ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა. თუ ოდესმე გვჭირდებოდა, დღეს განსაკუთრებულად, გაცნობიერება ვაჟა-ფშაველას შეგონების: „საიმედო პოლიტიკური მოქმედებებისათვის, მხოლოდ მომზადებული,  თვალახილებული ხალხია...“ თუ არ გვინდა, როგორც ამას გენიოსი მწერალი ამბობს, „ხალხი მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა“ გახდეს. დიახ,  დღეს ყოველი „თვალახილებული“ ადამიანია ქვეყნის სიმდიდრე და უბედურებაა ყოველი, რომელიც შეეგუა და  რომელსაც შეუძლია სიყალბესა და სიცრუეში ცხოვრება.

უნდა ვაღიაროთ, რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ხოლო ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა, რაც უკვე სიძულვილში გადადის. აშკარაა, რომ პარტიებს გარეთ მეტი საქვეყნო კაცია, ვიდრე პარტიებში. პარტიები ხმაურობენ, საქვეყნო კაცები დუმილს ამჯობინებენ. სამწუხაროდ, საზოგადოება, ხალხი მყვირალას უფრო იცნობს, ვიდრე გონებადამჯდარს და ქვეყნის მომავალსაც მყვირალებთან აკავშირებს.  ეს ტრაგედიაა. ეს არის დღევანდელობის უმძიმესი პრობლემა. ჩვენი ამოცანაც აქედან ამოდის და მოქმედებაც იმით უნდა დავიწყოთ, რომ თქვენი მონაწილეობით  – სწორედ ხალხის, სწორედ საზოგადოების, სწორედ მამულიშვილების, სწორედ ჩვენი ნამდვილი მეგობრების მონაწილეობით უნდა შევძლოთ ასეთი ადამიანების  როგორც მოძიება, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანა.

ეს არ არის ადვილი საქმე. წარმატება იქნება, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და რაც მეტი მიუკერძოებლობით დაიწყებს ფიქრს ასეთი ადამიანების პოლიტიკურ ასპარეზზე დასაბრუნებლად, თუ გამოსაყვანად.

დღეს, როცა უკვე სერიოზულად გვაქვს გააზრებული ქვეყანაში სისტემური ცვლილებების კონკრეტული კონტურები, როცა გვაქვს დიდ მამულიშვილთა მიერ ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, როცა გვაქვს კონცეპტუალური ხედვა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, როცა გვაქვს პროგრამული დოკუმენტი:  „ახალი განზომილება , ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ , როცა გვაქვს ქვეყანაში სისტემური ცვლილებების პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ , როცა გვაქვს დავითობას, გელათში მიღებული და სახალხო განხილვისთვის გამოტანილი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტი, როცა გვაქვს უაღრესად კონკრეტული არაერთი (50-მდე) პროგრამა, მთავარია ხალხი, რომელთაც ამ პროგრამების მოქმედებაში მოყვანა შეუძლია.  ჩვენ ოდნავაც არ გვეეჭვება, რომ ამ პროგრამების მოქმედებაში მოყვანით, მაქსიმუმ, არჩევნებიდან ნახევარ წელიწადში შესაძლებელი გახდება მოსახლეობის მინიმუმ, 90 პროცენტს ჰქონდეს  მოტივაცია, ანუ იმის განცდა, რომ ის საჭიროა ქვეყნისთვისაც  მისი ოჯახისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც! დიახ, ხალხის და მეცნიერების ერთობამ   უნდა შეძლოს მთავარი- ადამიანი იბრძოდეს არა არსებობისათვის, არამედ  საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისთვის.

სწორედ ამიტომაა საჭირო  და ამიტომ უნდა შევქმნათ „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“, რომელიც არ იქნება პარტიული. პარლამენტში იქნებიან პროფესიონალები და მთავარ ამოცანად იქნება მიჩნეული მეცნიერთა მიერ შედგენილი პროგრამების რეალიზება. პარტიები არ უნდა შეშინდნენ, ეს იქნება ქვეყნის ხელოვნური განვითარების გზიდან, დაბრუნება ბუნებდივ განვითარებაზე. ეს  არის მაქსიმუმმ ოთხწლიანი პროგრამა. ორი წლისთავზე – ნდობის რეფერენდუმით. პარტიები ამ დროს, უქმად კი არ იქნებიან, ყველაზე დატვირთული შემოქმედებითი პერიოდი ექნებათ. იქმნება  პარტიათა ასამბლეა  და საერთაშორისო და ქართველ ექსპერტთა მონაწილეობით, მოსახლეობის უდიდესი ჩართულობით, ვწერთ მომავლის საქართველოს კონსტიტუციას, ვქმნით კანონპროექტებს რეფერენდუმის ჩატარებასთან, ადგილობრივი ხელისუფლების როლისა და ავტორიტეტის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ვწერთ კანონს ოპოზიციის შესახებ და ნამდვილად მართალი და ობიექტური საინფორმაციო სივრცის შესახებ. ანუ ვმოქმედებთ ისე, როგორც ეს ამერიკის ფუძემდებლებმა, ამერიკის კონსტიტუციის მამებმა გააკეთეს. ჯერ კანონპროექტები შექმნეს და მერე ჩაატარეს არჩევნები და მივიდნენ ხელისუფლებაში და არა ისე, როგორც ვიქცევით საქართველოში – ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარ თავზე რომ ირგებს კონსტიტუციას. აქვე უმნიშვნელოვანესი ხდება „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის იდეა, რომელიც საქართველოოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და 14 წელზე მეტია, თითი თითზე არ დაადო არც ერთმა ხელისუფლებამ ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი იდეის მოქმედებაში მოყვანისთვის. ყველაფერი ეს ქმნის პირობებს, ნამდვილად დემოკრატიული, ნამდვილად სამართლიანი, ნამდვილად თავისუფალი ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც რეალური გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც და ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომ უნიკალური მიწის, წყლის, ჰაერის, ბუნერივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ღირსეულად და არა – ღარიბად, რომ ასეთ უნიკალურ ქვეყნაში 80 % კვების პროდუქტები ქვეყნის გარედან არ შემოგვქონდეს, რომ ხალხი გარეთ არ გარბოდეს, ქვეყანა უცხოტომელებით არ ივსებოდეს და ქვეყანაში განათლება იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამები ხალხს უბრუნებს პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ წართმეულ სამშობლოს.

დიახ,  ჩვენ კატეგორიული ვართ იმაში, რომ ამ ეტაპზე, მომავალს ვერ ვხედავთ პარტიათა პარლამენტში, მაგრამ პოზიტიური ცვლილებების არნახულ პოტენციალს ვხედავთ ხალხისა და მოაროვნე ადამიანების, ხალხისა და  მეცნიერების ერთობაში, რომლის შედეგი უნდა იყოს სწორედ  „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ და დამკვიდრება პრინციპის: „ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად, ხაზგასმით ვამბობთ – დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“. სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ უმთავრესი სახელმწიფოებრივი საყრდენის გაძლიერებას, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია,ხოლო  ხელისუფლება მსახურია და არა – უფროსი!

შედეგი მით უფრო შთამბეჭდავი იქნება, რაც მეტი პარტია მიიღებს მეცნიერთა წინადადებებს. მართლაც, ბედნიერებით სავსე ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუ სახელისუფლებო და საპარლამენტო პარტიები შევერთდებით „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შემოთავაზებულ დიდ ქართულ იდეაში – “ეროვნული თანხმობის პარლამენტის” შექმნის იდეაში.

ჩვენ ველოდებით პარტიების გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ,  კარგი პირი არ უჩანს მათ პოზიციას და ღალატი, ძირითადად,  სახელისუფლებო და საპარლამენტო პარტიებიდან მოდის. ამ პარტიებში ჭარბობს ფიქრი პარტიულ ინტერესზე და დავიწყებულია საქვეყნო ინტერესი. გვახარებს პარტიათა ერთი ჯგუფის გადაწყვეტილება, იმოქმედონ „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამებისა და კონცეფციების მიხედვით, რომელთაც შექმნეს პარტიათა ერთობა  – „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“.

არის ორი ვარიანტი: თუ ყველა პარტია იღებს მეცნიერთა წინადადებას „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის თაობაზე, ეს იქნება უდიდესი ნახტომი ბედნიერებით სავსე ქვეყნისკენ სვლის გზაზე. თუ ეს არ მოხდა, და როგორც ჩანს, არ მოხდება, რაც ძალიან სამწუხაროა, პარტიული ინტერესია გამარჯვებული სახელმწიფო ინტერესზე, მაშინ ის პარტიები, რომლებიც უარს იტყვიან პარტიებისთვის ბრძოლაზე, მაგრამ მეცნიერებთან ერთობით, ექნებათ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღების რეალური პროგრამა, შესაძლებელი გახდება, საქართველოს პარლამენტში იყოს ხალხის, და არა პარტიული ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური გუნდი, ანუ ეროვნული თანხმობისათვის მებრძოლი ძალა საქართველოს პარლამენტში.

სათქმელი ვთქვით. გამგები გაგვიგებს. მთავარია, დრო არ დავკარგოთ, მით უფრო მაშინ, როცა მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამები გვაქვს, როცა ქართულ tv”-ზე დაწყებულია უნიკალური პროექტი – „საქართველო – დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“ . და მეცნიერებს აქვთ წლების წინ შექმნილი და ხელისუფლებებისგან უარყოფილ-იგნორირებული პროგრამული დოკუმენტისაქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ქვეყნის ოქროს ფონდია“, სადაც კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდი, ვინ ქმნის, ვინ შეიძლება იყოს მისი წევრი და ვისთვის არის დაკეტილი მისი კარები. (თან ერთვის). სწორედ იმიტომ, ვიწყებთ გაბედულად და თქვენი თანადგომის იმედით,  დიდ სახალხო მოძრაობას საქვეყნო კაცების მოძიებისა და პოლიტიკურ არენაზე მათი გამოყვანისთვის.

ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამუ ლიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს – ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე: დაეთათბირეთ ვისაც გნებავთ – ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ… დაეთათბირეთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს … დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამე ნტი, საქართველოს ხელისუფლება… ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახე- ლოთ რამდენიმე პიროვნება, არაუმეტეს ათისა. დავასახელოთ მომავლის საქა რთველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი პასუხისმგებლობით… დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმუდგენლად დიდი მომავლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკაცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი, როგორც ამას მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც.

ოთხი რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე, ინტელექტი და გამბედაობა დამანგრეველი ხდება! ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა… ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ეროვნული თანხმობის პარლამენტში“ ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმო მადგენელი ჰყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას… მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა  ასაკი, რომ მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები. თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან, მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს. ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის სიბრძნის – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! და კიდევ ერთი, რაც მთავარია: საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!

კარგი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში ცნობილმა აკადემიკოსმა, რომელსაც ერთი თვის წინ ვთხოვეთ, მოეწოდებინა სია ათამდე ადამიანისა, რომელთა გარე- შეც ვერ წარმოუდგენია ქვეყნის ხელისუფლება. დამატებით ერთი თვე გვთხოვა და ისიც გვითხრა: „შეიძლება ჩემ სიაში 7-8 ზე მეტი პიროვნება არ იყოსო.“ – აი, პა- სუხისმგებლობა! თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგე- ბით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპ- რები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული!

ვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებ რძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ… ფეხბუთელებმა და- გვარწმუნეს, რომ ერთობა ავლენს ეროვნულ ენერგიას… დრო იმაშიც გვარწმუნებს, რომ პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი, ანაწევრებენ, ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ! მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია – დღეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია უარი – „ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეაზე“. თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს – დაპირისპირებას და კონფრონტაციას, – გამარჯვების ფორმულად ხალხის და მეცნიერების ერთობა გვრჩება!

ერთად გავიმარჯვოთ მომავლის საქართველოსთვის!

 

„მეცნიერთა კონგრესის“ საბჭო

13 ივნისი, 2024 წელი

 

მეცნიერთა კონგრესის მიერ შექმნილი ფუნდამენტური დოკუმენტები

თემატური ვიდეომასალა

საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა (7 .06.2024 გადაცემა)

საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა (ეროვნული თანხმობის პარლამენტი 1. ნაწ. 

საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა (ეროვნული თანხმობის პარლამენტი 2 ნაწ. 

პ.ს. სიის ფორმირება უნდა დასრულდეს ივლისის ბოლოსთვის.

ჩვენი მისამართია ცოტნე დადიანის გამზ. N26

 მსურველებს შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენი მოსაზრება გამოთქვათ ტელევიზია „ქართულ tv“ – პირდაპირ ეთერში, „მეცნიერთა დროში“  –  ყოველ სამუშაო დღეს, 16: 00-დან 18:00 საათამდე.

მოგვწერეთ : E.MAIL METSNIERTA.KONGRESI@GMAIL.COM

QARTULIERTOBISDARBAZI@GMAIL.COM

დაგვიკავშირდით ფეისბუქზე „ქართული ერთობის დარბაზისა(“https://www.facebook.com/qartuliertobisdarbazi) და „მეცნიერთა კონგრესის“(https://www.facebook.com/televiziaqartuli) ფეისბუქის გვერდებზე, პროფილზე „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

 საბოლოო სახით, ამ დოკუმენტის მიღება მოხდება „მეცნიერთა კონგრესის“ გაფართოებულ სხდომაზე , ერთი კვირის განმავლობაში.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *