მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის პოზიცია

 

ეს სხვა წიგნია. შეიძლება საკითხავად, არც ისე სასიამოვნო, მაგრამ საჭირო. ბუნებრივია, საკამათოც ბევრია, მაგრამ გულწრფელობითა და სიყვარულითაა დაწერილი. რაც მთავარია, დამანგრეველი დაპირისპირებებით სავსე ეპოქაში, თანამშრომლობის დამკვიდრების მცდელობაა!

ეს არ არის მოქმედების პროგრამა. ეს მხოლოდ თეზისებია. ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ პროგრამა. მისი შედგენა მხოლოდ ასეთი ერთობით და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების, მეცნიერთა, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ძალისხმევითაა შესაძლებელი.

ბევრი გვეკამათება სახელწოდებასთან დაკავშირებით. გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტებს: „სხვა, ანუ ქარული გზა“, „ქართული გზა“, „სხვა გზა“, „ახალი გზა“, ,,სხვა განზომილება“, ,,ჩვენი განზომილებით“, ,,მომავლის საზომით“. კიდევ ბევრი გაჩნდება. ეს კარგი პროცესია და შეთანხმებასაც შევძლებთ.

ბევრი მიიჩნევს, რომ დღეს პარტიულ და პოლიტიკურ „სამთავროებად“ დაყოფილ საქართველოში ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა შეუძლებელია. ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ: არამარტო შესაძლებელია, არამედ მის გარეშე ქვეყანას მომავალიც არა აქვს!

ჩვენ გვესმის, რომ როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან დღემდე ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა, არადა ეს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ჩვენ არ ვითხოვდით – ხელისუფლების ინტერესში არ იყო, რის გამოც ყველა დღემდე არსებული ხელისუფლება ხალხის კონტროლიდან იყო გამოსული. აქსიომაა, ხალხი არჩევნების დროს უნდა ფიქრობდეს ისეთ ხელისუფლებაზე, ვისთანაც დაპირისპირება არ დასჭირდება, რომ თავისი მისია აღასრულოს. დიახ, ჩვენ უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მსახურ ხელისუფლებას და არა პირიქით! თუ ასეთი არ არის, უნდა ვცვლიდეთ მას. ამ ცვლილებებს კი სათავეში ინტელიგენცია უნდა ედგას და არა პოლიტიკოსები, მით უფრო, თვითმარქვია და აგრესიული პოლიტიკოსები!!!

ჩვენი ამოცანაა, კარგად გავაცნობიეროთ ინტელიგენციის, ზოგადად, მოაზროვნე ადამიანების როლი და ფუნქცია. ისინი ხელისუფლებას კი არ უნდა იცავდნენ ხალხისგან (როგორც ეს დღეს ხდება), არამედ ხალხს იცავდნენ ხელისუფლებისგან!

ჩვენ ამ გზაზე კაცობრიობის მიერ შემუშავებულ ოქროს კანონს – ბიბლიურ პრინციპს ვიღებთ მთავარ საყრდენად:

„მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული!“

ჩვენთვის უმაღლესი მიზანი და ღირებულება სამშობლოა, აქ ერთნი უნდა ვიყოთ! შეიძლება პოლიტიკური შეხედულებები სხვადასხვა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი საქმიანობის უპირველესი საფუძველი სიყვარული უნდა გახდეს. აკი გვასწავლიდნენ ჩვენი დიდი წინაპრები: „სიყვარული აღგვამაღლებს!“-ო.

ბოლოს და ბოლოს უნდა გავიცნობიეროთ, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. ეს ფუნდამენტური საკითხია!

თუმცა, ეს არ ნიშნავს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ – პირიქით, ეს ნიშნავს განსჯას ხელისუფლების არჩევის წინ.

ჩვენ ათწლეულებია, სიბნელეში შევყავართ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ ხელისუფლებებს. ეს უპასუხისმგებლობაა ორივე მხრიდან – ვინც ამას აკეთებს და ვინც ამას ითმებს. არადა, დრომ დაადასტურა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, დამანგრეველია. ჩვენი თავისუფლება კი პასუხისმგებლობაშია არჩევანის მიმართ – ჩვენ გვჭირდება ღირსეული პიროვნებებისგან შემდგარი ხელისუფლება!

ბევრს უკვირს, რატომ ვეძებთ ჩვენ სხვა გზას. პირდაპირ ვამბობთ: ჩვენ განსხვავებულ გზას კი არ ვეძებთ, მაგრამ გზა, რომლითაც ათეული წლებია მივდივართ, არ არის ქართული, სახელმწიფოებრივი ქმედებებით დატვირთული. ჩვენი ცდა კი ეს იქნება გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ,რაც ქართულ გზაზე დაბრუნებას ნიშნავს!

ჩვენთვის, მეცნიერთათვის, ბედნიერებაა თანამშრომლობა „ქართული ერთობის დარბაზთან“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეასთან“, ახალგაზრდებთან, რომლებიც მართლაც, შემკულნი არიან ქართული ეროვნული ცნობიერებით. ეს უძვირფასესი სიმდიდრეა, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება! სწორედ ჩვენმა ურთიერთობამ შექმნა საფუძველი, მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდობის ინიციატივისთვის, რომ ქართულ სივრცეში დაბრუნდეს ცნება – მადლიერება. გვეამაყება, რომ ვდგავართ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთაც მოიფიქრეს მადლიერებისა და პატივგების დღეების ჩატარება და მას საერთაშორისო მასშტაბი მიანიჭეს!

თავის დროზე ახალგაზრდებმა მერაბ ბერძენიშვილთან, რეზო ჩხეიძესთან და „ქართული ერთობის დარბაზის“ სხვა დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდგომ, გულწრფელად თქვეს თავიანთი სათქმელი: ჩვენი მომავალი თაობათა ერთიანობაშია, ვინც თაობებს აპირისპირებს – ებრძვის საქართველოს!

ამ ურთიერთობამ დაბადა აზრი, რომ საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნოს აზროვნების გიგანტის – ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წელი. ის ხომ მართლაც, უდიდესი ევროპელი იყო – ქართული ცნობიერების, ქართული ტრადიციების, დიდი ევროპელი!

სწორედ ამ განწყობითაა ჩამოყალიბებული ის წერილი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს ხელისუფლებას ეგზავნება „ქართული ერთობის დარბაზის“, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების სახელით. მადლიერების გრძნობითაა აღვსილი წერილები მერაბ ბერძენიშვილზე, ჟიული შარტავაზე, რეზო ჩხეიძესა და რამაზ ლომინაძეზე. ბატონი რამაზი გახლდათ სწორედ ის პიროვნება, რომელიც უძღვებოდა „ქართული ერთობის დარბაზის“ და მეცნიერთა კონგრესის დღემდე ჩატარებულ ყველა სესიას (მეცნიერთა კონგრესის სამ სესიას).

ჩატარებულმა სესიებმა, მეცნიერთა და ახალგაზრდების ურთიერთობამ, მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ პოლიტიკური რადიკალიზმი, რომელიც მოდის ქუჩიდან, დამანგრეველია, როგორც სახელწიფოსთვის, ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ქართული ცნობიერებისთვის, მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის მომავალი ინტელექტუალურ რადიკალიზაციასთანაა დაკავშირებული!

სწორედ ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ! ქვეყანა, რომელსაც აქვს რა ასეთი მიწა, ასეთი წყალი, ასეთ ჰაერი, ასეთი სითბო და ჰყავს ასეთი ინტელექტის ხალხი, ასე არ შეიძლება ცხოვრობდეს!

დიდი მადლობა „ქართული ერთობის დარბაზის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“, ინტელექტით, სიბრძნით, ზნეობით და რწმენით სავსე ადამიანებს, ნამდვილ მამულიშვილებს, მეცნიერებისა და მეცნიერებისადმი ასეთი დამოკიდებულებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობით, მეცნიერება მიჩნეულია ხელისუფლების უპირველეს მრჩევლად. აქედან გამომდინარე, სწორედ გვისაყვედურეს: რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებები აკეთებენ, თუ ეს თქვენი რჩევითაა, მაშინ რად გვინდა ასეთი მეცნიერება, მაგრამ თუ თქვენს რჩევებს ხელისუფლება არ იღებს ან არ ითვალისწინებს, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლებაო!

კატეგორიული ნათქვამია. თუმცა, ეს არ ნიშნავს ომს ხელისუფლების წინააღმდეგ – ეს ნიშნავს თანამშრომლობას ან თანამშრომლობის იძულებას. ხალხს პირდაპირ უნდა ვუთხრათ: ხელისუფლებას არ სურს, ან მზად არ არის ასეთი მუშაობისთვის!

თქვენ აქ იხილავთ დღევანდელობის ობიექტურ შეფასებას და მომავლის პროგრამის კონტურებსაც. უფრო კარგად გააცნობიერებთ იმ შესაძლებლობებსაც, რომელიც რეალურად გვაქვს, მაგრამ არ ვიყენებთ.

ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლობის 7-10 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა. არადა, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ყველა პირობა აქვს, წარმატებულზე წარმატებული იყოს!

ლეგენდარულმა რომან რურუამ, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში, სასწაული მაგალითი მოგვცა: ქალაქიდან სოფლად გადასახლდა და საკუთარი ხელით, შრომითა და გარჯით, კლდე-ყორე წალკოტად აქცია. ეს ნამდვილი ეკონომიკური სასწაულია.

ბედნიერებაა, როცა ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანები. ეს პოტენციალი უმრავლესობაშია. მთავარია, ქვეყანაში შევქმნათ მისი რეალიზაციისთვის შესაფერისი გარემო. ესაა ამოცანა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრივად ფიქრობდნენ ბატონები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, სხვა მეგობრები „ქართული ერთობის დარბაზიდან“, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის – პირიქით, იგი ებრძვის საქართველოს. უნდა შევქმნათ ერთი ტელევიზია მაინც, რომელიც ქართული სულით იქნება გაჟღენთილი, სახელმწიფოს განწყობით იაზროვნებს და რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება! ჩვენ დღეს, ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“, როგორც ამას იმედიანად და ომახიანად ამბობდა ლეგენდარული რეჟისორი, რეზო ჩხეიძე.

ხალხმა უნდა იცოდეს, რას ვფიქრობთ მომავალ საქართველოზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რა პროგრამები გვაქვს და როგორია ჩვენი ხედვა ერისა და ბერის ერთიანობასთან დაკავშირებით. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რა პასუხისმგებლობით დგას ამ საქმესთან!

ეს წიგნი გამოწვევაა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალისთვის. სწორედ ამიტომ იგი  ხელისუფლების ყველა შტოსთან მივა სოფლის გამგებლით დაწყებული, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარითა და საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული. ეს არის დიდი შემოძახილი, რომ ჩვენს წინაშე ისტორიული შანსია, რომლის გამოუყენებლობას არც ისტორია, არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს!

ვიწყებთ სრულიად ახალ პროცესს, რომლის მონაწილე ყოველი ჩვენთაგანი უნდა გახდეს. აქ განსაკუთრებულია ინტელექტუალური ელიტის როლი. დუმილი დანაშაულის ტოლფასია! ჩვენ სულიერმა მამამ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილი მეორემ მოგვცა კურთხევა: ვიმოქმედოთ ისე, რომ იყოს თაობათა ერთიანობაც, საქართველოში და საქართველოს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთობაც, ბრძოლაც ძლიერი სახელმწიფოსთვის, ტოლერანტობაც, ეროვნული დამოუკიდებლობაც და ტერიტორიული მთლიანობაც!

ახლა გამოჩნდება, ვინ ვინ ვართ და ვის რა გვამოძრავებს. ახლა გამოჩნდება ვისთვისაა ხელისუფლებისთვის ბრძოლა მთავარი და ვისთვის – ცივილიზებული სახელმწიფოსთვის!

სიყვარულით განვწმინდოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და დავიწყოთ მოქმედება!

დავიწყოთ იმით, რომ მეფეთ-მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი დავაბრუნოთ იქ, სადაც იგი აღიმართა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ხალხს ეს უნდა, პატრიარქის პოზიციაც იგივეა, სიტყვა ხელისუფლებაზეა! დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება ყურად იღებს ამ იდეის მხარდაჭერას და ძეგლიც თავის ძველ ადგილს დაუბრუნდება. ეს უნდა იყოს ნიშანი სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში დავით აღმაშენებლის ეპოქის აღმშენებლური სულის, ანუ ქართული იდეოლოგიის დაბრუნებისა!

დიახ, მოქმედების დროა!

ძალა – ერთობაშია!

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *