მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ამირან აფციაური: მიმართვა ქართველ მეცნიერებს

ჩემო მეგობრებო, ორი საუკუნის წინ დაწყებულმა ინდუსტრიულმა აფეთქებამ კაცობრიობა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. მოსახლეობის ზრდამ, რესურსების განუკითხავმა ფლანგვამ, დატაცებამ და გავლენის სფეროთა გადანაწილებამ, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ უფრო საშიში ომის საფრთხემდე მიგვიყვანა. საოცარი რამ გვჭირს, ახალი პლანეტების ასათვისებლად და დედამიწიდან გასაქცევად ფანტასტიკურ, აბსურდულ პროექტებზე მილიარდები იხარჯება, დედამიწაზე კი სუნთქვა და არსებობა გვიჭირს, ელემენტალურ პრობლემებსაც ვერ ვაგვარებთ. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც გონიერება უნდა ბატონობდეს, ადამიანები ერთმანეთს მუშტებს უღერებენ. ცოდნის სინათლე უზნეობაში სიბნელედ იქცა. სიხარბემ ცოდნა დაგვიმახინჯა, მახინჯმა ცოდნამ უფსკრულის პირას მიგვიყვანა და ვგავართ გაბრუებულ, თავნება ახალგაზრდას, რომელმაც მშობელს ჭრილობა მიაყენა. ცივილიზაცია სირცხვილის მორევში ჩაიძირა. ეს იმიტომ რომ ცოდნა არ იყო გულწრფელი და თავისუფალი, ცოდნა იყო იარაღი და არა ჭეშმარიტი წინამძღოლი ჩვენი ცივილიზაციისა. ვგრძნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ დანაშაულს, ვფიქრობთ გავიქცეთ, რადგან ვერ მოვუარეთ სამყაროს მშვენებას, ჩვენს საოცარ პლანეტა დედამიწას. ჩვენ იგი გავანადგურეთ, დავკარგეთ რწმენა გონიერებისა და აღარ გვჯერა, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია.
გაქცევაზე ფიქრი კი ძალიან ნაადრევია. თუ ერთმანეთს არ ამოვწყვეტთ ან თუ გამჩენი გარედან არ მოგვივლენს სხვა სასჯელს, ჩვენ შეგვიძლია ვიცოცხლოთ მაშინაც კი, როდესაც თანდათან მინელდება მზე. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ. ამით მე მხარს ვუჭერ მაქსველს, ტესლას და ციოკოვსკის, სამ უდიდეს გენიოსს და მათ ღირსეულ მიმდევრებს, რომელთა შეხედულებები ამ მიმართულებით არამც თუ უარყვეს, არამედ უმოწყალოდაც გაანადგურეს მოგებაზე დახარბებული ენერგოიმპერიების სამსახურში ჩამდგარმა ცნობილმა მეცნიერებმა. ამ მეცნიერთა ღვაწლი კი ვერასოდეს მივა ხსენებულ სამ ბრძენკაცთან, არა იმიტომ რომ ნაკლებად ნიჭიერნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ის ზნეობრივი სიმაღლე, რომლის გარეშეც ფასს კარგავს ცოდნაც და ნიჭიერებაც.
წარმოიდგინეთ ჰიპოთეტური პლანეტა, სადაც ყველგან ერთნაირად თბილა, მიწა, წყალი და ჰაერი ისეთივეა, როგორიც დედამიწაზე, მაგრამ სიბნელეა, არ იძვრის ქარი, მიწაში არ არის ნავთობი, არის მხოლოდ წყასაცავები ერთნაირი დონით. ესაა მკვდარი პლანეტა, რომელზეც არ არსებობს სინათლე და მოძრაობა.
თუკი თქვენ შემთხვევით მოხვდებოდით ამ პლანეტაზე მაქსველთან და კელვინთან ერთად, მაქსველი იტყოდა: „იმ მიზნით, რომ ავამუშაოთ ელსადგური, გავანათოთ და გავაცოცხლოთ პლანეტა, წყლის დონეთა სხვაობის შესაქმნელად, წყალსაცავი უნდა გადავტიხროთ ისეთი ტიხრით, რომელიც ცალ მხარეს მუდმივად ატარებს მაღალი სიჩქარის მოლეკულებს, მეორე მხარეს კი არა. ასევე შეგვიძლია, რაღაც სათავსოები გავყოთ ორ ნაწილად, ანალოგიური ტიხრით, და დავარღვიოთ თბური წონასწორობა“. მაგრამ, კელვინი დაიწყებდა მტკიცებას, რომ ასეთი ტიხარი დემონურია და მისი შექმნა შეუძლებელია. (იხილეთ დისკუსია მაქსველის დემონზე).
მაქსველის აზრით, მიკრონაწილაკთა დონეზე მიმდინარე პროცესებს, შეუძლიათ დაარღვიონ მაკროსხეულთა ბუნებრივი მისწრაფება წონასწორობისაკენ, ამიტომ, სამყარის სითბური სიკვდილის ჰიპოთეზა არასწორია. მარად განახლებად სამყაროზე წერდა ციოლკოვსკიც. მაქსველის ამ იდეის განადგურებას მრავალმა დიდმა მეცნიერმა, მ.შ. ნობელიანტმა წააშველა ხელი, თუმცა, მჯერა, იმ კრიტიკულ ვითარებაში, თქვენ მხარს დაუჭერდით მაქსველს. თუნდაც იმიტომ რომ, კელვინთან დათანხმება სიკვდილთან შეგუება იქნებოდა.
მაგრამ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ჩვენი დედამიწა სულაც არ იყო მკვდარი. მიწიდან რესურსების ნიაღვარი მოჩუხჩუხებდა, დედამიწა ინდუსტრიული აფეთქებისათვის ემზადებოდა. ვაკუუმი ენერგიიდან დაცლილი ეგონათ. მასალათა ცალმხრივ, ანიზოტროპულ თვისებებზე და მიკროსამყაროს საიდუმლოებებზე კი ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იყო ცნობილი და ბევრს არც უნდოდა სცოდნოდა. კელვინისეული მეორე კანონი მეცნიერულ რელიგიად გამოცხადდა.
ზემოთ ხსენებული ტიპის მასალა ჯერ არავის გამოუგონია და არც არსებობს ამისი აუცილებლობა. გარემოდან ენერგიის გენერირება თურმე სხვაგვარადაც შეიძლება. თუმცა, ზოგადი პრინციპი უცვლელია – წონასწორული გარემოდან ენერგიის გენერირება შესაძლებელია თუკი გამოვიყენებთ ზოგიერთი მასალის თვისებების სივრცულ ასიმეტრიას, ან თუკი ადგილი ექნება დროის მიხედვით ასიმეტრიული პროცესების უწყვეტ, პერიოდულ მონაცვლეობას. მაგალითად, თუკი პროცესები სითბოს გამოყოფით (ფაზური გარდაქმნები, ეგზოთერმული ქიმიური რეაქციები) შეიძლება წარიმართოს უფრო მაღალ ტემპარატურაზე, ვიდრე მათი საპირისპირო ენდოთერმული თბური პროცესები, მაშინ, ასეთი პროცესების პერიოდული მონაცვლეობით, გარემოს სითბო გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ორი საუკუნის წინანდელ კანონებზე დაფუძნებული კლასიკური თერმოდინამიკა ვერ გამოდგება თანამედროვე ენერგეტიკის თეორიულ საფუძვლად. ხმამაღლა უნდა გაცხადდეს, რომ ენერგიის გენერირება შეიძლება წონასწორული გარემოდანაც, ანუ ისეთი გარემოდან, სადაც მაკროსხეულთა დონეზე არ არსებობს პოტენციალთა სხვაობა.
ეს ყველაფერი კარგად იციან. მაგრამ, ერთია რა იწერება, მეორეა, რა კეთდება. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი გახლავთ, უფრო მეტად საკითხი ღირსებისა, ვიდრე თემა მეცნიერული პაექრობისა.
როდესაც ცხადი გახდა, რომ რუსეთს აქვს პროექტი ოხოტის ზღვაში წყალბადის უსასრულო ოდენობით წარმოებისა, ამერიკელმა მეცნიერებმა ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიიდან, გასული წლის ბოლოს, განაცხადეს რომ, წყალბადიდან ჰელიუმის თერმობირთვული სინთეზით მიიღეს ჭარბი ენერგია, რითაც დადასტურდა, რომ ადამიანს შეუძლია შექმნას მცირე ხელოვნური მზე. სამყაროს 95 პროცენტი კი წყალბადია. ე.ი., კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანს შეუძლია დაამარცხოს სამყაროს მისწრაფება წონასწორობისაკენ. მიუხედავად ამისა, არავინ ამბობს, რომ დაინგრა თერმოდინამიკის მეორე კანონი. ე.ი. არ ამბობენ, რომ ენერგია შეიძლება იყოს ყველგან, ყოველთვის და ყველასათვის. გაცხადება ამისა, ნიშნავს ენერგოიმპერიების რღვევას. ენერგია ვეღარ იქნება იარაღი უსაზღვრო გამდიდრებისა და ძალადობისა.
ჩვენ ყველა შევხვედრივათ ინფორმაციებს საოცარი დანადგარების შესახებ. ბევრი მათგანი იქნებ საკამათოცაა. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არაა. მათ მიმართ ეჭვის ძირითადი მეცნიერული საფუძველი კი ისაა, რომ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ იმუშავებს წისქვილი, თუ წყალი ზემოდან არ ვარდება. ეს იმას ნიშნავს რომ ვაზროვნებთ ფენომენოლოგიური თერმოდინამიკით და უარვყოფთ მაქსველს, მიკრისამყაროს როლს. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებაში კელვინისეული კანონები ძალიან ხშირად ირღვევა. ჩვენ ჩავწვდით სამყაროს საიდუმლოებებს და ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რა ხდება ჩვენს თვალწინ. ზოგჯერ კი არც გვინდა, რომ დავინახოთ ის.
ჩვენი დედამიწა ჯერ კიდევ არ გავს მკვდარ პლანეტას. მაგრამ, სანამ არ არის გვიან, მოდით ისევ დავუბრუნდეთ მაქსველს, დავუბრუნდეთ ტესლას. სამყარო სავსეა სხვადასხვა სახის ენერგიებით. ჯერ კიდევ 75 წლის წინ, კაზიმირის ეფექტის აღმოჩენით, დადასტურდა რომ ვაკუუმი სავსეა პერმანენტულად მერხევი ფოტონების ენერგიით. მაგრამ თავისთავად ულევი ენერგიის არსებობა, ბევრს არ ნიშნავს. გაცილებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეგვიძლია თუ არა გარდავქმნათ იგი სასარგებლო ენერგიად (ელექტროობად, მექანიკურ მოძრაობად) თუკი სამყარო წონასწორულია. ე.ი. უნდა დავიჯეროთ, რომ წისქვილი შეგვიძლია ავამუშაოთ მაშინაც, როდესაც წყალი ერთ დონეზე დგას ისე, როგორც ამას მაქსველი ამბობდა, მიკროსამყაროს კანონების გამოყენებით.
სწორედ ამიტომ, დღეს, როდესაც ზესახელმწიფოები გლეჯენ და ხელახლა ინაწილებენ დედამიწას, ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია და გვევალება კიდეც, ვუთხრათ დანარჩენ მსოფლიოს – მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ენერგეტიკა აღარ იქნება საშუალება ეკონომიკური ზეწოლისა.
გთავაზობთ:
- მიუხედავად იმისა რომ, მხოლოდ თეორიული დისკუსია ვერ დაადგენს ჭეშმარიტებას, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მაქსველს. დასტურად იმისა რომ, თანამედროვე მეცნიერებაში მიმდინარეობს დიდი დისკუსია, შეგიძლიათ იხილოთ საინფორმაციო მასალა Jean de Climont – The Worldwide List of Alternative Theories and Critics https://books.google.ge/books/about/The_Worldwide_List_of_Alternative_Theori.html?hl=fr&id=KnzBDjnGIgYC&redir_esc=y . ამასთან ერთად, შეგიძლიათ განიხილოთ ჩემი რამდენიმე ნაშრომი, სადაც ყველაზე პოპულარულადაა ნაჩვენები, როგორ ირღვევა ბუნებაში, მათ შორის ცოცხალ ორგანიზმებში, კლასიკური თერმოდინამიკის საფუძვლად მიჩნეული კარნოს თეორემა. მზად ვარ განვიხილო თქვენი პირადი მოსაზრებები. ამასთან, კარგი იქნება, თუ არ დავიწყებთ დიდი ავტორიტეტების მოშველიებას, ზოგჯერ ისინიც სცდებიან. არც მაქსველის და ტესლას მეცნიერული სიდიადე დაგვავიწყდეს.
- შევქმნათ, მსოფლიოში პირველად, ქართველ მეცნიერთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც არამც თუ გამორიცხავს, არამედ, გაბედავს და მხარს დაუჭერს მომავლის ისეთი ახალი ენერგოტექნოლოგიების შესწავლას და განვითარებას, რომლებიც, დიდი ალბათობით, რამდენიმე ათეულ წელიწადში, თანდათან, უმტკივნეულოდ შეცვლიან ჩვენი ცივილიზაციისადმი მტრულ თანამედროვე ენერგეტიკას. ამ მიზნით, ამ ჯგუფმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს სხვადასხვა თეორიული ნაშრომები. უნდა დააკვირდეს ყველა საინტერესო, თუნდაც დაუჯერებელ დანადგარს თუ გამოგონებას, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას, მიგნებული იქნას ყველაზე ოპტიმალური ტექნოლოგია. მსოფლიოს მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს, ჩემი უცხოელი კოლეგების ჩათვლით სჯერა, დადგება დრო, ენერგია იქნება ყველგან, ყოველთვის, ყველასათვის. ჩვენი მიზანი კეთილშობილია. მაშ, დამარცხებაც შეუძლებელია!. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული, ვთხოვთ, თავი შეიკავონ ნაჩქარევი დასკვნებისაგან და გვერდში დაგვიდგნენ როგორც დისკუსიის მონაწილე, ან უბრალო დამკვირვებელი.
- ვიცოცხლოთ ყველამ ძალიან დიდხანს, მოვითხოვოთ და საკუთარი თვალით დავაკვირდეთ მუშაობას ასეთი დანადგარებისა. ამ ეტაპზე, გთავაზობთ 5 მილივატი სიმძლავრის მცირე დანადგარს, რომელიც გამოგვიგზავნა ჩვენმა გერმანელმა კოლეგამ, მარკუს რეიდმა. ის შეიძლება დაიჟანგოს და დაუზიანდეს კონტაქტები, შეიძლება გატყდეს, შეიძლება გადაიწვას ნათურა, მაგრამ მისი ძაბვა არასოდეს არ უნდა შემცირდეს. ამ პროცესს ქუთაისელ მეცნიერთა ჯგუფი უკვე 9 წელი აკვირდება. დანადგარის ავტორი მზადაა ინტერნეტით ჩაერთოს ღია განხილვაში, რომლის ორგანიზებასაც გეგმავს საქართველოს მეცნიერთა კონგრესი მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე. ვიწვევთ ყველას (მის. თბილისი, დადიანის 26, ქართული TV), მოვიდეს, იხილოს, გაზომოს დანადგარის საწყისი ძაბვა და ჩაერთოს მრავალწლიანი დაკვირვების პროცესში. ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მარკუს რეიდის საპრეზენტაციო რგოლით https://youtu.be/0WTYBrhtsN8, ტელევიზია ქართულის გადაცემებით, ვებგვერდზე, https://civilizebuli.ge/category/ტელევიზია-ქართული-tv/, ფეისბუქში facebook.com/ Kartulitv/. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ა. აფციაურის ორ სტატიას, რომლებშიც თვალსაჩინოდაა ნაჩვენები, თუ როგორ ირღვევა თერმოდინამიკის მეორე კანონი ცოცხალ ორგანიზმებში.
პატივისცემით,
ამირან აფციაური