მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე, იმ პარტიებისა, რომლებიც სხვა გზას ვირჩევთ

 

ვინ ვართ ჩვენ?   რა გვაერთიანებს?  რას ნიშნავს სხვა გზა? რა გვინდა  – როგორ წარმოგვიდგენია მომავლის საქართველო?

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არასდროს, პარტიული თანამშრომლობა არ გვქონია არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არც “ქართულ ოცნებასთან” და არც მათგან  გამონაყოფებთან. არასდროს მიგვიღია დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბიძინა ივანიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უცხოეთიდან, არასდროს ვყოფილვართ პარტიულ ერთობებში -«ყველა- ერთის წინააღმდეგ»…  ვიზიარებთ პარტიული ცხოვრების კლასიკურ მოდელს, რომ პარტია პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ეწეოდეს პარტიული საწევრო ანარიცხებით, შემოწირულობებით და ფინანსები იყოს სრულიად გამჭვირვალე.

ჩვენ გვაერთიანებს ქართული ინტერესი, ქართული იდეა და ქართული მიზანი. გვაერთიანებს პრინციპი: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება. ჩვენთვის მთავარია – სამშობლო და განსხვავება პარტიულ ხედვებში ხელს არ გვიშლის, რომ ვიყოთ ერთნი მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 33 წელმა, ვერ მოგვცა ის შედეგი, რომლის მოლოდინიც იყო ხალხში… ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი იქნებოდა,   ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს  გახდეს სტაბილური სახელმწიფო. ყველაფერი ამის რეალური მიზეზი არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების  მონოპოლიზება (პრივატიზება)  იმ პოლიტიკური პარტიების მიერ, რომლებიც იმართებიან  და ფინანსდებიან ქვეყნის გარედან, რომელთათვისაც მთავარია ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოთხოვნას: კორუფციისა და ნეპოტიზმის სახელმწიფო ღალატად გამოცხადების თაობაზე, უარს ამბობენ კანონის მიღებაზე «ლუსტრაციის შესახებ».

35 წლიან პარტიულ-პოლიტიკურ ბრძოლაში ვკარგავთ საქართველოს! მივიღეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღარიბებით გამდიდრებულთა კასტა, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ქვეყნის მართვის სადავეები, ქვეყანას მართავენ შიშით   და ფულით,  ეს კი ადვილია იმ ქვეყანაში, სადაც ერთი პროცენტი  ფლობს გაცილებით მეტს, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, სადაც ინტელიგენციის დიდი ნაწილი, ხმას აძლევს ხათრით, რომლის უკან დგას ფინანსური დამოკიდებულება.  

რეალობა მწარეა – ყოველი არჩევნების შემდეგ, კორუფცია ძლიერდება, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ღარიბი – ღატაკდება და რაც ყველაზე ტრაგიკულია,  ბრძოლა არსებობისათვის ხდება უპირველესი, რის გამოც ლამოს მოსახლეობის ნახევარმა დატოვა ქვეყანა, უცხოეთში ეწევა მონურ შრომას. ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა!

ჩვენ ვაღიარებთ: დანაშაულია, მდიდარ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობდეს ღარიბად  და სირცხვილია, მდიდარი იყო მაშინ, როცა  მოსახლეობის 90%-ს არ აქვს სიცოცხლისთვის საჭირო  კალორიების  ნახევრის მიღების საშუალებაც კი.

სახელისუფლებო სკამებისთვის ბრძოლაში. პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობის უკან ოლიგარქები დგანან. თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს: 35 წელია, საქართველოში არათუ ტარდება დემოკრატიული არჩევნები, არამედ არჩევნები იქცა ოლიგარქებს შორის ბრძოლის სივრცედ.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საპარლამენტო პარტიებმა უგულებელყვეს  მეცნიერების მიერ შეთავაზებული ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამული დოკუმენტები, რომელთაც საფუძვლად უდევს  ერის მამის, ილია ჭავჭავაძის სიბრძნე: “ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად”. მეტიც, ისარგებლეს პარლამენტში ყოფნით, დააკანონეს  არჩევნების არასამართლიანობა : პარტიები დაყვეს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად. საკუთარ თავს უწოდეს „კვალიფიციური“, მიითვისეს ყველა უფლება, პრაქტიკულად, ხალხს წაართვეს ქვეყანა, შემოიღეს 5 პროცენტიანი ბარიერი და მიზნად დაისახეს, როგორც თვითონ ამბობენ, – «შუა უნდა გაიკრიფოს». და ამ „შუად“, სწორედ ეროვნული განწყობის პარტიები მიიჩნიეს, კანონი ისე მოირგეს, რომ მათ გარდა სხვა ვერავინ მოხვდეს პარლამენტში, ზოგადად, ხელისუფლებაში. ხალხს საკუთარი სოფლის გამგებლის არჩევის უფლებაც კი წაართვეს და ზემოდან უნიშნავენ.

ვაღიაროთ, ჩვენი და ხალხის სისუსტეც: ქვეყანა ცხოვრობს საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მიერ შემოთავაზებული ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და ელიტარული კორუფციით. დატერორების შიშმა არნახულად შეზღუდა დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიციები, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველთა ბიზნეს-ინტერესები. მეტიც, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესიც კი, ხელისუფალთა მიერ ბიზნესმენებად  დანიშვნის უმძიმესმა პრაქტიკამ, დატერორების შიშმა –  ქვეყნის ინტერესის მტრად აქცია. უმძიმესი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, რომ ნებისმიერი, განსაკუთრებით, რეალური ეკონომიკის მიმართულებით, შესაძლებლის მხოლოდ 7-10 პროცენტია მოქმედებაში მოყვანილი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1 საბიუჯეტო ლარს, 20 თეთრზე მეტი საქმე არასდროს გაუკეთებია . მეტიც, ნებისმიერ ეტაპზე საბიუჯეტო ფულით, როგორც მინიმუმ, 5-7 -ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა.

დამაფიქრებელია მეცნიერთა კვლევის შედეგები: თუ 90-იან წლებში ქვეყანას ტოვებდნენ  საკუთარი და ახლობელთა სიცოცხლის გადასარჩენად, დღეს – საკუთარი თავის რეალიზაციისთვის . მიდიან ძირითადად მაღალკვალიფიციური, უკვე შემდგარი კადრები და, რაც კიდევ უფრო მძიმეა, ახალგაზრდები.

ყოველივე ამის და უამრავ მიზეზთა გამო, ჩვენ ვემიჯნებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტების კურსს – უარს ვამბობთ პარტიულ ბრძოლაზე და  ვთანხმდებით:

  • პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის, ქვეყანაში სისტემური ცვლილებების, ეროვნული თანხმობის პარლამენტისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნაზე;
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ ვიბრძოლოთ ხელისუფლებაში არა ჩვენი და ჩვენი პარტიის წევრების მოსვლისთვის, არამედ გავერთიანდეთ და ხალხთან ერთად შევადგინოთ საარჩევნო გუნდი იმ ადამიანებით, რომელთაც გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის, ვიდრე ჩვენ, დღეს მოქმედ პარტიებს და პოლიტიკოსებს შეგვიძლია, რამეთუ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო და საჭირო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნის გადარჩენის ხაზი არც ქუჩაზე, არც ქუჩის პოლიტიკოსებსა და ბელადებზე, არც მილიარდერებზე არ გადის, რომ ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია განათლებულ, ენერგიულ და წესიერებით სავსე ადამიანთა ხელისუფლებასთან;
  • ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო ვაქციოთ შესაძლებლობათა ქვეყნად;

რომ დღევანდელი ფულისუფლების ქვეყანა უნდა შეიცვალოს ნიჭის ძალაუფლების ქვეყნით.. ასეთი ხალხით სავსეა ქვეყანაც და ჩვენი ემიგრაციაც;

  • ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ დრო არ დავკარგოთ, დღევანდელი საპარლამენტო პარტიების , ხელისუფლების კრიტიკაში, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და შევძლოთ მთავარი – მოაზროვნე ადამიანების შეერთება მეცნიერთა პროგრამებში.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის  ქვეყანაში სიკეთით  გამარჯებისთვის ბრძოლის გზა.

ამ ბრძოლაში ჩვენ, სამოქმედოდ ვიღებთ მეცნიერების მიერ შემუშავებულ პროგრამულ დოკუმენტებს. მომავლის საქართველოს ჩვენი ხედვა და ასეთი საქართველოსთვის ბრძოლის პრინციპები ჩამოყალიბებული იქნება მემორანდუმში, რომელსაც შევქმნით მეცნიერებთან, მოაზროვნე ადამიანებთან დათათბირებით, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებით და მას  პროექტის სახით გამოვაქვეყნებთ 31 მარტს -საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს და სახალხოდ და საჯაროდ მოვაწერთ ხელს 9 აპრილს – საქართველოსთვის სანიშანსვეტო დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

ჩვენ, ხაზგასმით ვამბობთ და  ხალხს, საზოგადოებას ვთავაზობთ მეცნიერთა მიერ ჩამოყალიბებული პრინციპის ირგვლივ გაერთიანებას, რომელსაც ჩვენ საქართველოში სიკეთით გამარჯვების ფორმულას ვუწოდებთ:

ქვეყანას მართავს  ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს  – საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. 

სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუციის და ქვეყნის გამარჯვების ფორმულა, რომლის ერთგულებაც გვაერთიანებს მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.

ჩვენ ვიბრძოლებთ არა ჩვენი  პირადი  და არა ჩვენი პოლიტიკური პარტიების, არამედ, იმ გუნდის გამარჯვებისთვის, რომელსაც ხალხთან ერთად შევადგენთ  და ეს იქნება ინტელექტით, ენერგიით, წესიერებით გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი! გუნდი,  რომელსაც გაცნობიერებული ექნება, რომ  წინა ხელისუფლებაზე უკეთესი კი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც საქართველო და ხალხი იმსახურებს, არამედ, მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს პროგრამა ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის და ის, რომ ქვეყანას სჭირდება  კარგი ხელისუფლება, ანუ ისეთი, რომელიც ასრულებს  უპირველეს  კონსტიტუციურ   მოვალეობა –  უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებულისიცოცხლის უფლება, თავისუფლების უფლებ, საკუთრების უფლება, ბედნიერი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება. ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ სიცოცხლის უფლების დაცვა – ეს არის  გარანტირებული საცხოვრისი, საერთაშორისო პრინციპებით გათვლილი  საარსებო მინიმუმი, ჯანდაცვისა და  განათლების მიღების თანაბარი პირობები.

ჩვენ, მეცნიერებთან, საზოგადოების მხარდამჭერ ნაწილთან ერთად, ვიქნებით იმის გარანტი, რომ ეს გუნდი ხელისუფლებაში სწორედ ასეთი იქნება. სწორედ ამიტომ, თავშივე ვპირდებით ხალხს და ქვეყანას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ინიციატორი ორი წლის თავზე, ნდობის რეფერენდუმის ჩატარებისა.

ჩვენ მზად ვაართ, დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აღიარებს ამ პრინციპებს , მეცნიერებს, საზოგადოებას დაარწმუნებს , რომ შეუძლია ამის გაკეთება. რომელიც მხარს უჭერს  იდეას, არჩევნებიდან ორი წლის თავზე, გამარჯვებული პოლიტიკური გუნდისადმი ნდობის რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

ჩვენ აქვე, არჩევნების სამართლიანობისა და საყოველთაობის  უზრუნველყოფის მიზნით, ვაყალიბებთ მოთხოვნას ხელისუფლებისა და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისადმი!

ჩვენ თქვენგან არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ შეასრულოთ არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა, ხაზს ვუსვამთ, მოვალეობა. ანუ:

• გააუქმეთ პარტიების დაყოფა „კვალიფიციურ“ და „არაკვალიფიციურ“ პარტიებად;
• მიეცით საშუალება საქართველოს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, თვითონვე აირჩიონ სოფლის გამგებელი;
• აშკარაა, რომ საარჩევნო სიები რეალურისაგან შორსაა – ამომრჩეველთა რაოდენობა, ლამის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდებოდა და ბოლო პერიოდში 200 ათასით გაზარდეს. ეს საშიში გზაა მოვლენათა განვითარების თვლსაზრისით და სწორედ ამიტომ, სასურველია, აუცილებელი გახდეს მონაწილეობა არჩევნებში და მისი ლეგიტიმაციისთვის აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვროს მონაწილეთა მინიმუმ, 50 პროცენტს პლიუს ერთი.
• გარანტირებული გახადეთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება და იმის უფლებაც, რომ არჩეულნი იქნენ;
• განსაზღვრეთ საინფორმაციო საშუალებების წვდომის თანაბარი პირობები;
• კანონის ძალა მიეცით თვალსაჩინო აგიტაციის თაობაზე მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას (საქართველოს მოთხოვნებს სრულად პასუხობს სააგიტაციო მასალების განთავსების გერმანული მოდელი)
• კანონის ძალა მიეცით იმას, რომ არჩევნების მეორე დღეს, ყველა საარჩევნო უბანში იყოს იმის შესაძელბლობა, რომ ნებისმიერმა ნახოს ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
• ჩვენი პოზიცია კატეგორიულია ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რის გამოც, არჩევნები ვაჭრობად იქცა. ბევრისთვის 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა კი არ არის მთავარი, არამედ 1 პროცენტის დაძლევა, რათა მიიღოს დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს ვაჭრობა და დაწყებული გარიგებები სახელისუფლებო პარტიასთან რომ დამთავრდეს, გადადგით ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯი და გააუქმეთ ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულით პარტიების დაფინანსება. ჩვენ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ან აპირებს მონაწილეობას არჩევნებში ყველამ გააკეთოს ანალოგიური განცხადება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

კარგი იქნება, თუ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები შემოუერთდებიან „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ჩამოყალიბებულ ამ მოთხოვნებს.

ჩვენი პოზიცია და ხალხის პოზიცია სრულ თანხმობაშია: 2024 წლის არჩევნებში არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და არა რომელიმე პარტიამ!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ სხვა გზას – ქართულს!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *