პროგრამულიქართული ერთობის დარბაზი

დღეს ჩვენ ყველას გვაქვს ამის გაკეთების ისტორიული შანსი – მთავარია სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების

 

ბატონმა რეზო ჩხეიძემ ეროვნული და ეპოქალური სიტყვები დაგვიტოვა. წერილიც ასე დაასათაურა – „კიდევაც დაიზრდებიან“. ეს განწყობა საქართველოში საუკუნეების სიღრმიდან მოდის: უფროსო თაობა ყოველთვის ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მომავალ თაობაზე. ბედნიერება იმაშია, რომ თითოეულ ჩვენგანშია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის როგორც წარსულის, ასევე დღევანდელობისა და განსაკუთრებით, მომავლის წინაშე.

 ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვუსმენდით ახალგაზრდების დიდი ჯგუფის კონცეფციას, „საქართველოში უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და ღირსეულ ადამიანთა პატივგების დღეების“ ჩატარების თაობაზე, რომელიც ახალგაზრდების სახელით პოეტმა ოთარ ფალიანმა წარმოადგინა.

ახალგაზრდების ეს წამოწყება გახდა საფუძველი – გავერთიანებულიყავით სხვადასხვა თაობის კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, ექიმები, მასწავლებლები, სპორტსმენები, საერთოდ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ახალგაზრდებთან ერთად დაგვეწყო დიდი მოძრაობა გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრის და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.

 ჩვენ ყველანი ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ქვეყანამ კარი უნდა გაუღოს ცვლილებებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ არ უნდა დავთმოთ საკუთარი იდენტურობა და საუკუნეებს გამოტარებული ღირსეული ფასეულობები.

 ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ დაპირისპირება და უმადურობა – ეს ნგრევაა, ხოლო თანამშრომლობის ჰარმონიზაცია და მადლიერების გრძნობა – შენება!

 ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ საქართველო უნდა იყოს სხვა სახელმწიფოთა თანამშრომლობის და არა პაექრობისა და დაპირისპირების ასპარეზი!

 ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ქვეყნისთვის ბოროტება იწყება იქ, სადაც ნამდვილი ჩანაცვლებულია ფსევდოთი, რომ ქვეყნისთვის უბედურებაა ფსევდოლიბერალიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდონაციონალიზმი, ფსევდოკულტურა, ფსევდოდემოკრატია, ფსევდოერთობა თუ ფსევდოდაპირისპირება, ფსევდომეგობრობა, ფსევდორელიგიურობა…

კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი – ჩვენ პირდაპირ და გულახდილად, სინანულით ვამბობთ: გზა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შემოგვთავაზეს პოლიტიკოსებმა, რომლითაც გვატარეს, ეს არ არის ქართული გზა. ეს სიძულვილის, დაპირისპირებისა და პარტიულ სამთავროებად საქართველოს დაყოფის გზაა. ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ: სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, დიდი ქართული ერთობისა და ტოლერანტობის გზას. ეს არის ქართული გზა. ჩვენ ეს განვაცხადეთ „მოქმედების მანიფესტით – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.

დიახ, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ – ქართულ გზას, რომელსაც ცივილიზებული სახელმწიფოს ფორმირებისკენ წაიყვანს ქვეყანას, ანუ ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ფესვებს, რომელიც არასდროს არ იყო წინააღმდეგობაში საკაცობრიო იდეალებთან.

მიმდინარე წლის 7 იანვარს, ქრისტეშობას, წერილი, რომელსაც „იმედის წერილი“ ვუწოდეთ, ვაახლეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, მანამდე კი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ – ამ თეზისის რეალობის დამადასტურებელი მართლაც, იმედის წიგნი და კალენდარი გადავეცით არაერთ ბიზნესმენსა და საზოგადო მოღვაწეს. ეს პროცესი გრძელდება.

 ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში და ამისთვის უპირველესი და უმთავრესია დიდი მოძრაობის დაწყება თაობათა ერთიანობისთვის, ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის გარეთ წასულთა სულიერი ერთიანობისთვის. ასეთი ერთობითაა შესაძლებელი მომავლის საქართველოს პროგრამის შედგენა, რომელიც სრულად მოიყვანს მოქმედებაში ქვეყნის ბუნებრივ, ადამიანურ, ინტელექტუალურ რესურსებს და შექმნის სისტემას გამოცდილების და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრების მოძიებისა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენებისთვის. ეს იქნება ნიჭის „ძალაუფლების“ ქვეყანა, დემოკრატიის მთავარი პრინციპით:

 „ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

დღეს ჩვენ ყველას გვაქვს ამის გაკეთების ისტორიული შანსი. ეს შეიძლება მხოლოდ ხალხის, ეკლესიისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების ერთობით. დრო და მომავალი ამ შანსის გამოუყენებლობას არ გვაპატიებს!

 ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად განსხვავებულ ერთობაზე. ეს არის განსხვავებულთა ერთობა. ეს უაღრესად რთული, ფაქიზი, ამავე დროს გაბედული, ფილიგრანული სიზუსტით განსაზღვრული მოქმედება უნდა იყოს… ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა ერთნაირად მოაზროვნეთა ერთობამ – დიქტატურამდე მიგვიყვანა. ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა განსხვავებულთა დაპირისპირებამ – სამოქალაქო ომამდე და ანარქიამდე. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ დღეს განსხვავებულთა ერთობაზე, რომელთაც ექნებათ საერთო მიზანი: სახელმწიფო ინსტიტუტების გაძიერება. ეს სრულიად სხვა ფენომენია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს განწყობა არის ხალხში, ეკლესიაში, უნდა გაჩნდეს მთავრობაშიც, თავის მხრივ, ინტელიგენცია და ახალგაზრდობა მზად არის, ქვეყნისთვის ამ მძიმე ჟამს არ უღალატოს ისტორიულ პრინციპებს და გულწრფელად იტვირთოსგამაერთიანებლის მისია.

სწორედ ამ განწყობითაა შედგენილი პროგრამა, რომელსაც განსახილველად წარმოვადგენთ.

გვფარავდეს ღმერთი!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მოქმედების დროა – ძალა ერთობაშია!

 

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები:

ტარიელ ხარხელაური – პოეტი

გიორგი (გიგა) ბათიაშვილი – არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი

რომან რურუა – მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში

ანზორ ერქომაიშვილი – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლოტბარი,

გივი თოიძე – მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი

ომარ მხეიძე – საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი

თემურ გუგუშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი

რამაზ ყურაშვილი _ ექიმი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, დიაბეტის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *