მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ქვეყნის და ხალხის, ხელისუფლების და ბარიერგადალახული პარტიების ინტერესები ამ არჩევნებით არათუ დაცილდა ერთმანეთს, არამედ რადიკალურად დაუპირისპირდა.

დავაკონკრეტოთ:
• ხელისუფლება მთავარ ამოცანად თვლის არა უბრალოდ გამარჯვებას ოპოზიციაზე, არამედ ხელისუფლების სრულ მონოპოლიზაციას. მეტიც, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების გასამართლებასა და აკრძალვას. ეს დაპირისპირების გაღრმავების გზაა.
• ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მთავარ ამოცანად თვლიან „ქართული ოცნების“ დასრულებას და გასამართლებას. ძალაშია მათი წინასაარჩევნო შეთანხმება – „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ეს ერთი – ბიძინა ივანიშვილია. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა ქუჩის რადიკალიზაციით.
• ქვეყნის მომავალი, ანუ ხალხის და ქვეყნის ინტერესი დაპირისპირების დასრულებაში და ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნაშია.
აშკარაა, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ბრიერგადალახული ოპოზიციის ინტერესები ანტიქართული, ანტიეროვნულია. მათი გზით სიარული კატასტროფული შედეგებით დასრულდება ქვეყნისთვის. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეა ზომბირებული და გატაცებული ხელისუფლების, თუ ამ ოპოზიციის მხარდაჭერით, ვერც კი გრძნობს მოსალოდნელი შედეგების დამანგრეველ გავლენას, როგორც ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის მომავალზე. გონებადაკარგული და ძალისმიერ მეთოდებზე გადასული პოლიტიკური ძალების განწყობა ხალხზეც გადავიდა, ვიწრო პარტიულ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო და ქართული ინტერესი.
1921 წლის გასაბჭოებიდან, პრაქტიკულად 100 წლის შემდეგ, ხდება ისეთი რამ, რისი გაცნობიერებაც როგორც ჩანს, ბევრს უჭირს: ამ ხელისუფლებას არ აღიარებს დემოკრატიული მსოფლიო. რეალური გახდა ქვეყნის მოქცევა წარმოუდგენელ იზოლაციაში, რომელიც უმძიმესი შედეგებით იქნება თანამემამულეებისთვის როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. გულდასაწყვეტია, რომ დაპირისპირებამ რეალობის შეგრძნება დაგვაკარგინა.
„მეცნიერთა კონგრესი“ უმთავრეს ამოცანად თვლის, რომ არ იქცეს მხარედ, ჰქონდეს რეალური პროგრამა ამ უმწვავეს კრიზისში დაინახოს შესაძლებლობა და ეს დაიწყოს არა დაპირისპირებულ მხარეებთან ბრძოლით, არამედ ხალხის შეერთებით მეცნიერთა პროექტებში და ამ გზით შეძლოს უმძიმესი რეალობის – ოლიგარქთა ბატონობა, ფულისუფლების ქვეყანა, 21-ე საუკუნის ფეოდალიზმის, მდიდარი მონების დასრულება, პოლიტიკოსების მიერ ხალხისთვის წართმეული ძალაუფლებისა და ქვეყნის, ხალხისთვის დაბრუნება, პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნებიდან მეცნიერების ერაში გადასვლა, ქვეყანაში ინტელექტის გამეფება. უმძიმესი ამოცანები დაისახა „მეცნიერთა კონგრესმა“ მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორია გვარწმუნებს იმაში, რომ სხვა გზაც არ არსებობს. ქვეყანას ანგრევს დაპირისპირება. მით უფრო დამანგრეველია, რომ ძნელია სიმართლის დადგენაც და მართალის გამოკვეთაც. ამ უკანასკნელის დადგენაზე დეოის დახარჯვაც არ ღირს, მით უფრო, როცა იცი, რომ ეს არათუ შეუძლებელია ამ ეტაპზე, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას.