"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი გახარიას

 

ღრმად პატივცემულო ბატონო გიორგი,

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ ინტელიგენციის შეკრებაზე 27 ნოემბერს, 18 საათზე, ბიზნეს-ცენტრში „მეფე დავითი“ („King David” ალექსიძის ქ. 12).

ჩვენ, ამ წერილზე ხელის მომწერნი, 2011-12 წლებში, დიდი მამულიშვილის, მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში, როცა  ვქმნიდით ეროვნული განწყობის „მოქმედების მანიფესტს“ – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, ოდნავაც არ ვეჭვობდით იმაზე, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. 2013 წელს, სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ, როცა ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ საერთო ძალისხმევით, მოკლე პერიოდში იყო შესაძლებელი რადიკალური ცვლილებების დაწყება.

ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ქვეყანა, სად მიგვიყვანა  დაპირისპირებამ.  პოლიტიკოსებმა თითქმის   30 წელია,  თავს მოგვახვიეს ქუჩის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ემოციას და აძლიერებს აგრესიას, იგნორირებულია მეცნიერება, საზოგადო მოღვაწეთა და მამულიშვილთა, საერთოდ, ინტელიგენციის  პოზიცია, ვერ დავძლიეთ  შიში,  ვერ დამკვიდრდა კონკურენტული გარემო, რომელიც საფუძველია ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური სიძლიერისა… რეალურად ვცხოვრობთ გონებადაკარგული პოლიტიკის პირობებში. ჩვენ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა. პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომელთა დუმილმა  წაახალისა არაერთი მოუმზადებელი და უმწიფარი პიროვნების მოხვედრა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭიროა სისტემური გარდაქმნები და სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის, რაც შეუძლებელია  მეცნიერების და იმ ადამიანების გარეშე, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის, რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მომავლის საქართველო წარმოუდგენელია, როგორც ასეთი დაპირისპირების პირობებში, ასევე თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე, მთავარ პრობლემებზე ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ძალისხმევისა და კონცენტრირების გარეშე. ჩვენ იგივე პოზიციას ვხედავთ თქვენს გამოსვლებში, თქვენ მიერ ჩამოყალიბებულ სამომავლო პროგრამებში.

სწორედ ერთიანობის ამ განწყობით ვამზადებთ ამ შეხვედრას. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ვიყოთ ერთად და დავიწყოთ საჯარო საუბარი მომავლის საქართველოზე. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ამის მცდელობა რამდენჯერმე გვქონდა. მივმართეთ ყველა წინა პრემიერს, ვაახლეთ 200-მდე მეცნიერის მიერ მომზადებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  და პროგრამული დოკუმენტი, „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. თანამშრომლობის ჩვენმა გულწრფელმა პოზიციამ განვითარება ვერ მიიღო. მეტიც, ექვს თვეზე მეტია, მთავრობას წარვუდგინეთ „ხალხის წერილი“, რომელსაც უკვე 50 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ მოაწერა ხელი. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გზავნილი ყურადღების მიღმა დარჩა.

ადამიანურად გვიმძიმს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ხელისუფლებები გაცილებით მეტად  თანამშრომლობენ დესქტრუქციულთან, ვიდრე კონსტრუქციულთან, უფრო აინტერესებთ უცხოელთა მოსაზრებები, ვიდრე საკუთარი ხალხის განწყობის გამომხატველი პოზიცია.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ურთიერთპრეტენზიების დრო აღარ არის. გაბედული მოქმედებაა საჭირო. თქვენც  ასე ხართ განწყობილი, ასეთია ჩვენი პოზიციაც. თუ საჭიროდ ჩათვლით, ინტელიგენციის შეკრებამდე გეწვევით. ჩვენი მიზანია, შედგეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, რომლის გარეშეც ქვეყანას მომავალი არ აქვს.

ბატონო პრემიერო,

ამ წერილით გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდ სურვილს.

 

პატივისცემით,

რომან რურუა – მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი

ანზორ ერქომაიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ანსამბლ„რუსთავის“ ხელმძღვანელი.

გიგა ბათიაშვილი – არქიტექტურის დოქტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე,

გივი თოიძე – რუსთაველის პრემიის ლაურეატი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი

ტარიელ ხარხელაური -პოეტი

თემურ გუგუშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი

ომარ მხეიძე – ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი

არნოლდ  გეგეჭკორი – მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი

რეზო  ბალანჩივაძე – მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ვახში ჟვანია – მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი

დავით შემოქმედელი – მწერალი, რუსთაველის საზოგადოების  პრეზიდენტი

კობა კობალაძე – მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი

იზა ვეფხვაძე – ლიტერატორი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი

 

Facebook Comments
1 (20%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *