პროექტები

წერილი პრეზიდენტს

 

მის აღმატებულებას
საქართველოს პრეზიდენტს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

თქვენო აღმატებულებავ,
გვაქვს პატივი, მეცნიერთა კონგრესისა და ქართული ერთობის დარბაზის სახელით, გამოვხატოთ პოზიცია თქვენ მიერ გამოქვეყნებულ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით.

დასაწყისშივე ვამბობთ, რომ იდეა ასეთი დოკუმენტის შექმნის თაობაზე მისაღებია, თუმცა უნდა გაგრძელდეს უშაობა მის შინაარსთან დაკავშირებით. სასურველია, თუ ეს პროცესი იქნება საჯარო.

ჩვენ, თითქმის 20 წელია, ვითხოვთ ეროვნულ- სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებას და ამის პირველი მცდელობა გვქონდა ეროვნულ ყრილობაზე 2006 წლის ივნისში, რომელმაც მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების 1000- ზე მეტი წარმომადგენელი შეკრიბა და შექმნა ჯგუფი ასეთი დოქტრინის მომზადების მიზნით. ამ იდეაზე მაშინ მოხდა დიდი თავდასხმა, როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის და თქვენ მიერ. მაშინ თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდით. დაგვარბიეს და ჩვენი შემადგენლობის რამდენიმე წარმომადგენელი დააპატიმრეს. ჩვენ დოკუმენტზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია და ამ ხნის განმავლობაში, პერიოდულად წარვუდგენდით ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს დოქტრინის პროექტს. სამწუხაროდ, განხილვისა და დაინტერესების ნაცვლად, იგნორირება მივიღეთ.
ორი თვის წინ, თქვენ გაახლეთ გელათში, დავითობას, მეცნიერთა დიდი შემადგენლობით მიღებული დოქტრინის პროექტი, რომელშიც, როგორც ჩვენ ვფიქრიბთ, სრულყოფილად არის მოცემული ყველა ის პრინციპული საკითხი, დღეს რომ აღელვებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. სამწუხაროდ, ორი თვის განმავლობაში, ვერ მოიძებნა მეცნიერებთან შეხვედრის დრო და საშუალება. ამ დღეებში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, თქვენ მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია“

გიდასტურებთ პატივისცემას და გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩვენს მიერ თქვენთვის გამოგზავნილ დოქტრინის ტექსტს და თქვენდამი გამოგზავნილ წერილს, რომელიც ასევე უყურადღებოდ დარჩა. ჩვენი პოზიცია უცვლელია: საჭიროა პოლიტიკური გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ შეცდომად ვთვლით ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და როგორც წერილში გწერდით, ქვეყანას სჭირდება ისეთი კანონი და ზოგადად, კანონმდებლობა, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ძალის მისვლას, როგორც ეს თავის დროზე დაისახეს მიზნად ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მამებმა სწორედ ასეთი კანონმდებლობის შედეგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის საყრდენია მთელ მსოფლიოში და არის უძლიერესი სახელმწიფო. ჩვენ, სწორედ ყველას მხარდაჭერა გვჭირდება და უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული სტრუქტურების, რომ შევქმნათ ასეთი კანონმდებლობა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ერის მამის, ილია ჭავჭავაძის უმნიშვნელოვანესი შეგონება: „ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!“

ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია (როგორც ამას 18 მარტს გამოგზავნილ წერილში გწერდით) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თქვენი პატრონაჟით, პირდაპირი სატელევიზიო ეთერით შედგეს იმ წინადადებების და პროექტების განხილვა, რომელიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხთან და, რაც მთავარია, ქვეყანაში კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრა ბევრ რამეს გამოაჩენს და უპირველესად, იმას, რომ ხალხი დაინახავს ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობთ, ასეთი განხილვაა სწორი და არა დოკუმენტის გამოქვეყნება და იმის ხაზგასმა რომ ვინც ამ დოკუმენტს მოაწერს ხელს, დასავლური ორიენტაციისაა და ვინც არა – რუსულის. არ მინდა გეწყინოთ, მაგრამ თვით ეს მიდგომაა რუსული და ბოლშევიკური. ჩვენ, ქართული პოზიციის მატარებლები ვართ და ვთვლით, ჯერ რუსეთის მონა-მორჩილმა და მათ მიერ შერჩეულმა სახელისუფლო და პოლიტიკურმა კადრებმა გაანადგურეს რუსეთის ავტორიტეტი საქართველოში და ჩვენ არ გვინდა, რომ დასავლეთი არ ენდობოდეს ქართველ ხალხს და დასავლეთის გარკვეული ჯგუფები თავს ახვევდნენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს დასავლეთის სახელით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, სიკეთეს არ მოუტანენ ამერიკისა და ევროპის ავტორიტეტს საქართველოში.

კარგი იქნება, თუ შედგება დისკუსია თქვენთან, ან თქვენი გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც კარგად იცნობენ „ქართულ ქარტიას“. ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი ნაწილი საოცრად დეტალიზებულია და იმპერატიული ტონით არის ჩამოყალიბებული. რაც მთავარია, ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი არ არის ასახული ამ დოკუმენტში, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს დოკუმენტი პოლიტიზებულია და უფრო საარჩევნოა, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ, ვინც კი ეცნობა „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შემუშავებულ ეროვნული თანხმობის კონცეფციას, ყველა ადასტურებს, რომ ეს ყველაზე რეალური დოკუმენტია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით. ეს კონცეფცია შეტანილია წიგნად გამოცემულ კრებულში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, რომელიც თქვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადმოგეცათ. ეს დოკუმენტი ასევე გადაეცათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მარტო ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენს ყველა პროგრამულ დოკუმენტშია. ღიად და პირდაპირ ადასტურებს ქართულ პოზიციას, ეს პუნქტია: „საქართველო თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს სცემენ მის ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“. ეს წყალგამყოფია ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან – არა.

გიდასტურებთ პატივისცემას და გთავაზობთ თანამსრომლობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტების შექმნის თვალსაზრისით. ჩვენ გვეამაყება, რომ პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს ბევრი დეპუტატი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები, ათამდე პოლიტიკური პარტია შემოუერთდა მეცნიერთა პროგრამებს, დოქტრინას და იზიარებენ იმ ფუნდამენტურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია „მეცნიერთა კონგრესისა“ და „ქართული ერთობის დარბაზის“ პროგრამულ დოკუმენტებში. აქვე გაახლებთ ზოგიერთ მოსაზრებას „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით, რომელიც თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტის გაცნობისთანავე შევიმუშავეთ.

თუ ეს დისკუსია შედგება და ჩვენ მოსაზრებებს გავცვლით, სწორედ ეს არის დასავლური კულტურა. ეჭვი არ გვეპარება, რომ გაცილებით მეტი პოლიტიკური პარტია დამატებით შემოუერთდება ქარტიას და რაც მთავარია, თვით ასეთი განხილვა ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას.

უზენაესი საბჭოს დეპუტატები, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები :
თენგიზ დიხამინჯია
თეიმურაზ შაშიაშვილი
მეცნიერების დოქტორი , ვახში ჟვანია
მეცნიერების დოქტორი, აფხაზეთიდან დევნილი,
გიორგი ბენდელავა
მეწარმე, ელგუჯა ქოჩიაშვილი

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *