"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს: რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და უმაღლესი პასუხისმგებლობით გიგზავნით: ხალხის წერილს – ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომლის შექმნასა და განხილვაში, დღეის მდგომარეობით 14 500- მდე თანამემამულემ მიიღო მონაწილეობა.

ეს, მართლაც, უპრეცედენტო ფაქტია. მას შემდგომ, რაც  „ხალხის წერილი“ გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით და სოციალური ქსელით, საქართველოს ყველა კუთხიდან და მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, ჩვენმა თანამემამულეებმა მისი განწყობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს.

ამ წერილის იდეა გაჩნდა  მას შემდგომ, რაც „ქართული ერთობის დარბაზმა“, „მეცნიერთა კონგრესმა – ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ გამოაქვეყნეს მეცნიერთა დიდი ჯგუფის ანალიზი საქართველოში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე და  წიგნად გამოსცეს ცნობილი მოღვაწეების მიერ ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტის – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ საფუძველზე შექმნილი ქვეყნის განვითარების კონცეფცია – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ  და დაიწყო ამ საზოგადოებრივი პროექტის მხარდამჭერთა „მორალური გუნდის“ ფორმირების პროცესი.

პირდაპირ ვამბობთ, „ხალხის წერილი“ პროტესტიც არის და არა მარტო იმის თაობაზე, თუ რა ყოფაში ვართ და როგორ ვცხოვრობთ, არამედ იმაზეც, რომ სახელმწიფო მოღვაწეების მიერ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გაგზავნილი წერილები ყოველგვარი ყურადღებისა და რეაგირების გარეშე რჩება. ასე იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და სამწუხაროდ, გაგრძელდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომაც.

უფრო დიდი პარადოქსი რა შეიძლება იყოს: 2009 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, ქვეყნის ყოველ პრეზიდენტს ეგზავნება ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: ღირსების ულტიმატუმი“ და „ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“, რასაც ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აწერს ხელს  და დღემდე  ხალხის ელემენტარული მოთხოვნების გადაწყვეტის სურვილით ჩამოყალიბებული ეს დოკუმენტები ყოველგვარი რეაგირებისა და ყურადღების გარეშეა დარჩენილი. არადა, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას შეეძლო მათი შესრულება და ამით ქვეყანაში არა მარტო გაცილებით უკეთესი სოციალური მდგომარეობა იქნებოდა, არამედ, არც ამდენი ემიგრანტი გვეყოლებოდა და არც ქვეყანა იქნებოდა სავსე მიგრანტებით. უფრო მეტიც, რასაც მიხეილ სააკაშვილს ვთხოვდით და არ შეასრულა პრეზიდენტობის ათი წლის განმავლობაში, საკუთარ პროგრამად გამოაცხადა ლიეჟისა და რომის შეხვედრებზე. იმაზე მეტი სიყალბე და დაცინვა რა შეიძლება იყოს, რომ მან პრეზიდენტობის დროს მასხრად აიგდო ჩვენი მოთხოვნა, რომ უცხოელებს საქართველოში ჰქონოდათ იგივე უფლებები, რაც ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთის ქვეყნებში და დღეს იგივე პიროვნება ამ ხალხს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ქვეყნის ასარევად.

ჩვენ ამას წარსულის კრიტიკისთვის კი არ ვამბობთ, უპირველესად იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. აშკარაა, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ყველა დონის ხელისუფალთა პასუხისმგებლობა ხალხისადმი.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთი წლის წინ, სწორედ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილიიმედის წერილი“, რომელსაც ხელს ჩვენი ქვეყნის დიდ საზოგადო მოღვაწეებთან (ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, გიგა ბათიაშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი) ერთად, ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც აწერდნენ და რომელშიც  ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებსა და პრობლემებზეა საუბარი, ელემენტარული ყურადღების ღირსიც კი არ გახდა: დღემდე  ხელმომწერებს არც პასუხი მიუღიათ და არც არავინ მიუწვევიათ თუნდაც იმის საკითხავად, თუ რატომ გახდნენ იძულებულნი ასეთი მოღვაწეები, ესოდენ მძიმე, მაგრამ კონსტრუქციული წერილით მიემართათ პრემიერისთვის. ასეთი დამოკიდებულება ჩვენში (და არამარტო) განგაშს იწვევს. ხალხში ძლიერდება განწყობა, რომ როცა ასეთ გამორჩეულ მოღვაწეებს იგნორირებას უკეთებენ, აზრს კარგავს საერთოდ, ხელისუფლებისთვის წერილის მიწერა. ხალხის  და ხელისუფლების ასეთი გაუცხოება ცუდად მთავრდება და მძიმე შედეგს ტოვებს ქვეყნის ისტორიასა და ცხოვრებაში.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო და ზედაპირზევე დევს ხუთი მძიმე რამ, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოჰყვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას:

პირველი: ყოველი ხელისუფლება თავის მთავარ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ჩამოაგდო  ან დაამარცხა წინა და ხელისუფლებაში მოსვლის მოკლე პერიოდშივე, თავად ემსგავსება წინა ხელისუფლებას.

მეორე: ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა იყო და არის თვითკმაყოფილი, მიაჩნია, რომ ყველაფერს აკეთებს ხალხისთვის, რეალურად კი, რაც დრო გადის, ღარიბი ღატაკდება, მდიდარი  – კიდევ უფრო მდიდრდება;

მესამე: ოპოზიციაში გადასული ყოველი ხელისუფლება ბოროტდება, ივიწყებს ხალხს, კარგად მორგებული სოციალური დემაგოგიით ხალხს იყენებს არეულობებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის;

მეოთხე: ყოველ ხელისუფლებას დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. ეს კი, რევოლუციების  და ხელისუფლებაში ქუჩის პოლიტიკოსების მოსვლის გზაა.

მეხუთე: ყოველი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხის უფროსია და არა მსახური. ხელისუფლებაში მისვლისთანავე ივიწყებს, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება.

ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ „ხალხის წერილი“ კარგად გაცნობიერდეს ხელისუფლებაშიც,  ხალხშიც და იქცეს ხალხისა და ხელისუფლების თანამშრომლობის, მაღალი კულტურის დამკვიდრების საფუძვლად: ხალხი არ ფიქრობდეს არეულობასა და რევოლუციაზე, დარწმუნებული იყოს, რომ ხელისუფლება ფიქრობს ხალხზე და ხალხი ხედავდეს კონკრეტულ სასიკეთო შედეგებს!

ვფიქრობთ, ხალხის სათქმელი და განწყობა გამოვხატეთ. ჩვენ „ხალხის წერილთან“ ერთად,  გადმოგცემთ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში გამართული კონგრესის გადაწყვეტილებათა კრებულს,  „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.

დარწმუნებული ვართ, ეს დოკუმენტები ფართო განხილვის საგნად იქცევა საქართველოს მთავრობაში. მით უფრო, რომ აქ მოცემულია მეცნიერთა რამდენიმე პროექტი, რომელთაც დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

ბატონო პრემიერო,

ჩვენ, განსხვავებით პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების და მათ ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფებისა, მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს და ეს დადასტურებულია მეცნიერთა დასკვნით, რომ ჩვენს სამშობლოს დიდი მომავალი ექნება, როცა შედგება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის  ჩატარების იდეა, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე. ჩვენი ისტორიაც ამას ეყრდნობოდა და ამის მაგალითი დავით აღმაშენებელმა მოგვცა. ამ წინადადებას მეცნიერთა დიდი მხარდაჭერა აქვს და შეტანილია კიდევაც პროგრამულ დოკუმენტებში.

ჩვენ მტკიცედ გვწამს: ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისთვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები – სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა.

  ბატონო პრემიერო,

 სწორედ ეს განწყობაა „ხალხის წერილში“ და მეცნიერთა პროგრამულ დოკუმენტებში, რასაც გადმოგცემთ დიდი პატივისცემითა და მდგომარეობის შესაცვლელად ერთობის განსაკუთრებული განწყობით.

 მეცნიერებათა დოქტორები: რამაზ გახოკიძე,  ნუგზარ გულორდავა, კობა კობალაძე,  თამაზ მეგრელიძე, ვახში ჟვანია, ზურაბ ფარესიშვილი,  შოთა ჩხეიძე; კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები: ომარ მხეიძე,  გელოდი ფოცხიშვილი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ნუგზარ მგალობლიშვილი; საზოგადო მოღვაწე: გიორგი გაგლოევი; პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი

 

საკონტაქტო პირი: პროფესორი კობა კობალაძე (ტელ.: 531 25 66 52)

e.mail.:civilizebuli@gmail.com

იხ. გზა ცივილიზებულო სახელმწიფოსკენ

ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ

იმედის წერილი

ღირსების ულტიმატუმი

ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის

ვიდეო

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *