პროგრამულიპროექტები

„პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“

 

 ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნებამ, რუსთაველის საზოგადოებისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ქურდიანმა საზოგადოებრივი მოძრაობა „წინ საქართველოს“ დამფუძნებლებთან ერთად ჩამოაყალიბა „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი კონცეფცია.

რაც დრო გადის, ასეთი წიგნის, უფრო სწორად, ასეთი ფუნდამენტური კვლევის აუცილებლობა კიდევ მეტად იზრდება და მისი გასაჯაროების აუცილებლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მომავალს!

 

* * *

თანამედროვე საზოგადოების პრობლემა შერჩევითი სიბრმავის, სიყრუისა და ყოვლისმიმტევებლობის გარდა გულმავიწყობაცაა..

პოლიტიკოსებს პირადი სიმპათია – ანტიპათიიის მიხედვით უვიწყებენ წარსულის შეცდომებსა თუ ცოდვებს.

მე ფართო საზოგადოებრიობაზე ვლაპარაკობ, თორემ თავად პოლიტიკოსები და მათი თანაპარტიელები ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიით ცდილობენ საკუთარი ლიდერების პერმანენტული უზნეობის გამართლებას თუ დაფარვას, ან თუნდაც, დავიწყების ბურუსში გახვევას – ეს უწესობა მათი ცხოვრების წესია და პასუხი მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში მოეთხოვებათ!

სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკული, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად მე გადავწყვიტე შევადგინო და გამოვცე წიგნი“ სახელწოდებით:

 

ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში

(რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით)

რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი (დოკუმენტირებული) გამონათქვამები სახელმწიფოსთვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე მიუკერძოებელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს _ უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტებში, ვინ უჭერდა მხარს ვის, ან რის სამსახურში იდგა, ვის ან რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს, მართლდება თუ არა მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები და ა.შ.

ასეთი წიგნის შედგენაზე გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა დამარწმუნა არა მხოლოდ მის აქტუალურობაში, არამედ, მის სასიცოცხლო აუცილებლობაში.

ადამიანი პოლიტიკოსობაზე რომ თანხმდება, ის უკვე მხად არის შინაგანად თუ სრული სიცრუის არა, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი სიმართლის სათქმელად და გასამართლებლად მაინც.

ჩვენს თვალწინ მოხდა ცოდვამრავალი შევარდნაძის ფავორიტების მიერ შევარდნაძის დამხობა და ახლა სწორედ ისინი ემიჯნებიან მას და მის პოლიტიკას, ვინც ამ პოლიტიკის იდეოლოგები და „მოქკავშირის“ შემოქმედნი იყვნენ – ვინც შევარდნაძის ხელდასმით ხდებოდა მოქკავშირის გენერალური მდივანი, პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ. და ა.შ.

ჩვენს თვალწინ პატიოსნებას იჩემებს და სხვას მოუწოდებს პატიოსნებისკენ კაცი, რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თავის მოადგილედ დანიშნა განათლებით ბიოლოგი მეგობარი ქალი და მას პენიტენციალური სისტემის კურატორობა ჩააბარა. მკვლელობისთვის ძებნილი საკუთარი ძმა მის სახლში, მისივე თანდასწრებით დაიჭირეს, ის ქალბატონი იძულებული გახდა გადადგომაზე დაეწერა განცხადება. მინისტრმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლა, რადგან მისი კლანის წევრი იყო. ის, ვინც სამართალი, ზნეობა და საზოგადოებრივი ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიკიდა ფეხზე. რატომ გაუწევს ყოველივე ამას ანგარიშს პრეზიდენტის რანგში ყოფნისას?!

არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა შეუძლია დადგომა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი დანაშაულებრივი საქციელის დავიწყებისა.

აქედან გამომდინარე, დავაფიქსიროთ ყველაფერი და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ტრადიციად ახალი წიგნის შექმნა – დაე, პოლიტიკოსები ძრწოდნენ იმის შიშით, რომ მათი ყოველი ანგარებიანი და არასწორი ნაბიჯი იქნება საჯაროდ გამოაშკარავებულ-მხილებული…

შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს არჩევანის უფლებასთან ერთად უფლისაგან აქვს მინიჭებული. პოლტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც ინანიებს ცოდვებსა და შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არავისი მსაჯულები არ ვართ , არავის განვიკითხავთ, ჩვენ მხოლოდ ყველაფერს აღვნუსხავთ, კარგსაც და ცუდსაც, მონანიებულსაც და მოსანანიებელსაც, რადგანარა არს რა დაფარული, რაც არ გაცხადდება

შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა.

მივმართავ ყველას, ვისთვისაც სიმართლისა და ჭეშარიტების მსახურება ჯერ კიდევ ფასეულობას წარმოადგენს, ვინც ცხოვრობს პრინციპით: „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად“… უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს საინფორმაციო ბაზათა მფლობელებს – გახდნენ ამ წიგნის თანაავტორები, ამოუდგნენ მხარში ამ იდეას – ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ საჭირო ფოტოები და დოკუმენტები, რათა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოში უზნეო და უპრინციპო პოლიტიკოსმა მთელი ერის მოტყუება, ქვეყნისთვის თვალებში ნაცრის შეყრა – ჩვენ ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ვთქვათ ისე დასაბუთებულად, რომ მათი ფანატებისა და მანიაკების გარდა ყველასთვის ცხადი და სანდო იყოს, რასაც ვიტყვით.

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ჩემი ქვეყნის ის შვილი ვარ, რომელმაც თავზე ყველაზე უსიამო მისია აიღო – არასოდეს ეცრუოს თავისი სამშობლოს და ყოველთვის მხოლოდ სიმართლე უთხრას, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც.

მიხეილ ქურდიანი,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი „წინ საქართველოს“ მთავარი კომიტეტის წევრი, დამფუძნებელთა საბჭოს სპიკერი.

 

2005 წლის ივლისი

მინაწერი: „ქართული ერთობის დარბაზი“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და „მეცნიერთა კონგრესი“ _ ეროვნული თანადგომისთვის იზიარებს ამ პოზიციას და მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან, რათა შეიქმნას ასეთი უნიკალური წიგნი.

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *