მეცნიერთა კონგრესიპროექტები
ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში
(თვისებები, რომელთა გარეშეც პოლიტიკოსობა წარმოუდგენელია. პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტირებებით)
„ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“
„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე-რად“
მეცნიერთა კონგრესის პროექტი ორ ეტაპად
მიზანი – ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსებზე… პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკოსობა ხალხისთვის მსახურებაა თავგანწირვამდე… უნდა დამთავრდეს თავის მართლება იმით, რომ „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო!“.
„მეცნიერთა კონგრესი“ საშვილიშვილო საქმედ მიიჩნევს, რომ რეალობად აქციოს 20 წლის წინ, საზოგადოებრივიო მოძრაობა „წინ საქართველოს“ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული კონცეფცია „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“.
ერთი ამონარიდი ამ კონცეფციიდან:
სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკული, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად გადავწყვიტეთ შევადგინოთ და გამოვცეთ წიგნი“ სახელწოდებით: „ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში“ , რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით , რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი (დოკუმენტირებული) გამონათქვამები სახელმწიფოსთვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.
ასეთი პროექტის აუცილებლობა დღეს განსაკუთრებულად დგას. როცა პოლიტიკოსთა სიჯიუტემ, ამბიციურობამ, აგრესიულმა პოლიტიკამ უმძიმეს დაპირისპირებამდე მიიყვანა ქვეყანა, რეალურად დაგვაყენა სამოქალაქო კონფრონტაციის წინაშე, რის შედეგიც არის ის, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად, ის, რომ ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური გუნდი ქვეყანას საკუთრებად მიიჩნევს; ის, რომ ფეოდალიზმი მკვიდრდება პოლიტიკაში; ის, რომ ხალხი დაშინებულია და დუმილს ამჯობინებს; ის, რომ ბრუნდება ქუჩის გარჩევები, ის, რომ პარტიები გასამხედროებულ ფორმირებებს აყალიბებენ; ის, რომ ვცხოვრობთ ფულის ძალაუფლების ქვეყანაში, მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი ნიჭის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული.
ამ პროექტის ამოცანაა, ხალხი გახადოს გაცნობიერებული რეალობაში, პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ პარტიათა რეალურ მიზნებში, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, ხალხი „თვალებახილებული გახდეს“.
ეს უმძიმესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საშვილიშვილო საქმეა, რადგან უნდა დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა. ეს შეუძლია საქართველოს. სწორედ ეს არის ჩვენი სამშობლოს სულიერი მისია. სწორედ ამიტომ ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთს, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული ქვეყანა, გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რომ ხელისუფლება მსახურია და არა -უფროსი.
სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის რეალობად ქცევა შეუძლია ხალ;ხის და მეცნიერების ერთობას, ხალხის შეერთებას მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებში. ეს წარმოუდგენელია სისტემური ცვლილებების გარეშე და პროექტი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად, სწორედ სისტემური ცვლილებების შემადგენელი ნაწილია.
ეს პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველ ეტაპზე – მეცნიერთა ჯგუფი ნებისმიერი დაინტერესებული პირის მონაწილეობით, ადგენს პოლიტიკოსთა, უპირველესად პარტიათა ხელმძღვანელთა შესაბამისობას იმ თვისებებთან, რომელთა გარეშეც პოლიტიკოსობა წარმოუდგენელია. ამ პროცესის ხელმძღვანელად რეკომენდირებულია მეცნიერების დოქტორი, კიბერნეტიკოსი, მართვის სისტემების სპეციალისტი, ბატონი ვახში ჟვანია. მან დემოკრატიული ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიმუშავა 10 კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელზე აუცილებელია ნებისმიერისთვის, ვინც თვლის, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში. ეს ჯგუფი პოლიტიკოსობის უფლების ჩამორთმევას კი არ აკეთებს, არამედ, ხალხს აძლევს ინფორმაციას, თუ ვინ არის ესა თუ ის პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი კეთდება პირდაპირი გადაცემით, ხალხის ჩართულობით, ანუ ნებისმიერს შეუძლია გამოგზავნოს შეკითხვა, მიიღოს გადაცემაში მონაწილეობა, ტელეფონით დასვას კითხვა გადაცემის მსვლელობის დროს, თავისი კომენტარები გააკეთოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ გადაცემაზე. ამ ჯგუფის ვალდებულებაა, რომ შემდგომ გადაცემებში არც ერთი კითხვა არ დატოვოს უპასუხოდ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია უშუალოდ იმ პოლიტიკოსს, ვისზეც იქნება საუბარი.
მეორე ეტაპი – უშუალოდ პოლიტიკოსის მონაწილეობით ხორციელდება და ეს სწორედ იმ კონცეფციით, რომელიც თავის დროზე „წინ საქართველოს“ მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს და რომელიც გამოქვეყნდა პრესაში, შევიდა „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამულ წიგნში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , ცნობილი მეცნიერის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, მიხეილ ქურდიანის ხელმოწერით, რომელსაც აქ უცვლელად გთავაზობთ.
„პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“
თანამედროვე საზოგადოების პრობლემა შერჩევითი სიბრმავის, სიყრუისა და ყოვლისმიმტევებლობის გარდა გულმავიწყობაცაა..
პოლიტიკოსებს პირადი სიმპათია – ანტიპათიიის მიხედვით უვიწყებენ წარსულის შეცდომებსა თუ ცოდვებს.
მე ფართო საზოგადოებრიობაზე ვლაპარაკობ, თორემ თავად პოლიტიკოსები და მათი თანაპარტიელები ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიით ცდილობენ საკუთარი ლიდერების პერმანენტული უზნეობის გამართლებას თუ დაფარვას, ან თუნდაც, დავიწყების ბურუსში გახვევას – ეს უწესობა მათი ცხოვრების წესია და პასუხი მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში მოეთხოვებათ!
სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკული, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად მე გადავწყვიტე შევადგინო და გამოვცე წიგნი“ სახელწოდებით: „ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში“(რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით)
რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი (დოკუმენტირებული) გამონათქვამები სახელმწიფოსთვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.
ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე მიუკერძოებელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს _ უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტებში, ვინ უჭერდა მხარს ვის, ან რის სამსახურში იდგა, ვის ან რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს, მართლდება თუ არა მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები და ა.შ.
ასეთი წიგნის შედგენაზე გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა დამარწმუნა არა მხოლოდ მის აქტუალურობაში, არამედ, მის სასიცოცხლო აუცილებლობაში.
ადამიანი პოლიტიკოსობაზე რომ თანხმდება, ის უკვე მხად არის შინაგანად თუ სრული სიცრუის არა, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი სიმართლის სათქმელად და გასამართლებლად მაინც.
ჩვენს თვალწინ მოხდა ცოდვამრავალი შევარდნაძის ფავორიტების მიერ შევარდნაძის დამხობა და ახლა სწორედ ისინი ემიჯნებიან მას და მის პოლიტიკას, ვინც ამ პოლიტიკის იდეოლოგები და „მოქკავშირის“ შემოქმედნი იყვნენ – ვინც შევარდნაძის ხელდასმით ხდებოდა მოქკავშირის გენერალური მდივანი, პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ. და ა.შ.
ჩვენს თვალწინ პატიოსნებას იჩემებს და სხვას მოუწოდებს პატიოსნებისკენ კაცი, რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თავის მოადგილედ დანიშნა განათლებით ბიოლოგი მეგობარი ქალი და მას პენიტენციალური სისტემის კურატორობა ჩააბარა. მკვლელობისთვის ძებნილი საკუთარი ძმა მის სახლში, მისივე თანდასწრებით დაიჭირეს, ის ქალბატონი იძულებული გახდა გადადგომაზე დაეწერა განცხადება. მინისტრმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლა, რადგან მისი კლანის წევრი იყო. ის, ვინც სამართალი, ზნეობა და საზოგადოებრივი ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიკიდა ფეხზე. რატომ გაუწევს ყოველივე ამას ანგარიშს პრეზიდენტის რანგში ყოფნისას?!
არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა შეუძლია დადგომა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი დანაშაულებრივი საქციელის დავიწყებისა.
აქედან გამომდინარე, დავაფიქსიროთ ყველაფერი და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ტრადიციად ახალი წიგნის შექმნა – დაე, პოლიტიკოსები ძრწოდნენ იმის შიშით, რომ მათი ყოველი ანგარებიანი და არასწორი ნაბიჯი იქნება საჯაროდ გამოაშკარავებულ-მხილებული…
შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს არჩევანის უფლებასთან ერთად უფლისაგან აქვს მინიჭებული. პოლტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც ინანიებს ცოდვებსა და შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არავისი მსაჯულები არ ვართ , არავის განვიკითხავთ, ჩვენ მხოლოდ ყველაფერს აღვნუსხავთ, კარგსაც და ცუდსაც, მონანიებულსაც და მოსანანიებელსაც, რადგან „არა არს რა დაფარული, რაც არ გაცხადდება“
შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა.
მივმართავ ყველას, ვისთვისაც სიმართლისა და ჭეშარიტების მსახურება ჯერ კიდევ ფასეულობას წარმოადგენს, ვინც ცხოვრობს პრინციპით: „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად“… უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს საინფორმაციო ბაზათა მფლობელებს – გახდნენ ამ წიგნის თანაავტორები, ამოუდგნენ მხარში ამ იდეას – ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ საჭირო ფოტოები და დოკუმენტები, რათა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოში უზნეო და უპრინციპო პოლიტიკოსმა მთელი ერის მოტყუება, ქვეყნისთვის თვალებში ნაცრის შეყრა – ჩვენ ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ვთქვათ ისე დასაბუთებულად, რომ მათი ფანატებისა და მანიაკების გარდა ყველასთვის ცხადი და სანდო იყოს, რასაც ვიტყვით.
მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ჩემი ქვეყნის ის შვილი ვარ, რომელმაც თავზე ყველაზე უსიამო მისია აიღო – არასოდეს ეცრუოს თავისი სამშობლოს და ყოველთვის მხოლოდ სიმართლე უთხრას, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც“.
ეს არ ის ის, რააც 2005 წელს, მეცნიერებმა დაისახეს მიზნად და ღიად მიმართეს ჟურნალისტებს, რომ ერთობლივად გვეკეთებინა ეს საქმე. ერთი ჟურნალისტის გამოხმაურებაც არ მიგვიღია. დღეს ვაცოცხლებთ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ვაზუსტებთ მხოლოდ რამდენიმე დეტალს: პირველი ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში. ბატონი ვახში ჟვანია წარმოადგენს მის დეტალურ პროგრამას და იმ პოლიტიკოსთა სავარაუდო სიას, რომელთა რეიტინგებიც შეფასდება შემუშავებული 10 კრიტერიუმის მიხედვით. მეორე ეტაპთან დაკავშირებით, დასაწყისში, ივლისის განმავლობაში, ჩამოყალიბდება შეკითხვები პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც მათ უნდა გასცენ პასუხი. შეკითხვები იქნება იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც ზემოთ წარმოგიდგინეთ. შეკითხვები 50 წლამდე პოლიტიკოსებისთვის იქნება განსხვავებული იმ შეკითხვებისგან, რომელთაც დავუსვამთ უფროსი თაობის პოლიტიკოსებს. უშუალოდ პოლიტიკოსების მოწვევა დაიწყება აგვისტოს მესამე დეკადიდან, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე დასრულდეს ორივე ეტაპი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა ხელმძღვანელების მიმართ.
მართლაც, უმძიმეს, მაგრამ საშურ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ხალხის გარეშე, თქვენი მონაწილეობის გარეშე, ჩვენ არათუ გაგვიჭირდება, არამედ ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას. ამის არგუმენტი მარტივია – მსოფლიოში ძალიან ძნელია, მოიძებნოს მეორე ქვეყანა, სადაც ამდენი თვითმარქვია პოლიტიკოსია და ასეთი ამბიციების პოლიტიკოსები არიან. პოლიტიკოსი ამბიციის გარეშე არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსის ზომიერება იმაშია, რომ იბრძოდეს იმისთვის, რაც ეკუთვნის და არა იმისთვის, რაც მას არ ეკუთვნის. საქართველოში პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა, ეს ციფრი 99 პროცენტთანაა ახლოს, იბრძვის იმისთვის, რაც არ ეკუთვნის. ეს რუსულ-ბოლშევიკური ბრძოლის პრინციპია . სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოში უყვართ ქუჩის რევოლუციები, მაგრამ გაგონება არ უნდათ ინტელექტუალური რევოლუციის. სწორედ ამის გამოა ეს დაპირისპირება. სწორედ ამიტომ გაივსო ქართული პოლიტიკა ყვარყვარეებით და ქართული ბიზნესი – მეჯღანუაშვილებით. ეს არის გზა არსაით.
ჩვენ ქართული გზა გვინდა. ის სისტემური აზროვნების (ეს უმნიშვნელოვანესია) იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში თავისუფალნი არიან შურისძიებისგან და ქვეყნის გარე დამოკიდებულებაში – ვალდებულებებისგან. ანუ, დღეს, როგირც არასდროს, ხელისუფლებაში გვჭირდება ხალხი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ერის მამის, ილია ჭავჭავაძის ორი უმთავრესი შეგონება: „ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს“ და იციან, რას ნიშნავს „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
მეგობრებო, ჩვენ, ყველანი ერთად, დიდ ამოცანას ვეჭიდებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეცნიერების დასკვნას, გაკეთებულს, როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთელი პერიოდის, ასევე კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე: ქვეყანა კრიზისშია შიდა დაპირისპირების დროს და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწვავეა დაპირისპირება და ქვეყანა კრიზისიდან გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ან დაპირისპირებული მხარეები აღწევენ შეთანხმებას, ან ქვეყნის მოაზროვნე ნაწილი ახერხებს ხალხის და მეცნიერების შეერთებას. აშკარაა, რომ დღევანდელ საქართველოში დაპირისპირებულ მხარეებს მცდელობაც კი არ აქვთ, რომ შეთანხმდნენ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მეტიც, ერთმანეთს არც ელაპარაკებიან (ემდურიან), კიდევ მეტი, ქვეყნის ხსნის გზას ქვეყნის გარეთ ეძებენ და ქვეყნის გარეთ კი, ფულის, პატრონების, ან მტრების ძიებაში არიან.
ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ – ხალხის და მეცნიერების ერთობის, ქვეყნის მეცნიერული პროგრამებით განვითარების, ქვეყნის გარეთ მეგობრების ძიების გზას. ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გზა და პოზიცია, რომელიც გამოკვეთილადაა მოცემული მეცნიერთა პროგრამებში, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ „ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში“
მეცნიერთა კონგრესი
25.06.2024
პ.ს ქვეყნდება პროექტის სახით, საჯარო განხილვისთვის საბოლოო დოკუმენტს წარმოვადგენთ ორშაბათს, 1 ივლისს.