
პროექტი
თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს!
- შეფასებითი ნაწილი, ანუ რა გვჭირს
ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის. იგი ემსახურება არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ ან გარე ძალთა ინტერესების გაძლიერებას ქვეყანაში, ან ოლიგარქების პოლიტიკურ ინტერესებს, ან პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესებს. მთავარი გახდა ფული… სამწუხაროდ, საინფორმაციო სივრცეში სიმართლე და ფული გაიგივდა.
მდგომარეობა მართლაც, უმძიმესია. სატელევიზიო სივრცე გაივსო საეჭვო მიზნის თოქ-შოუებით, ტენდენციური საინფორმაციო გადაცემებით, ქართული სულისა და ცნობიერებისთვის მიუღებელი უცხოური ფილმებით. ქართული სატელევიზიო სივრცე დასცილდა სატელევიზიო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებს, ახლოსაც კი არ არის დემოკრატიასთან.
სახელმწიფო ათეულ მილიონობით ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულს ხარჯავს ე.წ. საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის, რომელიც საბოლოო შედეგით გარკვეული ჯგუფის ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისას.
ასე გაგრძელება შეუძლებელია. ქვეყანას ჰაერივით სჭირდება მართალი ტელევიზია.
ჩვენთვის მიუღებელია, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ტელევიზია… შემაშფოთებელია სატელევიზიო სივრცის ასეთი პოლიტიზება და ასეთი უარყოფა ცნობილი მოღვაწეებისა და მეცნიერების… აბსოლუტურად გაუგებარია საინფორმაციო საშუალებებს ჰყავდეთ თავიანთი ფავორიტი პარტიები საერთოდ და მით უფრო, არჩევნების დროს… აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ტელევიზიების თავხედობა ყოველგვარ ზღვარს სცდება – ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატები და ა.შ.
- ჩვენი წინადადებები
ჩვენ, მეცნიერთა ჯგუფის, საერთაშორისო და ქვეყანაში აღიარებული ექსპერტების მონაწილეობით, ვიწყებთ მუშაობას სახალხო ტელევიზიის კონცეფციის შესაქმნელად. ეს პროცესი ღიაა და ჩვენ ყველას ვიწვევთ მონაწილეობისთვის . სასურველია, დაიწყოს პროფესიული დისკუსია ამ საკითხზე, რათა შევძლოთ ხალხის მოსაზრებების გათვალისწინება. კარგი იქნებოდა, ეს დისკუსია რომელიმე ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო.
III კონცეფციის შექმნამდე:
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებასთან მისი საქმიანობის სრულყოფის თვალსაზრისით. ჩვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ცნობილმა მოღვაწეებმა, მათ შორის, მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ მიმართეს თხოვნით, შექმნილიყო მოდელი, კონცეფცია სახალხო, ანუ თავისუფალი ტელევიზიის, რომელსაც გაცნობიერებული ექნებოდა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს, როგორც ამას დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ ფოლკნერი დამაჯერებლად და დადასტურებულად ამბობს:“ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“
ბატონმა რეზო ჩხეიძემ თხოვნით მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ დაეხურა ტელეკომპანია მე -9 არხი და ის გადასცემოდა მეცნიერებას და კულტურას. მსგავსი არხი არსებობს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. რუსეთმაც კი ძლიერი პროგრამით შეძლო მისი განხორციელება და ეს საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი მოღვაწეების თხოვნა უპასუხოდ დარჩა, ბატონმა რეზო ჩხეიძემ დააფუძნა ტელევიზია „ქართული TV“. მის მიერ გაკეთებული მიმართვა დიდი მამულიშვილობის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მაღალი ზნეობის კარგი მაგალითია თითოეული ჩვენგანის და მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამიტომ, ამ მასალას თან ვურთავთ რეზო ჩხეიძის წერილს.
უდიდეს პიროვნებას, მერაბ ბერძენიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა კულტურის ფონდის თანადგომით ამ საქმის გაგრძელება, რაც დღესაც დღის წესრიგში დგას.
ჩვენ ფასეულად მიგვაჩნია ამ ჯგუფის გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს სააქციო საზოგადოება, რომლის აქციების 4%-ზე მეტის შეძენის უფლება არავის არ ექნება, რათა ტელევიზიამ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა.
ასევე მნიშვნელოვნად და ფასეულად ვთვლით წინადადებას, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი და საქართველოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილთა ოჯახები გახდნენ აქციონერები და პარალელურად შემუშავდეს ნამდვილად ხალხის მსახური, ყოველი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მატარებელი ტელევიზიის კონცეფცია.
ძალიან საინტერესოა უცხოეთში მცხოვრები ქართული წარმომავლობის ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენისა და მოღვაწის წინადადება, რომ დემოკრატიული საჩუქარი გაუკეთოს საქართველოს და დაეხმაროს ყველა იმ ოჯახს ერთი აქციის შეძენაში, რომელსაც დღეს ამის საშუალება არ გააჩნია. ეს წინადადება განსაკუთრებული მხარდაჭერით იქნა მიღებული იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში.
ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ არის მართალი ტელევიზიის აუცილებლობა, რომ ამ საქმის სათავეებთან იდგნენ და დგანან დიდი ავტორიტეტები, გაჩნდა უნიკალური იდეა დემოკრატიული საჩუქრის და ამ მოსაზრებას აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. გვერდით ვუდგებით ამ ტელევიზიას, როგორც გადაცემების მომზადებაში ჩვენი უანგარო მონაწილეობით, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აქციების შეძენით. ვფიქრობთ ქველმოქმედებაზეც და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიქმნას დიდი გუნდი,რომლის თითოეული წევრი ყოველთვიურად, ტელევიზიას. მინიმუმ 10-15 ლარით დაეხმარება
ჩვენ ყველას დავანახვებთ, რა შეუძლია ერთობას… რა შეუძლია ერთობით და სწორ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ტელევიზიას. ჩვენ ამ ეტაპზე, მხარს ვუჭერთ ტელევიზიის დღევანდელ მესვეურთა წინადადებას, რომ:
- ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, თავისი მოსაზრება გამოთქვას ამ ტელევიზიით
- ტელევიზიამ მიმართოს ქვეყნის პირველ პირებს (მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარე, მინისტრები, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, თბილისის მერი და გუბერნატორები) კვარტალში ერთხელ უპასუხონ მოსახლეობის შეკითხვებს
- თვის განმავლობაში გარკვეული დრო (30-60 წთ) ჰქონდეთ:
– პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს;
– ქალაქს, რაიონს, მხარეს, დიდ სოფლებს;
– უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს, შემოქმედებით კავშირებს;
– პროფკავშირებს;
– ადვოკატთა საზოგადოებას;
– ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
– ქართული ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქციას;
– საბანკო სექტორს;
– დიასპორას.
ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ტელევიზია “ქართული TV“- ის შემოქმედებითი გუნდის პოზიციას, საქმიანობის მთავარ საფუძვლად აქციონ დიდი ქართული პროგრამული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ . გააკეთონ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზი, მეცნიერთა მონაწილეობით; შექმნან დოკუმენტური ფილმი – „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“; დოკუმენტურად ისაუბრონ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“; საქართველოს და მთელ მსოფლიოს გააცნონ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ; მთელ მსოფლიოს აჩვენონ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.
იმის გათვალისწინებით, რასაც ვკითხულობთ ამ ტელევიზიის მესვეურთა კონცეპტუალურ ხედვაში, თუ როგორ სატელევიზიო ბადეზეც ფიქრობენ, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეს დიდი მხარდაჭერა ექნება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის კათედრებისგან.
უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს ტელევიზია გახდება საქართველოს განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ იდეების ხალხთან მიტანის და ამ პროგრამის გახორციელებაზე ორიენტირებული ტელევიზია.
მართლაც, უნიკალური იქნება, თუ ჩვენი თანადგომით, „ქართული TV“ შეძლებს, იყოს ჩვენი დიდი მოღვაწეების მიერ მიღებული და პატრიარქის მიერ დალოცვილი გადაწყვეტილების, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ ჩატარების მთავარი ორგანიზატორი. რაც ითვალისწინებს არა მარტო ორგანიზებას, არამედ კონგრესის სესიების პირდაპირ ეთერში ჩვენებას მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქიდან და საქართველოს ყოველი რეგიონის ცენტრიდან.
მხოლოდ საერთო თანადგომას შეუძლია ამ უნიკალური იდეის რეალიზება და როგორც იუნესკოში გვითხრეს: „ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში“.
მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის