სახელმწიფო კაცების საკრებულო

რეზო ჩხეიძე: „ეს არის ჩემი თხოვნა, … იქნებ უკანასკნელიც…“

ცნობილმა კინორეჟისორმა, მსოფლიო ფილმად აღიარებული „ჯარისკაცის მამის“ ავტორმა, მშვიდობის მსოფლიო ელჩმა,  „ქართული ერთობის დარბაზის“  თავმჯდომარემ, რეზო ჩხეიძემ წერილი გაუგზავნა „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს, რომელიც დღეს ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღეს, გაცხადდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.

ბატონი რეზო ჩხეიძე ამბობს: „მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია –  მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.  ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, იქნებ უკანასკნელიც…ვიქნები ბედნიერი, თუ საქართველოს გაზეთები და ტელევიზიები მხარს დაუჭერენ ჩემს მოსაზრებას. მათ მიმართაც აღარ მექნება მეტი თხოვნა.

გვიყვარდეს საქართველო! გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!“

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ამ უაღრესად ეროვნული იდეის სრული მხარდაჭერა გამოხატეს ხელოვნებისა და კულტურის ცნობილმა წარმომადგენლებმა:  მაყვალა გონაშვილმა,  ბაღათერ არაბულმა, ლევან მხეიძემ, გიორგი შხვაცაბაიამ, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ და სხვებმა.

ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა სიმბოლური და მრავლისმეტყველი უწოდა იმას, რომ ეს დიდი იდეა სამების ტაძარში გაჟღერდა და სწორედ დიდ ქართულ დღეს:  ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღეს.

„გეთანხმებით, ქალბატონო მაყვალა და მინდა გავაგრძელო თქვენი გამოსვლის განწყობა, ბატონმა რეზო ჩხეიძემ ააშენა ლაზარეს ეკლესია კინოსტუდიის ტერიტორიაზე და ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ძველით ახალი წლის წინა დღეებში, მის საკუთარ სახლში, გვესაუბრა ამ საკითხებზე ამ ეკლესიის მოძღვარს, მამა გიორგის, მის უმცროს მეგობარს, ანზორ ბაბუხადიას და მის უახლოეს ნათესავს, ინეზა ავალიანს… ვარ ბედნიერი, რომ რამდენჯერმე ვესწრებოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბატონი რეზოს ამ განწყობის  დიდ ქართულ საუბარს, ვარ მონაწილე ბატონი მერაბ ბერძენიშვილისა და ბატონი რეზოს დიდი საუბრისა ამ საკითხებზე“, – განაცხადა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა  და გამოთქვა რწმენა, რომ ამ დიდ ქართულ საქმეს ასეთივე მხარდაჭერა ექნება ქვეყნის სამეცნიერო წრეებში, შემოქმედებით კავშირებში, განათლების მთელ სისტემაში.

მოწონებული იქნა ბატონი რომან რურუას წინადადება, რომ „ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით გაკეთდეს მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ გიორგი მარგველაშვილის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის მიმართ.

„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით, ბატონებმა რომან რურუამ, ომარ მხეიძემ, რამაზ ლომინაძემ, ირაკლი მაჭავარიანმა, ლეონ ფირცხალავამ, ალექსი კობაიძემ, როლანდ კილაძემ, ვახტანგ ქიზიყურაშვილმა, ზაურ ტყეშელაშვილმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი უმთავრესი იქნება „ქართული ერთობის დარბაზის“ ზუგდიდის კონგრესზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება.

სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრის მონაწილეებმა დიდი მადლიერება გამოხატეს  ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართ, უსურვეს მას მალე გამოჯანმრთელება და იმედი გამოთქვეს, რომ გენიალური მწერლის 850 წლის იუბილეს სწორედ დიდი მამულიშვილი, რეზო ჩხეიძე გახსნის.

„ქართული ერთობის დარბაზის“

პრეს-ცენტრი

04.04.2015წ

ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღე

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *