პროექტებისლაიდერი

 მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

21 - ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე მასშტაბური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი პროექტი

 

რატომ მეცნიერების ერა?

კაცობრიობის განვითარების ყოველ  ეტაპზე მთავარი იყო მეცნიერება და განსაკუთრებულია მისი როლი 21 – ე საუკუნეში. მეცნიერება გვაძლევს პასუხს , როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა  გლობალიზაციის  ობიექტურ პირობებში…  არ დავკარგოთ დრო და ენერგია ობიექტური კანონზომიერების  წინააღმდეგ  ბრძოლაში და რაციონალურად ვიმოქმედოთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივი  საფუძვლების განმტკიცებისთვის.

პროექტის მიზანია

 ქვეყნის ცხოვრებაში უპირველესი პრინციპის: „მთავარში- ერთობა, სადავოში- თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“- დამკვიდრება. ანუ დაპირისპირების დამანგრეველი პოლიტიკიდან თანამშრომლობის აღმშენებლობით პრინციპებზე გადასვლა. პროექტმა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციით ხელი უნდა შეუწყოს ქართული იდეით საქართველოს გაერთიანების, ქვეყანაში ქართული ტრადიციების გაძლიერების, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველთა, საქართველოს შვილთა, საერთოდ, თაობათა ერთიანობის განმტკიცების, ქვეყანაში განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და მედიცინის, ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების და საშუალო ფენის ფორმირების პროცესს. საქართველოს, როგორც ინოვაციური  ქვეყნის ფორმირებას.

 პროექტმა უნდა დაძლიოს დღევანდელობის უმძიმესი პრობლემა პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნებიდან მართვის მეცნიერულ პრინციპებზე  გადასვლის… უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება მეცნიერებაზე და მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით. პროექტმა უნდა დაამკვიდროს, რომ ადამიანია მიზანი და სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს კაცობრიობის მიერ გამომუშავებული განვითარების მთავარი ფორმულა: კონკურენტული გარემო და დაცული ადამიანი. ეს დღეს იწოდება კონვერგენციის თეორიად, რომ მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმშია და არც სოციალიზმში. რომ ის პირველის  – ნიჭის ძალაუფლების და მეორეს  – დაცული ადამიანის შეერთებაშია.

პროექტის განხორციელების მთელი პროცესი უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენაში იმის გაცნობიერება და რეალურად დამკვიდრება, რომ დემოკრატიულია ქვეყანა, რომელსაც მართავს ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური  და არა ბიუროკრატიული და სამხედრო ელიტა… რომ ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

 

პროექტის თეორიული საფუძვლები

ჩამოყალიბებულია სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ მეცნიერთა მონაწილეობით, დიდი მამულიშვილის, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში შედგენილ და ასევე აღიარებული კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის სახლში ცნობილი მოღვაწეების, ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის ხელმოწერილ „მოქმედების მანიფესტში – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,   გაერთიანებული სახელმწიფო“, მეცნიერთა კონგრესის მიერ მიღებულ  ქვეყნის განვითარების კონცეფციაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტში „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის, მცხეთის კონგრესებზე და სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ მეცნიერთა და საზოგადოების წარმომადგენელთა სესიებზე მიღებულ პროგრამულ დოკუმენტებში.

 

პროექტის შედეგი უნდა იყოს:

  1. ეროვნული დოქტრინა

იდეის ავტორები არიან ცნობილი მოღვაწეები, ბატონები გიგა ბათიაშვილი,ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რეზო ბალანჩივაძე, ტარიელ ხარხელაური,ჯუმბერ კოპალიანი, თეიმურაზ შაშიაშვილი. მის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს მენციერებათა აკადემია და საქართველოს ყველა სამეცნიერო დაწესებულება უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების ჩათვლით, მოხდება მისი საერთო-სახალხო, საზოგადოებრივი განხილვა და დასამტკიცებლად წარედგინება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს, რომელიც მიღების შემთხვევაში, მას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს

  1. მეცნიერულ-ანალიტიკური და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრაქტიკული დოკუმენტი: „ქვეყნის პოტენციალი“

 ეს, პრაქტიკულად იქნება ქვეყნის ბუნებრივი, გეოგრაფიული, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების ინვერტარიზაცია

  1. ანალიტიკური დოკუმენტი „საქართველო დღეს“

ამ დოკუმენტში ქართველ და უცხოელ ექსპერტთა და ანალიტიკოსთა მონაწილეობით გაკეთდება ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის ობიექტური  ანალიზი.

  1. პროგრამა:“მომავლის საქართველო“

ეს იქნება უნიკალური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში ეტაპობრივად ქვეყნის პოტენციალი ამ რეალური მდგომარეობის ქვეყანაში

  1. სახელმწიფო კაცების საკრებულო.

იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც მან ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 2010 წელს  ქადაგებაში და მის შემდგომ რამდენჯერმე დასვა მისი განხორციელების აუცილებლობა… იდეა  მდგომარეობს იმაში, რომ უფროსი თაობის იმ ადამიანებისგან. რომელთაც ღირსებით გაიარეს მთელი ცხოვრების გზა, ემსახურენ ხალხსა და ქვეყანას, შეიქმნას საკრებულო, რომელიც განიხილავს ეროვნულ – სახელმწიფოებრივ საკითხებს და მის გადაწყვეტილება -რეკომენდაციებს წარუდგენს ხელისუფლებას.

  1. „ქართული TV“ – მართალი, ეროვნული, ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამომხატველი ტელევიზია.

რატომ მართალი და არა თავისუფალი? თავისუფლება – სიმართლეშია. ეს დღეს განსაკუთრებულია საქართველოსთვის, რადგან თუ საინფორმაციო საშუალებებს მოვუსმენთ, გამოდის, რომ ყველა მართალია, და ქვეყანაში,  ირგვლივ უსამართლობაა. და ამას გრძნობს და ხედავსყოველი სოციალური ფენა, ქალაქი,რაიონი, ოჯახი, მოქალაქე

ტელევიზია შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-ოატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ტელევიზიის სათავეებთან დგანან დიდი სახელმწიფო მოღვაწეები. ეს იდეა გამოკვეთილად ითქვა „მოქმედების მანიფესტში“ . ბატონებმა მერაბ ბერძენიშვილმა და რეზო ჩხეიძემ პრაქტიკულად დააფუძნეს ამ მიმართულების ტელევიზია „ქართული TV“, რომელიც დღეს არის სააქციო საზოგადოება და აქციათა თითქმის სრული პაკეტი (95%) ეკუთვნის „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს (ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, რომან რურუა).

როგორც იუნესკო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხაზგასმით ამბობენ, ეს იქნება მსოფლიო მასშტაბით უნიკალური საერთაშორისო პროექტი. რომ პირველ ეტაპზე ტელევიზიის აქციონერი ხდება საქართველოს ყველა ოჯახი, ხოლო მეორე ეტაპზე, საქართველოს ყოველი მოქალაქე და მეგობარი… რომ ტელევიზიის მმართველი ორგანოს შერჩევა მოხდება სწორედ კონგრესის პატრონაჟით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით… რომ ეს იყოს სწორედ ის ტელევიზია, რომელიც ემსახურება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან რომელიმე მდიდარის ინტერესებს, არამედ სწორედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესს. რომ ეს ტელევიზია იქნება პასუხისმგებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის დაცვასა და გატარებაზე, იქნება პასუხისმგებელი ყოველი ოჯახის და ყოველი ადამიანის სამართლიანი ინტერესების დაცვაზე, ანუ ეს რეალურად იქნება მთელი ქვეყნის, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების, საქართველოში მოქმედი ყველა ეკლესიის, ყოველი სოციალური ჯგუფის, ყოველი ოჯახის და ყოველი ადამიანის უფლებების დამცველი ტელევიზია.

  1. ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

კონგრესის სესიები ჩატარდება მსოფლიოს 40 ქვეყნის 85-ზე მეტ ქალაქში, საქართველოს ყველა მხარეში, კონგრესის სესიებზე არჩეული იქნება დელეგატები, რომლებიც 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეიკრიბებიან თბილისში. კონგრესი დაამტკიცებს ეროვნულ დოქტრინას, ქვეყნის განვითარების პროგრამას „მომავლის საქართველო’, აირჩევს სახელმწიფო კაცების საკრებულოს და ამ გადაწყვეტილებებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საერთოდ, ხელისუფლებას. კონგრესი გამოაცხადებს „ხალხის ტელევიზიის“ შექმნის სრულ პროექტს და მის დაიწყებას.

 პროექტის ორგანიზატორები არიან: „ქართული ერთობის დარბაზი“, ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, „მეცნიერთა კონგრესი- ეროვნული თანხმობისთვის“, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ფონდი, ტელევიზია „ქართული TV

პროექტის მხარდამჭერები –  საქართველოს საპატრიარქო,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გელათის მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერებათა დარგობრივი და საზოგადოებრივი აკადემიები, მწერალთა, მხატვართა. თეატრის მოღვაწეთა, არქიტექტორთა, ქორეოგრაფთა, კომპოზიტორთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირები, ქართული მიმართულების არასამთავრობო ორტგანიზაციები, მედიის საშუალებები… მნიშვნელოვანია ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ასობით ადამიანთა ინიციატივა, რომ სოცალური ქსელის მეშვეობით გახდნენ ამ პროექტის მხარდამჭერები.

 პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის სულისკვეთების ხანგრძლივობა პრაქტიკულად, უვადოა. ეს დავით აღმაშენებლის გზაა. მთავარი ნიშანსვეტია პერიოდი ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესამდე. ამიტომ პროექტის დაწყება მოხდება 2021 წლის იანვრიდან და მისი პირველი ნაწილი დასრულდება 2022 წლის მაისში მსოფლიო კონგრესზე. რომელიც განსაზღვრავს პროექტის შემდგომ მასშტაბს და მის ეტაპებს..

აღნიშნული პროექტის მიღების წესი

მეცნიერთა და პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფმა შემუშავებული პროექტი 2020 წლის ნოემბრის ბოლოს განათავსა ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის საიტზე (www.civilizebuli.ge) და დაიწყო მისი განხილვა სამეცნიერო წრეებში. პროექტის გამოტანა საერთო-სახალხო განხილვაზე მოხდება 2021 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას.  პროექტის განხილვა მოხდება სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს დარგობრივ და საზოგადოებრივ აკადემიებში, უმაღლეს სასწავლებლებში, შემოქმედებით კავშირებში, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. პროექტის საბოლოო ვარიანტი დამტკიცდება 2021 წლის 8 თებერვალს, დავითობას დიდ კონგრესზე გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. კონგრესზე მოწვეული იქნებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები,

პროექტის ღირებულება

პროექტი პრაქტიკულად, ხორციელდება ძირითადად მინიმალური დანახარჯებით, შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივ საწყისებზე. ექსპერტებმა პროექტის რეალური ღირებულება 50 მილიონ დოლარამდე შეაფასეს.

პროექტი უნდა განხორციელდეს შემოწირულობებით. ამ პროექტს სჭირდება შეძლებულთა სიუხვე და არა სიძუნწე, როგორც ამას ხაზგასმით ამბობდნენ ბატონები მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე. უკვე ცნობილია რამდენიმე ადამიანი რომლებიც ყოველთვიურად 100-300 დოლარის ფარგლებში გააკეთებენ შემოწირულობებს. (მსოფლიო ჩემპიონები კლასიკურ ჭიდაობაში: გურამ გედეხაური, ესტატე გოგლიჩიძე, მეწარმეები: ზურაბ ფილიპია, ალექსი კობაიძე, ემიგრანტები უცხოეთიდან: ქეთევან ქებულაძე, ლური მაღლაფერიძე ბელა ბაბუნაშვილი, ციური ჯინიკაშვილი ლელა კუხიანიძე, კობა კუპრაშვილი და სხვები),  სასურველია, ასეთ ადამიანთა რაოდენობა რამდენიმე ასეული გახდეს, რაც იქნება ამ უნიკალური პროექტის რეალიზაციის გარანტი.. მხარდაჭერის განსაკუთრებულ პროექტზე ფიქრობს „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის პირველი დირექტორი, მეცნიერების დოქტორი, ლუარა ნიჟარაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. ჩვენ მივესალმებით ყველა ასეთ ინიციატივას. 2022 წლის 26 მაისისთვის გამოვა წიგნი, რომელშიც ასახული იქნება ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელების ცალკეული ეტაპები, ის პიროვნებები, რომლებიც პროექტს დაუდგნენ გვერდით თავიანთი მეცნიერული პოტენციალით, ფინანსებით,  ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც  გააკონტროლებს შემოსული თანხების  ხარჯვის გამჭვირვალობას.   რისთვისაც  შეიქმნება საზოგადოებისათვის ცნობილ მოღვაწეთა გუნდი, მსოფლიოში აღიარებულ პიროვნების, ყველასათვის საყვარელ ქალბატონის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტის მთელი სიმძიმე კონცენტრირებული იქნება ტელევიზიაში „ქართული TV“ . მისი ეთერი პრაქტიკულად, იქნება ამ საერთო-სახალხო განწყობის გამომხატველი პროექტის  რეალური მიმდინარეობის გამოხატულება. ანუ ტელევიზია იქნება   ამ პროექტში ჩართული ყველა რგოლის და ხალხის ერთობის დადასტურება. სწორედ ტელევიზიის საშუალებით ექნება შესაძლებლობა ყველას არა მარტო თვალი ადევნოს ამ პროცესს, არამედ ჩაერთოს კიდევაც, მეტიც, აკონტროლოს კიდეც. ეს იქნება პერიოდი, როდესაც იქმნება ეროვნული-დემოკრატიული ტელევიზიის კონტურები.

დასკვნის სახით

ჩვენ ვიწყებთ 21-ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე მასშტაბური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი პროექტს: „მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. ყველა მიმართულებით, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, გვაქვს კონკრეტული პროგრამები. ჩვენ არ ვღალატობთ იმ პრინციპებს, რომელზე დაყრდნობითაც დიდმა მამულიშვილებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა შექმნეს   მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო ეს პროგრამაც  გაგრძელებაა იმისა, რაც მეცნიერთა კოორდინაციითა და უამრავი ადამიანის მონაწილეობით ჩამოყალიბდა „ხალხის წერილში“,  რომელსაც დღემდე 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოუერთდა და ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ გვჭირდება გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის და 21-ე საუკუნის გასული ორი ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზი…

ჩვენ გვჭირდება   მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, თუ  რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“…

ჩვენ გვჭირდება, დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან…

 ჩვენ გვჭირდება,   საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელ მსოფლიოში საოცრებებს ახდენს …

ჩვენ გვჭირდება,   მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

ჩვენთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული იდეით საქართველოს გაერთიანება.

ჩვენ ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისთვის, თაობათა ერთიანობისთვისსიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას – „ქართული ტვ~

დიახ! ასეთი დიდი ქართული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომაამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არასიძუნწე!

ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს რეალურია!  ყველა დასკვნის მიხედვით, ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი, გეოგრაფიული, ადამიანური რესურსების, ამ ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში სხვანაირად არც უნდა ვცხოვრობდეთ.

 

ქართული ერთობის დარბაზი

რუსთაველის საზოგადოება

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის

პროექტ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  მხარდამჭერი  ფონდი

„ქართულაფხაზური და ქართულ  –ოსური მისია ტელევიზია

 „ქართული TV

მერაბ ბერძენიშვილის სახ. კულტური საერთაშორისო ფონდი

(შემოერთება შემოუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს ამ განწყობას)

 

იხ. (ვიდეო)ჩვენ ვიწყებთ

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *