მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

8 თებერვალს – გელათისაკენ, ცხოვრებაში – დავით აღმაშენებლის იდეებისაკენ, საქართველოვ!

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ დღეს მედიის დიდი საინფორმაციო მხარდაჭერა ექნება.

2025 წლის 8 თებერვალი განსაკუთრებული დღეა არა მარტო ჩვენი სამშობლოსთვის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. სრულდება 900 წელი მეფეთ-მეფის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან.

დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა.

სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, გაიმართება მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ქვეყნისათვის რთულ და მძიმე, პრაქტიკულად, კრიზისულ პერიოდში, განიხილავს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“ და მეცნიერთა კონცეფციას „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ შექმნის თაობაზე.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობისთვის იკრიბებიან ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ადამიანები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. 100-მდე მეცნიერი და კულტურის მოღვაწე შეიკრიბება თბილისში, 9:00 საათზე, სწორედ იმ ადგილზე, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღიმართა წმინდანი მეფის ძეგლი (ყოფ. სასტუმრო „ივერიას“ მიმდებარე ტერიტორია) და შეკრებილნი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ დანაშაული იყო როგორც ამ ძეგლის სხვაგან გადატანა, ასევე დანაშაულია მისი არდაბრუნება იმ ადგილზე, სადაც კანონიკური წესით მოხდა მისი აღმართვა თავის დროზე.

ამ მოკლე რიტუალის შემდგომ, მოხდება გამგზავრება გელათისკენ, სადაც 14:00 საათზე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მუშაობას დაიწყებს კონგრესი.

მართლაც, დიდი მადლია ამ დღეს გელათში ყოფნა, ძლევამოსილი მეფის საფლავთან მუხლის მოდრეკა და ისტორიული კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.

ეს იქნება კონგრესი, რომელიც სარეფერენდუმო რედაქციას მისცემს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.

მეცნიერებმა ერთი თვის წინ მიმართეს ხელისუფლებას, მეცნიერებათა ეროვნულ და დარგობრივ აკადემიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიის საშუალებებს, თანამემამულეებს ამ ისტორიული დღის განსაკუთრებულად აღნიშვნის თაობაზე. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მეფეთ-მეფის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელი საერთაშორისო რეზონანსის მოვლენად უნდა იქცეს და ამის მთავარი ორგანიზატორი ხელისუფლება უნდა იყოს. მეცნიერები თვლიდნენ და თვლიან, რომ ეს წელი გამოცხადდეს დავით აღმაშენებლის წლად და ეს გაცხადდეს სწორედ გელათში, სწორედ ისტორიულად, ტრადიციულად ქცეულ დავითობას – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – 8 თებერვალს., მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ დღეს მედიის დიდი საინფორმაციო მხარდაჭერა ექნება.

8 თებერვალს – გელათისაკენ, ცხოვრებაში – დავით აღმაშენებლის იდეებისაკენ, საქართველოვ!

პ.ს. 7 თებერვალს, 15:00 საათიდან, ტელევიზია „ქართულ TV“ – ზე, ვრცელი გადაცემა მეცნიერთა და ხელოვანთა მონაწილეობით… მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *