"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გვაქვს პატივი, „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“ დავალებით, წარმოგიდგინოთ კონგრესის გადაწყვეტილება: “მიზანია ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“.

ეს დოკუმენტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქმნებოდა. ის არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ჩვენეული ანალიზი, მიღებული, როგორც ოფიციალურ სტატისტიკაზე, ასევე, და რაც მთავარია, მოსახლეობაში არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით.

თქვენ შეიძლება არ გაიზიაროთ, მაგრამ ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ,  საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო არაბუნებრივად თვითკმაყოფილი და ყოველ ეტაპზე ოპოზიცია იყო ჩასაფრებული, რასაც ის გაბოროტებამდე მიჰყავდა და მიჰყავს. ასეთმა რეალობამ ქვეყანაში დაამკვიდრა დაპირისპირების დამანგრეველი პოლიტიკა, მაშინ როცა ქვეყნის მომავალი მხოლოდ თანამშრომლობასთანაა დაკავშირებული.

ანალიზით ვრწმუნდებით, რომ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ყოველ ეტაპზე, ყოველ ხელისუფლებას დესტრუქციულთან ბრძოლა უფრო აწყობდა და უადვილდებოდა, ვიდრე კონსტრუქციულთან თანამშრომლობა. კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ნებისმიერი ფორმაციის დროს, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მხოლოდ მეცნიერება იყო კონსტრუქციული თანამშრომლობის როლში და ის ხელისუფლება იყო წარმატებული, რომელიც ეყრდნობოდა მეცნიერებას და ქვეყანას მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით მართავდა. მყარად დამკვიდრდა ცნობილ ფილოსოფოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა ფრთიანი გამოთქმა: “მეცნიერი ფიქრობს მომავალზე, პოლიტიკოსი – არჩევნებზე”.

სწორედ არჩევნებზე ფიქრმა დაგვავიწყა მეცნიერება, ის უდიდესი სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ისტორიულად ჰქონდა საქართველოს და დღემდე შენარჩუნებულია. ამის დასტურია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცნიერთა საერთაშორისო მასშტაბის შედეგები. სწორედ პოლიტიკის გაფეტიშებამ და მეცნიერების იგნორირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად.

რეალობა მწარეა: კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! მაგრამ როგორ შევცვალოთ? ეს, შესაძლებელია მხოლოდ მშვიდი, აკადემიური და კონსტრუქციული დიალოგით, რომელსაც გთავაზობთ ჩვენ.

კარგად გვესმის, რომ თქვენ შეგაწუხებთ ჩვენი კატეგორიული პოზიცია, მაგრამ გარწმუნებთ, ის შედეგია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის, რომელიც ხშირად იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ ამას ვგრძნობთ, ვიდრე ეს ხელისუფლებებს წარმოუდგენიათ. მეორეს მხრივ, გვინდა გაითვაილიწინოთ, რომ თითქმის ოცი წელია, მეცნიერები, ცნობილი მოღვაწეები უგზავნიან ხელისუფლებებს კონკრეტულ ანალიზებს, წინადადებებს, რომელთაც ხელისუფალნი ან იგნორირებას უკეთებენ, ან ყრუ კედელს ახვედრებენ. მხოლოდ გახსენების სახით. დიდი მოღვაწის, მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში, მეცნიერთა დიდი მონაწილეობით შეიქმნა და შემდგომ ასევე დიდი მოღვაწის, ბატონ რეზო ჩხეიძის სახლში ცნობილი მოღვაწეების: გიგა ბათიაშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, გივი  თოიძის, ომარ მხეიძის, რომან რურუას, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის მიერ ხელი მოეწერა უნიკალურ ეროვნულ დოკუმენტს: “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ჩვენ, მეცნიერებმა შევქმენით ქვეყნის განვითარების  კონცეფცია: “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და პროგრამული დოკუმენტი: “ახალი განზომილება- რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”. ხალხის და მეცნიერების  თანამშრომლობით, შეიქმნა უნიკალური დოკუმენტი „ხალხის წერილი“, რომელსაც დღემდე ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.  ათი წელია, ამ დოკუმენტებს უკვე წიგნებად გამოცემულს, გადავცემთ ქვეყნის პირველ პირებს, მთელს სახელისუფლებო ვერტიკალს.  სრული უყურადღებობა!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს მისი კონსტიტუციური მოვალეობა: ხალხს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი, საცხოვრისი, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და ქვეყანაში იყოს განათლების მიღების თანაბარი პირობები, დაცული იყოს სამართლიანობა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს, მოიხსნას ყოველგვარი პრივილეგიები დეპუტატებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და გაცნობიერდეს, რომ ხელისუფლება უფროსი კი არა, მსახურია, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უნდა ასრულებდეს მის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციას: ქმნიდეს კონკურენტულ გარემოს და ადამიანი იყოს დაცული.

შეიძლება თქვენ მიგაჩნდეთ, რომ  ხელისუფლება ყველაფერ ამას ასრულებს. ღია დისკუსია ყველაფერს მოჰფენს ნათელს. თუნდაც იმას, რომ დღეს საარსებო მინიმუმი არა 200-250 ლარის ფარგლებშია, როგორც ამას გვარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ 1100-1300 ლარის, როგორც ამას ჩვენ და დამოუკიდებელი ექსპერტები ვამტკიცებთ და თუ აშშ და ევროპის საარსებო კალათის ღირებულებიდან ამოვალთ, ეს ციფრი 2-3-ჯერ იზრდება.

დიახ, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ცხოვრობდეთ, ადამიანებს არსებობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვცხოვრობდეთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მომავლის საქართველოსთვის. ამას ექნება ხალხის მხარდაჭერა. მაგრამ თუ ხელისუფლება კვლავ იგნორირების გზას დაადგება, კვლავ ჩაიკეტება  მეცნიერული პროგრამებისთვის საინფორმაციო საშუალებები, ეს იქნება ყველასთვის ცუდი  – ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგწერეთ გულახდილი წერილი. გიგზავნით პროგრამას. ჩვენი სურვილია, პირადად გაეცნოთ და მიიღოთ წინადადება, მეცნიერთა კონგრესთან შეხვედრის თაობაზე. პირველ ეტაპზე, თუნდაც მის გარკვეულ ნაწილთან.

თანამშრომლობის დიდი იმედით,

ამირან აფციაური – ფიზიკოსი, მეცნ. დოქტორი, ეკოლოგიის მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

რეზო ბალანჩივაძე – ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, განათლების მეცნ. აკადემიის წევრი

ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის მეცნ. დოქტორი

ციური გარუჩავა – მუსიკოსი, მწერალი, მთარგმნელი

რამაზ გახოკიძე – ქიმიკოსი, მეცნ. დოქტორი,საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრი

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიკოსი,მეცნიერების დოქტორი

პაატა კოღუაშვილი – ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში

ჰამლეტ მელაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, ევროპის აკადემიის წევრი

რამაზ ნამიჭეიშვილი – ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე

ვახში ჟვანია – კიბერნეტიკოსი, მეცნ. დოქტორი

მურმან ქურიძე  – ტექნიკის მეცნ. დოქტორი, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის აკადემიის წევრი

შოთა ჩხეიძე – ტექნიკის მეცნ.დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი კვების საკითხებში

 

საკონტაქტო პირები: ამირან აფციაური ტელ.: 514 01 01 71

ციური გარუჩავა ტელ.: 593 32 70 96

18 მაისი, 2021 წელი

თბილისი

იხ. მეცნიერთა პროგრამა:”ადამიანია მიზანი სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!”

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *