პროექტებიქართული ერთობის დარბაზი

ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია – „ქართულს“

 

„ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია. ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია!“

„ქართული ერთობის დარბაზი“

  ჩვენ ხელი მოვაწერეთ მოქმედების მანიფესტს ­ ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელშიც გამოკვეთილად ითქვა დღევანდელობის ერთი მძიმე სიმართლე:

„საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, პირიქით, ებრძვის საქართველოს, ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები“

„ქართული ტვ“ დააფუძნა „ჯარისკაცის მამამ“ ­ რეზო ჩხეიძემ ღვთისმშობლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საჩუქრად გადასცა სრულიად საქართველოს.

ყოველ ქართველს, საქართველოს შვილს, საქართველოს მეგობარს, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის ეს წერილი…

 

ბატონი რეზო ხომ ყოველ ჩვენგანს მოგვმართავს

ჩემო მეგობარო,

ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე…

ჩემი სიმდიდრე – განვლილი გზაა, ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინა. ჩემი სიმდიდრე – ჩემი ფილმებია, მათ შორისაა უკვე 50 წლის „ჯარისკაცის მამა“.

ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენგანისათვის სათაყვანებელი სახელით – „ქართული“. სიმბოლურია, რომ გიორგობა დღეს, სამების ტაძარში, პატრიარქსა და საზოგადოებას ვაუწყე ამ ტელევიზიის მშობელი ერისთვის საჩუქრად გადაცემის განზრახვის თაობაზე. გარდავქმენი სააქციო საზოგადოებად და ჩემს მეგობრებთან ერთად, ქვეყნის საამაყო შვილებთან: რომან რურუასთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გიგა ბათიაშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად დავიწყეთ დიდი პროცესი არა უბრალოდ სიტყვით, არამედ ბუნებით დემოკრატიული, რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნისა საქართველოში.

მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხასტელეკომპანიის შემდგომი გაძლიერებისთვის. ამ აქციების გამო, არც ერთი ჩვენგანი დიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომ დიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა – „დემოკრატიული საჩუქარი“ გავუკეთეთ სამშობლოს. ეს იქნება პროექტი, რომელსაც მომავალი უფრო დააფასებს, ვიდრე ჩვენ ეს დღეს წარმოგვიდგენია.

ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.

ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდის გამთლიანების, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.

ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, 8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედაუნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული საქართველოს ეტაპობრივად მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა,ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა.მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება, ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით... ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური ფილმი -„რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელ მსოფლიოში საოცრებებს ახდენს … ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა – ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა -სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და არა – სიძუნწე. ჩემი ასაკისა და გამოცდილების კაცს დაეჯერება: ამ საქმის მხარდაჭერა უპირველესად, სულიერებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მოქმედების საზომიც ეს არის.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში და სწორედ ეს იქნება ყველას ერთობით გაკეთებული „დემოკრატიული საჩუქარი“ სამშობლოსადმი, რომლითაც იამაყებს შთამომავლობა.

მშვიდობა ყოველთა ჩვენთა!

რეზო ჩხეიძე

კონორეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი

მართლაც, დიდი სიტყვა და ანდერძი დაგვიტოვა ბატონმა რეზომ. ეს დიდი საუბარი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა, იქ იქნა მიღებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ტელევიზია არც ხელისუფლების იქნება, არც ოპოზიციის. იგი ქვეყნის და ხალხის კუთვნილება იქნება, მათი ინტერესების გამომხატველი.

მართლაც,უნიკალურია,არსებობდეს ტელევიზია, რომელიც იქნება სააქციო და მისი აქციონერი პირველ ეტაპზე იქნება საქართველოს ყოველი ოჯახი, მეორე ეტაპზე კი,საქართველოს ყოველი მოქალაქე და მეგობარი.

ჩვენ დიდი იმედით შევყურებთ ერთი, მართლაც, გამორჩეული მამულიშვილის, ინიციატივას, რომ დაეხმაროს აქციების შეძენაში ყველა იმ ოჯახს და პიროვნებას, რომელიც ვერ შეძლებს საკუთარი სახსრებით მის შეძენას.

ქართული ერთობის დარბაზი, საქართველოს ხალხთა ასამბლეა, მეცნიერთა კონგრესი ადასტურებს თავის მხარდაჭერას „ქართულ-ოსური“ და „ქართულ აფხაზური“ მისიების ამ პოზიციისადმი… სწორედ ამ განწყობით დაფუძნდა „ საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, რომელსაც მომდევნო წელს 10 წელი უსრულდება

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *