მეცნიერთა კონგრესი

ინტელიგენციის შეკრების მსვლელობა

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საჭიროა სისტემური გარდაქნები ვიწყებთ საჯარო საუბარს მომავლის საქართველოსთვის

 

  • შეხვედრას მოკლე შესავალი სიტყვით ხსნის საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი. სიტყვის დასასრულს აცხადებს შეხვედრის წამყვანს, იზა ვეფხვაძეს, ლიტერატორს, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელს და ინტელიგენციის ერთი ჯგუფის მიმართვის ტექსტის გასაცნობად, სიტყვას გადასცემს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯუმბერ კოპალიანს.

 

  • სიტყვას წარმოთქვამს ბატონი ჯუმბერ კოპალიანი.
  • შეკრების მსვლელობას აგრძელებს ქალბატონი იზა ვეფხვაძე.

 

ქალბატონი იზა ვეფხვაძის სიტყვის მონახაზი.

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო თქვენთან ერთად, ხელს ვაწერდე დოკუმენტს, რომელიც ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა წარმოადგინა და სიტყვა მიმეღო ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანისგან, ბატონ ანზორ ერქომაიშვილისგან. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც მიუხედავად ენით აღუწერელი გაჭირვებისა და  სუბიექტური თუ ობიექტური სიძნელეებისა, ჯერ კიდევ ჰყავს დიდი ინტელიგენცია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი კულტურის მოღვაწეებით, ჩვენი მეცნიერებით, პროფესიონალებით ყველა დარგში: განათლებით დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული.

ბატონებო, თქვენ აქ ხედავთ სურათს, რომელზეც გახლეჩილი ბროწეულია გამოსახული. ეს გარკვეულწილად, ჩვენი ქვეყნის დღევანდელობას განსაზღვრავს. დიდმა გრიგოლ რობაქიძემ  თქვა: „საქართველო დაჭრილი მზეა“, ეს სურათი ამ განწყობას აგრძელებს. ბროწეული – ნაყოფიერების, სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. მეტიც, ქრისტიანულ სიმბოლიკაში, ბროწეულის ნაყოფი, რომელიც მარცვლების სიმრავლით გამოირჩევა,  პირველყოვლისა ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს. ხოლო მარცვლები, ერთ, უნიკალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ამ უნიკალური ნახატის ავტორია თეკლა ახალგაზრდა უნიჭიერესი მხატვარი, თეკლა მელაძეა. მან ახლახან დაამთავრა სკოლა,   დისტანციური სწავლების მეთოდით აგრძელებს სწავლას ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტში. თეკლა მონაწილეობდა ვენეციის 58-ე ბიენალეზე, საიდანაც ერთი თვის წინ დაბრუნდა და ვენეციაში ხაზგასმით ითქვა,  რომ ის არის დღემდე ჩატარებული ყველა ბიენალეს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ეს არის საქართველო! თეკლა დღეს ჩვენთან ერთადაა. მას მინდა მივულოცოთ ეს დიდი გამარჯვება. ჩვენ მის გამარჯვებად ვთვლით იმასაც, რომ მეცნიერთა გუნდმა, რომელიც ორი წლის განმავლობაში ქმნიდა ქვეყნის განვითარების კონცეფციას – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, წიგნად გამოცემული ამ კონცეფციის გარეკანზე სწორედ ამ სურათის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მართლაც, უნიკალური კონცეფციაა. როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ, მოისმინა „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლების, „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“ წევრების განზრახვა მისი შექმნის თაობაზე, სწორედ ის სიტყვები წარმოთქვა, რომლითაც იწყება ეს კონცეფცია: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.

ამას დრო ადასტურებს. ვინც ამ კონცეფციას და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ  პროგრამულ კრებულს   „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“ გაეცნო, ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ყველაფერი ის, რაც ამ კრებულებში წერია, მართლაც, ჰაერივით სჭირდება საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ მეცნიერებმა ამ წიგნში შეიტანეს: ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის ‘თამარ მეფე“. ეს მართლაც, ბედნიერებაა, ბატონებო! ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ორ უდიდეს მწერალს აქვს შექმნილი ნაწარმოები ორ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეზე. ჩვენთვის მთავარია, პატივს მივაგებდეთ მეცნიერებს და მეცნიერებას და სახელმწიფო იმართებოდეს მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით.

ჩვენ ამ კრებულებს დღეს ხშირად დავუბრუნდებით, მაგრამ გთხოვთ, დააკვირდეთ, რას გვეუბნებიან მეცნიერები.

  • ისინი გვახსენებენ ბიბლიურ სიბრძნეს:

თავარში –  ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ  ყველაფერში – სიყვარული.

მთავარი სამშობლოა. აქ დიდი ერთობა გვჭირდება. სადაოში თავისუფლება ნიშნავს, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიყოთ განსხვავებული მიმართულებების, იდეებისა და პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი. მაგრამ გვეუბნებიან, რომ ყველაფერში სიყვარული უნდა იყოსო.

სწორედ აქედან ამოდის მთავარი, რასაც გვთავაზობენ ჩვენ მეცნიერები: დაპირისპირება დამანგრეველია, ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობა კი მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ. დააკვირდით სახელმწიფო კაცების მიერ, მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებულ თეზას: ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია და მისი მიმდევრები, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ 10 საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

არ შეიძლება ერთის მხრივ არ აღგაფრთოვანებდეს, მეორეს მხრივ, არ გაფიქრებდეს და უდიდეს პასუხისმგებლობას არ გაკისრებდეს მეცნიერთა მიერ ჩამოყალიბებული პროგრამული თეზა ყველა დონის ყოველი ხელისუფლებისთვის. აი, რას წერენ ისინი: „საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ეს არის თავისუფალი ადამიანი. ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. რაც  მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად  უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ყველაფერ ამას მეცნიერები თვლიან ხელისუფლების კონსტიტუციურ მოვალეობად და მიიჩნევენ., რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ, ან არ აკეთებს, საკუთარ თავს კონსტიტუციაზე მაღლა, ან კონსტიტუციის  გარეთ აყენებს, რაც თავისთავად, დამანგრეველია ქვეყნისთვის.

მეცნიერები ამ კრებულში ყოველ ჩვენთაგანს გვახსენებენ ბიბლიურ შეგონებას: „თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“

საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თვლიდეს, რომ: ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების,  გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში შეიძლება ასე ვცხოვრობდეთ. რა გამოდის? ყველა ვთვლით, რომ ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვცხოვრობთ ისე, როგორც არ უნდა ვცხოვრობდეთ. ამის მიზეზია ამოსახსნელი. ეს მხოლოდ მეცნიერებს და  მეცნიერებას შეუძლია. სწორედ ყველაფერი ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ინტელიგენციის ერთი ჯგუფის მიმართვა ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ, ყველანი, ვინც ამ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამ წერილის ყოველი წინადადების, ყოველი სიტყვის გამო. სწორედ ამიტომ ვამბობთ:

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა დავიწყოთ საუბრები მომავლის საქართველოზე,.

წერილში ეს კარგად არის ჩამოყალიბებული. ასეთი შეხვედრები გახდება სისტემური.ხალხს უნდა შევთავაზოთ იმედიანი პროგრამები და  ხელისუფლებას დავეხმაროთ კიდევაც და მოსვენება არ მივცეთ, თუ საჭირო იქნება, ვაიძულოთ, განახორციელოს ეს პროგრამები. ჩვენ ხელისუფლებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ: მისი ფუნქციაა ერთის მხრივ, ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა, ანუ ნიჭის და შესაძლებლობის რეალიზაციის პირობების შექმნა და მეორეს მხრივ, მისი მოვალეობაა, რომ ქვეყანაში ყოველი ადამიანი იყოს დაცული.

ბატონებო, მე წარმოგიდგინეთ ის, რაზეც იფიქრეს სახელმწიფო კაცებმა,  რომლებმაც დიდი მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში შექმნეს და შემდგომ ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლშ მოაწერეს ხელი,  დიდი ქართული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ , რომელიც ამ კრებულში მოცემულია და ყველას შეგიძლიათ ნახოთ. წარმოგიდგინეთ ის, რაზეც იფიქრეს   ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელებმა და გელათში, მიღებული პროგრამული დოკუმენტის „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ ავტორებმა.  ამაზე ვიფიქრეთ ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ პრესაში გამოქვეყნებულ მიმართვას, რაც დღევანდელი ჩვენი შეკრების საფუძველი გახდა. ჩვენ, ინტელიგენცია ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას. ჩვენ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მოხრე ვართ. ამ პროცესს ხელისუფლება უნდა პატრონობდეს და იმასაც გამოკვეთილად ვამბობთ: ოპოზიცია არ ნიშნავს ჩასაფრებას. სწორედ ჩვენი მომავალი საქმიანობის მთავარი პრინციპი იქნება: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, რომლის საფუძველი უნდა იყოს თანამშრომლობის ჰარმონიზაცია.

დღეს პირველი შეკრებაა. ჩვენ 8 თებერვლამდე, იმ დრომდე, როცა დავითობა დღეს, გელათში  უნდა მივიღოთ „ქართული დოქტრინა“ და შემდგომ ჩავატაროთ მეცნიერთა დიდი კონგრესი, დიდი მუშაობა დაგვჭირდება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თავდადებული მუშაობის დიდი მაგალითი. გვინდა ვირწმუნოთ,  ხელისუფლება მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას, რომ 2020 წლის აპრილში შედგეს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი კონგრესი და რეალურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და განვსაზღვროთ მომავლის ორიენტირები. მხარს დაუჭერს იმას, რომ კონგრესმა მოისმინოს სამი პოზიცია: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და იმ ჯგუფის, რომელთაც რამდენიმე წელი იმუშავეს და ქვეყანაშის არსებული მდგომარეობის ანალიზზე, ქვეყნის პოტენციალზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  და ათასობით ადამიანის მონაწილეობით „ხალხის წერილი“ , რომელსაც დღემდე 50 ათასამდე თანამემამულემ მოაწერა ხელი და რომელიც 6 თვეზე დიდი ხნის წინ წარედგინა ქვეყნის ხელისუფლებას. ეს წერილი გამოქვეყნებულია პროგრამულ კრებულში „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.

ბატონებო, ჩვენ დღეს ორი საათის განმავლობაში მოვისმენთ რამდენიმე პროგრამულ კონცეფციას და ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და დაპირისპირების გარეშე, შევძლებთ ინტელიგენტურ საუბარს. ასევე შემდგომ გავაგრძელებთ დღეს წარმოდგენილი კონცეფციების დეტალურ განხილვას ექსპერტთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. ამ  შეხვედრების ერთი ნაწილი გაიმართება 15-25 დეკემბრის და მეორე ნაწილი: 2020 წლის 20-30 იანვრის  ფარგლებში.

ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ავცდებით საუბარს იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გარკვეული წინადადებები, რომელსაც დროდადრო წარმოვადგენთ. ბოლოს ალბათ მიმართვის ტექსტსაც წარმოგიდგენთ ამ დაძაბულ სიტუაციაში სწორედ ინტელიგენციამ და მეცნიერებმა უნდა იკისრონ მედიატორის როლი. კარგია, როცა ამ ფუნქციას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის ქვეყნების საელჩოები და მისიები, მაგრამ  ჩვენ ვფიქრობთ,  ამ მისიის შესრულება თუ უკეთ არა, არანაკლებად შეუძლიათ სახელმწიფო კაცებს, რომლებიც ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ გვყავს ქვეყანაში. ჩვენ დღეს ამაზეც უნდა ვიფიქროთ და გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ამ მოსაზრებებს გვეტყვიან მომხსენებლებიც, შეიძლება მოგვიტანონ წერილობით.  ჩვენს გადაცემას უყურებენ სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენი თანამემამულეები ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ და ისინი მოგვწერენ. ჩვენ ვთხოვთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, მწერალსა და პუბლიცისტს, გუბაზ მეგრელიძეს, მოკრიბოს და წარმოუდგინოს ჩვენს დღევანდელ შეკრებას.

ვიწყებთ მუშაობას.

სიტყვა პირველი მოხსენებისთვის ეძლევა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ცნობილ მეცნიერსა და მოღვაწეს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელიც წარმოგვიდგენს კონცეფციას „საქართველოს ახალი ფუნქციის თაობაზე“ .

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *