მეცნიერთა კონგრესი

წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს

მაქვს პატივი, „მეცნიერთა კონგრესის“ გაფართოებული სხდომის სახელით, მოგილოცოთ შობა -ახალი წელი და ვისურვო ხელისუფლებისა და მეცნიერების ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავლის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
გასული წლის ბოლოს შემდგარმა მეცნიერთა დიდმა შეკრებამ ასზე მეტი ცნობილი მეცნიერის მონაწილეობით, ახალი რედაქცია მისცა „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“ და მიიღო გადაწყვეტილება, წარუდგინოს ის გელათის კონგრესს, რომელიც შედგება ა.წ. 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. მეცნიერებმა განსაკუთრებული პატივისცემით გამოგიგზავნეთ, როგორც დოქტრინა, ასევე წინადადებები მის განხილვასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გადმოგეცათ 7 მარტს, ცნობილი მეცნიერის, აფხაზეთიდან დევნილის, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრის, პროფესორ მურმან კვარაცხელიას მიერ, სწორედ მაშინ, როცა პარლამენტში აღინიშნებოდა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავის იუბილე. ამ წერილის ასლსაც გაახლებთ გულისწყვეტით, რომ თქვენ მეცნიერთა არც ერთი წინადადება არ მიიღეთ, არც პასუხის ღირსად ჩაგვთვალეთ.
ზემოაღნიშნულმა მეცნიერთა შეკრებამ მიიღო ორი პროგრამული დოკუმენტი: „ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად“, „ვუგუშაგოთ საქართველოს“
მეცნიერებმა თქვენდამი მომართვაში ორი რამ ჩავდეთ:
პირველი – ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის დისკუსიისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფთან. ბრწყინვალეა. „მეცნიერთა კონგრესი“ გთავაზობთ დისკუსიას „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან“ და ზემოთ აღნიშნულ ორ დოკუმენტთან დაკავშირებით;
მეორე – თქვენი მონაწილეობის აუცილებლობა (სწორედ აუცილებლობა) 8 თებერვლის გელათის კონგრესის მუშაობაში. გასულ წელს ვერ შეძელით, სწორედ იმ დღეს დაინიშნა პარლამენტის სხდომა, რომელმაც პრემიერ-მინისტრი აირჩია. აქვე გაახლებთ ჩვენს მიმართვას საზოგადოებისადმი, რომელშიც კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული გელათის კონგრესის მიზანი. ვფიქრობთ, იგი სახელმწიფოებრივია და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას მის მუშაობაში მონაწილეობის თაობაზე.
მეცნიერთა შეკრებამ გამოხატა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი. ეს წერილიც ამის დასტურია. სიტყვა თქვენზეა.
პატივისცემით,
მეცნიერთა კონგრესის სხდომის სპიკერი
ფსიქოლოგიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
ბესიკ ბოგველი
13 იანვარი, 2025 წელი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *