პროგრამულიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის!  

ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!

 

  • სულიერი ერთობითტერიტორიული მთლიანობისა და ძლიერი სახელმწიფოსკენ!
  • ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო
  • ჩვენ დღეს ამ ქვეყნებში საქართველოს

სრულუფლებიანი დესპანები ვართ

  • ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ერთიანი ოჯახისაქართველო!

ყოველ ერს, გარდა ზოგადკაცობრიული ღირებულებებისა და თვისებებისა, გააჩნია გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ისტორიულად ჩამოყალიბებული თვისება, უფრო სწორად, ფსიქო-ფილოსოფიურ შეხედულებათა ერთობლიობა, რომელიც სხვა ხალხთა შეგნებაში არ არის, ან ნაკლებადაა წარმოჩინებული.

ქართველთათვის, ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება ანტიკური დროიდან მოყოლებული, გახლავთ მშობლიურ მიწასთან, მშობელ კუთხესთან განშორების სიმძიმე.

მიუხედავად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა, საზღვაო და საქარავნო გზების შესაყარზე არსებობისა, ქართველი კაცი ყოველთვის ერიდებოდა შორეულ ქვეყნებში ხანგრძლივ მოგზაურობას, მითუმეტეს, ცხოვრებას. აკი შეგვარქვეს კიდეც ბრძენმა ელინებმა გეორგიანელები – ანუ მიწის შვილები.

ბედის უკუღმა ტრიალმა მსოფლიოს ერთი უძველესი და გამორჩეული ერის მეოთხედი მიმოფანტა მსოფლიოს მრავალ კუთხეში, უპირატესად, ბებერ, კეთილ ევროპაში. მიუხედავად ამ ქვეყნების მოქალაქეების, მთავრობების, სასულიერო და პოლიტიკური პირების ცივილური და თბილი დამოკიდებულებისა, არ არის ტკბილი ის ლუკმა, რომელიც გვეძლევა მძიმე და ჩვენთვის არცთუ შესაფერი შრომის ფასად; ლუკმა, რომელიც აგერ ოცი წელია, საქართველოს დანარჩენი ბიუჯეტის ტოლია; ლუკმა, რომელიც უკლებლივ სამშობლოში იგზავნება ოჯახების შიმშილისგან გადასაჩენად, ნათესავთა დასახმარებლად, ნაცნობ-მეგობართა მხარში დასადგომად.

ჩვენი არსებობა, დიახ, ფიზიკური არსებობა, წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე, რამეთუ სული და გული, გონი და აზრი მთლიანად სამშობლოში, ჩვენს ოჯახებში გვაქვს დატოვებული. ამაშია დიდი ერთობა ჩვენი ერისა, ამაშია სიძლიერე დროებით დასუსტებული ივერთ მოდგმისა, ქართლოსიანთა სისხლის ყივილისა, რომლის ფასიც მომეტებულად იცის იმ მიწამ, საიდანაც დღეს გვინდა მივმართოთ მთელ დუნიაზე მიმოფანტულ ქართველებს.

სწორედ ელინისტურმა სამყარომ, კლასიკური მსოფლიო ცივილიზაციის აკვანმა, ამცნო სხვა ერებს სიდიადე ანტიკურ პრე-ქართველთა. თანაც ისე ძალუმად, რომ თავის ტოლად და სწორად აღიარა აია-კოლხთა სამფლობელო მაშინ, როცა ყველა დანარჩენს ბარბაროსი უწოდა. აქ თითქოს თავისთავად გონებაში ტივტივდება არაერთი პარალელი, არაერთი მსგავსება… მხოლოდ მაკედონელ-არისტოტელესა და აღმაშენებელ-ჭყონდიდელის ტანდემთა მოღვაწეობის მსგავსება რად ღირს!!!
ბოლო ათწლეულში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი სამშობლოს რეალურმა თუ მოჩვენებითმა სვლამ ევროპული ცივილიზაციისკენ, ევროპული ცხოვრების ნამდვილი სახის გაცნობამ და პარალელების გავლებამ, საშუალება მოგვცა ფხიზლად შეგვეფასებინა ის პერსპექტივები თუ საფრთხეები, რომლებიც ჩვენი ერის წინ იშლებოდა წლების მანძილზე და ყალიბდება გასული წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ.

ჩვენ გვესმის, რომ 5-6 თვეში შეუძლებელია ყველაფრის რადიკალური შეცვლა, მით უფრო, როცა განუზომელია მასშტაბები პრობლემებისა, რომელიც ახალ ხელისუფლებას დახვდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდია მხატვრული ტილო ან ნაქანდაკები, მით უფრო შორიდან უნდა უცქირო. ჩვენ, სამშობლოში მარად დარჩენილ შორიდან მოცქერალთ გვეჩვენება: – მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

ჩვენი ხელისუფლებისგან ათწლეულის მანძილზე ბედის ანაბრად მიტოვებულთ, სხვამ რა პატივი უნდა გვცეს. მითუმეტეს, კარგად ვხედავთ, თუ ჩვენივ ბედში აღმოჩენილ სხვა ტომის ადამიანებზე როგორ მზუნველობას იჩენენ დროებით სიდუხჭირეში აღმოჩენილი მათი მთავრობები. ამასვე ხედავენ მასპინძელი ქვეყნების ადგილობრივი მმართველებიც. ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ სამართლებრივად სრულიად დაუცველნი, ბევრ სიმწარეს ვაწყდებით. არა უშავს, ყველაფერს გავუძლებთ,მაგრამ სად გავამხილოთ, რომ ჩვენივე ხელისუფლებამ წაგვართვა მოქალაქის უპირველესი უფლება – მონაწილეობა ქვეყნის მმართველობაში, მისი სამომავლო ბედის გადაწყვეტაში.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტში არჩეული ჰყავთ დეპუტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სათვისტომოებიდან. ჩვენ კი ხმის მიცემის უფლებაც კი შეგვიზღუდეს აბსურდული მოთხოვნებით, რაც პრაქტიკულად, მოქალაქის ამ უპირველესი უფლების ჩამორთმევად გარდაისახა ჩვენს რეალობაში. და ეს მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვის ყულაბაში აღმოჩნდა ჩვენი მიუცემელი ხმები. ისიც კარგად ვიცით, დღესაც რატომ რჩება ეს საკითხი უცვლელად, ვინ და რატომ ლობირებს ახალ ხელისუფლებაში პრობლემის ძველებურად დატოვებას.

ამის უფლება კი არავის არ უნდა მიეცეს.

ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ პირველი ოქტომბერი 7 ნოემბრით, 26 მაისით… ყველამ ერთად, რამეთუ ჩვენი მეუღლეები, შვილები, ოჯახის წევრები იდგნენ იმ ბარიკადებზე, რომელსაც არბევდნენ, წამლავდნენ, ესროდნენ. როცა ვამბობთ – ჩვენ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ მიგრანტ ქართველებს; ვგულისხმობთ ებრაელებს, ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს, სრულიად ევროპელებს.

ჩვენ  ყველამ ერთად მოვიტანეთ  დღევანდელი საქართველო, ამიტომაც ყველა ერთად ვაგებთ პასუხს მის მომავალზე.

ამიტომაც გადავწყვიტეთ სამშობლოს ყველა საჭირბოროტო საკითხზე დავითათბიროთ, აზრები გავცვალოთ, ქართველ მეცნიერებს დავეკითხოთ, ევროპელ მეგობრებს რჩევა ვთხოვოთ და ასე, ფართო განხილვის შემდეგ რჩევები მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. ამ სამუშაოს სრული ციკლის სისტემატურად და ოპერატიულად შესრულებისათვის გადავწყვიტეთ შევქმნათ სპეციალური ვებ-გვერდი, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვამცნობთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ასევე შევძლებთ ტელესივრცეში ფართოპლანიანი მუშაობის გაშლას და ამის სურვილი საქართველოს არაერთ ტელევიზიასაც გაუჩნდება.

ერთი სამშობლოს ერთ ბედქვეშ მყოფთა ხვედრი სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ. მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა მოზაიკური სიჭრელისა, ცნობილ მიზეზთა გამო, აქ განსაკუთრებულად და ზუსტად ვგრძნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. თუ ვინ ვინ არის, ვინ რას ფიქრობს, ვინ რას აკეთებს სამშობლოსთვის. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოშიც დაიწყო ამ საკითხებზე დიდი დისკუსია მეცნიერთა შორის, მივესალმებით ამ მიზნით შექმნილი მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის პათოსს და ვუერთდებით ამ საქმიანობას.

სრულიად ქართველნი პირველი ოქტომბრის წინა პერიოდში გაგვაერთიანა განსხვავებულთა ერთობამ. ერს დღესაც იგივე ერთობა სჭირდება, პირველი ოქტომბრის პროცესი არ დამთავრებულა, პროცესი გრძელდება და გრძელდება არანაკლები სიმწვავით.

დღეს რატომღაც მოდაში შემოვიდა პოლიტიკოსთა ლანძღვა. საშიშია არა პოლიტიკოსი, არამედ სახელმწიფოს საქმიანობაში პოლიტიკოსთა ჩართვის მახინჯი პრაქტიკა: – ბებერ ევროპაში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში კი არ ირჩევენ ნაცნობს – აი, ტრაგედია თანამედროვე ქართული სახელმწიფო მმართველობის სისტემისა, აი, ტრაგედია თანამედროვე ქართული პოლიტიკური და ძალად პოლიტიკური სპექტრისა; აი, ტრაგედია ქართული სახელმწიფოსი, რომელიც ამ მიზეზთა გამო უკვე ორი ათეული წელია გრძელდება.

ქვეყანა დაღუპეს არა პოლიტიკოსებმა, არამედ პოლიტიკანებმა არაპროფესიონალიზმითა და უპასუხისმგებლობით, გაუმაძღრობითა და უცხოელ პატრონებისადმი მონური მორჩილებით. ისინი დღესაც დამღუპველი გზისკენექაჩებიან საქართველოს ყალბი დასავლური იდეალების ქადაგებით.

ჩვენ ევროპაში ბევრი ისეთი რამ ვნახეთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის. მზად ვართ ეროვნულ ფესვებზე მდგარ დაბრძენებული, როგორც ჩვენში ამბობენ – დაღვინებული, გონიერი და პროფესიონალი პოლიტიკოსებისა და მეცნიერების ერთობლივ გუნდს გადავცეთ გამოცდილება, გვერდით დავუდგეთ მის განხორციელებაში, მით უფრო, რომ სპეტაკ და მართალ ქართველ პოლიტიკოებს უცხოელი მფარველები არ ჰყავთ და არც ქვეყნის შიგნით წყალობენ დიდად.

პროფესიონალიზმი, პატიოსნება, პატრიოტიზმი – აი, სამი კოლოსი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის ბედზე მზრუნველი ნებისმიერი ჯგუფი, თუ პიროვნება.

ერის სულიერ მამამ და ბრძენმა მოძღვარმა სრულიად ქართველთა ამ დღეებში ერთხელ კიდევ მოგვიწოდა სამშობლოში დაბრუნებისკენ. ყოველი ქართველის ისტორიული მოვალეობა და საზრუნავიც ეს არის. მაგრამ დაბრუნება უნდა მოხდეს ღირსეულად, ისე, რომ სიძნელეები არ შევუქმნათ სამშობლოს. ამისათვის, ჩვენი აზრით საჭიროა დიდი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება:

პირველი მიგრანტებს უნდა დაგვიბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. ჩვენ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებული გვქონდა, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მოგვეცეს უფლება მაჟორიტარი დეპუტატები ავირჩიოთ იმავე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში. თუმცა ამის იმედი ნაკლებად გვექნება, ვიდრე თავად ქვეყანაში არ აღდგენილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტართა კვოტები – ამ მიწებიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ადამიანებიც და იქ დარჩენილებიც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, მხოლოდ, ჩვენივ სამშობლოსგან დროებით მოკვეთილი ტერიტორიებიდან;

მეორე ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი. ამიტომაც, მიუხედავად დროებითი ტერიტორიული პრობლემებისა, ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი, დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ. საჭიროა ამან თავისი ასახვა ჰპოვოს ქვეყნის უმაღლეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციაში;

მესამე – საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან ქართველი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება; საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილი…

აქედან გამომდინარე, საჭიროა უმოკლეს ხანში პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების დამუშავება და მიღება.

მეოთხე საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეს უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ უცხოელებს საქართველოში. ჩვენ კი ძალიან კარგად ვიცით, რა პირობებია შექმნილი საქართველოში უცხოელთათვის, მათ შორის, ზოგჯერ საკმაოდ საეჭვო პირებისთვისაც კი.

უცხოეთში ადგილობრივი მთავრობებისგან და მოქალაქეებისგან ჩვენ ვნახეთ ბევრი სითბო, თანადგომა, ყურადღება… და ეს მაშინ, როდესაც თავად ამ ქვეყნებში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია. ჩვენ აქ ვეზიარეთ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, ნამდვილ ადამიანურ უფლებებს და არა პოლიტიკოსთაგან თავსმოხვეულ ყალბ იდეალებს. გავეცანით კაცობრიობის ცივილიზაციის სათავეებთან მყოფი ბერძნების, იტალიელების, ესპანელების და მთლიანად ევროპის კულტურას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

 მეხუთე – ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა; ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები;

ჩვენ, დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეგვიძლია გადავარჩინოთ სხვები, თუ ამის რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე, ყოველგვარ დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი სულ ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა.

ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა და საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ერთობლივი ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი, თავდაპირველად, დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისთვის თუნდაც 300 -400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი-ასად დაუბრუნდება კიდეც. სასურველია, ამ ფონდის შექმნისას გათვალისწინებული იქნას მიგრანტების, მეცნიერთა და საქართველოს ეკლესიის მოსაზრებები და საქმიანობაში ჩაბმის სურვილები.

ხაზგასმით ვამბობთ, ეს იქნება სამშობლოში თანამემამულეთა დაბრუნებისათვის შექმნილი ფონდი, რომელიც მოხმარდება არა ერთეულთა პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს ათწლეულის მანძილზე ხდებოდა, არამედ უმუშევართა დასაქმებას, ქართულ ეკონომიკაში დასავლური გამოცდილების შემოტანას ისევ ქართველთა მიერ, უცხოელი მეგობრების გონებისა და მატერიალური სახსრების გამოყენებას საქართველოს საკეთილდღეოდ, ქართველ ერსა და ევროპელთა შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ნამდვილი სახალხო დიპლომატიის განვითარებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ტრადიციული ურთიერთობების აღდგენასთან.

 

* * *

ქართველ მიგრანტთა სრულიად ახალ მოძრაობას ჩვენ ვიწყებთ მსოფლიო ცივილიზაციის კერიდან – მითებისა და ოლიმპოს კულტურის მწვერვალიდან, ზევსისა და ოდისევსის მშობელი ხალხის მიწიდან, „არგოს“ ამგები ხალხის სამშობლოდან.

ეს მოძრაობა თავის გაგრძელებას ჰპოვებს ანტიკური რომის ნანგრევებზე აღმოცენებული მსოფლიო რენესანსის აკვანში, დღემდე მიუწვდომელი სილამაზის შემქმნელი იტალიელი ხალხის სამშობლოში შეფარებულ ქართველთა შორის,.

იმედია, თავის სიტყვას იტყვის დიდ ზღვაოსანთა და მეცნიერთა ესპანეთის ქართველობა; მსოფლიო ბომონდის სულისა და გულის, საფრანგეთის ქართველობა; ჩრდილოეთ ევროპის სიცივით გამთბარი ქართული ემიგრაცია…

უდიდეს მხარდაჭერას ველით ორ კონტინენტზე გადაჭიმული მეზობელი თურქეთის ქართველობისაგან; ვფიქრობთ, განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის ერთმორწმუნე რუსეთში მცხოვრები ასეულ ათასობით ქართველი…

ჩვენ ვიცით ერთმანეთის განწყობა. ვიცით ჩვენდამი იმ ქვეყნების თანადგომაც, სადაც შევიტანეთ ქართული სული, კულტურა, ურთიერთობათა სითბო და სანაცვლოდ მივიღეთ ყოველივე საუკეთესო, რაც ამ ხალხებს გააჩნიათ.

ჩვენ დღეს ამ ქვეყნებში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანები ვართ.

 

* * *

ამჯერად სამშობლოს ჩვენი თანადგომის სულ სხვა ხარისხი სჭირდება. დღეს საკმარისი აღარაა ფიზიკურ გადარჩენაზე და სამუშაოს ძებნაზე ფიქრი. სამ-ოთხ თვეში ჩვენ შევძლებთ შევკრიბოთ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ფართო წარმომადგენლობა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის საქართველოს მომავლის განსაზღვრაში. ამ იმედს აძლიერებს ქართული გენის ზეიმი ევროპულ კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში. ჩვენ გვერდით დგას ქართული წარმოშობის არაერთი წარმატებული და დიდი პიროვნება, რომელიც მოღვაწეობს ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებში.

ევროპამ გვასწავლა, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს ხალხი და არა პოლიტიკოსთა ჯგუფი, თუნდაც უცხოეთის მაღალი წრეებიდან მხარდაჭერილი… და არა პოლიტიკური ბელადი, თუნდაც ყველაზე წარმატებული პიროვნება.

ევროპულმა ურთიერთობებმა ჩვენ გვასწავლა მთავრობისადმი მხარდაჭერაც და მთავრობისგან ადამიანური პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნაც.

ჩვენ, სამშობლოსგან და ოჯახებისგან დროებით განშორებულთ, სამშობლოსა და ოჯახების გადარჩენის სიამაყით აღვსილთ, ამისთვის უცხოეთში ცხელ ოფლ და სიმწრის ცრემლდაღვრილთ, განსაკუთრებული თანადგომაც შეგვიძლია და წინააღმდეგობაც. ხალხის ძალა ხომ ერთობაშია!!!

* * *

გამაოგნებელია ოფიციალური მონაცემებიც კი, მით უფრო მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რომ მიგრანტთა მიერ გამოგზავნილი რეალური თანხების რაოდენობა 2-3-ჯერ მეტია.

2012 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი თანხა – 6.9 მილიარდი (!) აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში. თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ვნახოთ, რომ იმავე პერიოდში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მცირედით ნაკლებია ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე და იგი 6.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გასათვალისწინინებელია, რომ ეს „პირდაპირი ,,უცხოური ინვესტიციები“ ძირითადად, ბანკების მიერ მოზიდული სახსრებია, რომლებიც არა რეალური ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, არამედ მევახშეობაში მიდის, რაც შემდეგში საკმაოდ მაღალი პროცენტით არის უკან დასაბრუნებელი.

ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 4 თვეში – 400 მილიონ აშშ დოლარამდე (მონაცემები ამოღებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდიდან).

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *