მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ფლორენციაში “მეცნიერთა კონგრესი” გაიმართა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, 6 ნოემბერს, გაიმართა მეცნიერთა კონგრესი, რომელსაც დამფუძნებლები განმარტავენ, როგორც „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“ – ერთად საქართველოსთვის! რომლის ერთ-ერთი სლოგანიც არის – „მთავარია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა“. შეხვედრას, მიწვეული მედიის სახით, ესწრებოდა ExclusiveTV, როგორც მედიამაუწყებელი, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავს იტალიაში.
ღონისძიება ორი, სამუშაო და კულტურული ნაწილისგან შედგებოდა. შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიმართეს ყოფილმა პოლიტიკოსმა გელათის აკადემიის პროფესორმა, კონგრესის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, თემურ შაშიაშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ემიგრანტმა ლუარა ნიჟარაძემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა თინა თოფურიამ, ასოციაცია „ქართულიტას“ პრეზიდენტმა და დუეტ „ლალიმბერტის“ წევრმა ლალი ბურდულმა; როგორც საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა, ასევე ადგილობრივმა ემიგრანტებმა. შეხვედრას უძღვებოდა ჟურნალისტი და კონგრესის კულტურული ნაწილის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლალი ფანჩულიძე.
თავის გამოსვლაში, თემურ შაშიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა და მეცნიერთა კონგრესის მიზანი არ არის პოლიტიკაში მოსვლა. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, როგორ აპირებენ კონგრესის წევრები საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე, გეგმების განხორციელებას. ჩვენ ამ და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვით მივმართეთ თემურ შაშიაშვილს:
– ბატონო თემურ, თქვენი სიტყვების ციტირებას მოვახდენ – „დაიწვას ყველა სკამი და დაიწვას ყველა პარტია, ეს არ არის ჩვენი მიზანი“, ჩნდება კითხვა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე, როგორ მოახერხებთ თქვენი გეგმების განხორციელებას?
– ჩვენ ვამბობთ და ვეუბნებით ყველას, პარტიებს, რომ საქართველოს გადარჩენის გზა არის, პიროვნებათა პარლამენტში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პიროვნებათა პარლამენტის შექმნის პრინციპები და პროგრამა. ვეუბნებით, ხელისუფლებას, რომ თუ ამ პროგრამას არ ასრულებს, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება, ვთქვათ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ეს არარეალური პროგრამაა, მერე მივმართეთ პარტიებს, პარტიებმაც თქვეს, რომ არარეალურია. ჩვენ ამაზე გვაქვს პასუხი, რომ მეცნიერთა კონგრესი ვიღებთ პასუხისმგებლობას, ოღონდ ჩვენ კი არ მივდივართ ხელისუფლებაში, არამედ ვაყალიბებთ პიროვნებათა პარლამენტს და ორი წლის თავზე ვაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას.
– იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ დღეს ემიგრანტებს ხვდებით და ემიგრანტებისთვის გამართულ ღონისძიებაზე ვიმყოფებით, მინდა ხაზი გავუსვა თქვენი პროგრამის ერთ-ერთ, მეთექვსმეტე პუნქტს – “შეიქმნას ემიგრანტთა ღირსეულად დაბრუნების ეფექტური პროგრამა”, აქ იგულისხმება, რომ თქვენ უკვე გაქვთ ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა შემუშავებული, თუ ხელისუფლებას მიმართავთ, რომ შეიმუშაოს მსგავსი პროგრამა?
– ჩვენ უკვე გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას ვეუბნებით, კვარტალში ერთხელ მაინც, ღია საუბრის ფორმატში შეხვდნენ დიასპორების ხელმძღვანელებს. ჩვენთვის მთავარია, ემიგრანტებს ჰქონდეთ ის უფლებები, რა უფლებებიც იმ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში. ამას ვეხვეწებით 15 წელია ხელისუფლებას.
– და მაინც, კონკრეტულად რას გულისხმობს დაბრუნების თქვენეული პროგრამა?
– პროგრამა გულისხმობს ფონდის შექმნას. ემიგრანტი, ან ემიგრანტთა გარკვეული ჯგუფი მოდის გარკვეული თანხით საქართველოში, იმდენივე თანხას არსებული ფონდიდან იღებს ხელისუფლება და დებს საქმეში. ხდება ხელისუფლებისა და ემიგრანტის თანამონაწილეობა თანაბარი უფლებებით. რაც შეეხება დასაქმებას, 50 პროცენტი საქმდება ემიგრანტი და 50 პროცენტი ადგილობრივი. ძალიან კარგი იქნება, პირველ ეტაპზე რომ შეიქმნას პირობითად ვამბობ, პროგრამა ნახევარი მილიარდი ლარის მონაწილეობით.
გვაქვს ასევე მაგალითად ბალნეო პროგრამა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს ტურიზმის პროგრამა, არამედ ბალნეო ტურიზმის პროგრამა. საქართველოს აქვს ასამდე წყალი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს, ადგილებს ვერ ვპოულობდით და მოსკოვში უნდა “ჩაგვეწყო” იქ მოსახვედრად. ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება 500 მილიონი. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ 500 მილიონს ემიგრანტები ჩადებენ, მაგრამ უკვე ორი წლის თავზე ყველა ემიგრანტი ყოველთვიურად მიიღებს ჩადებულ თანხაზე სამჯერ მეტს. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, სად ეძებენ სახსრებს, როდესაც შესაძლებელია ემიგრანტების ჩართულობა?!
– ანუ თქვენი პროგრამა ემიგრანტების მხრიდან ინვესტიციების ჩადებას გულისხმობს ?
– არამხოლოდ, არის კიდევ ასეთი პროგრამა – მაგალითად, ემიგრანტის წინაპრებს ჰქონდათ შეტანილი თანხა ბანკში და ის ფული დაიკარგა. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ემიგრანტებს მათი წინაპრების მიერ შეტანილი თანხის ღირებულება დაუანგარიშოს დოლარში და მისცეს მისი ეკვივალენტით ლარში. ოღონდ საუბარი არ არის ნაღდი ფულის მიცემაზე, არამედ, მაგალითად თუ ემიგრანტს აქვს პროგრამა, ქმნის წარმოებას, პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხა ჩაეთვალოს გადასახადში. კიდევ არაერთი უნიკალური პროგრამა გვაქვს.
კონგრესის ფარგლებში შექმნილია ფონდი, საიდან შესული თანხაც, მოხმარდება, მოძრაობის მიერ დაარსებული ტელევიზიის „ქართული TV“ განვითარებას.
ღონისძიების კულტურული ნაწილის ორგანიზატორი გახლდათ, ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნინა სიბოშვილი. შეკრებილი საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგნენ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფლორენციის შემდეგ, კონგრესის სესიები გაიმართება იტალიის ქალაქებში – ბარი, რომი, ვენეცია; საბერძნეთის ქალაქებში – ათენი, სალონიკი; თურქეთის ქალაქებში – ანკარა, სტამბოლი, აჭარკენტი, ართვინი, იზმირი, ტრაპზონი, ხოფა, რიზე, ბურსა, ურდუ.
 
			