მეცნიერთა კონგრესიმომავლის პროგრამებიპროექტები

ხალხის პროექტი – „ვქირაობ ხელისუფლებას“

კონცეფცია

 

დღემდე არსებულმა პრაქტიკამ, როცა არჩევნების დროს პარტიები სთავაზობენ ხალხს პროგრამებს, ქვეყანა მწარე რეალობის წინაშე დააყენა. ჩვენ მივიღეთ ე.წ. იმიჯმაიკერების“ მიერ სიმართლის მანტიაში გახვეული ტყუილით არჩეული პარტიები და ხელისუფლებები. დღემდე არ არსებობს ქვეყნის პოტენციალის კვლევა. მოკლედ რომ ვთქვათ, იმის ინვენტარიზაცია, რას ვფლობთ და რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი ამ პოტენციალის სრულად ამოქმედებით.

დღეს რეალობა ასეთია: ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვანაირად აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ყველა ხელისუფლება თვითკმაყოფილია, ხალხი – უკმაყოფილო.  რეალურად სიყალბეში ვცხოვრობთ. ხალხმა ვერ გააცნობიერა, რომ ის არის ბატონ-პატრონი ქვეყნის და ხელისუფლებამ  კი ის, რომ მსახურია და არა უფროსი. კიდევ უფრო დიდი პარადოქსია ის, რომ დამოუკიდებლობის პირობებში დაქირავებული მეორე დღიდანვე იწყებს ფუფუნებაში ცხოვრებას, დამქირავებელი კი – ანუ ხალხი, კიდევ უფრო ღარიბდება. პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა, აღარაფერი დარჩა გასაყიდი, მაშინ როცა დაქირავებულების, ანუ ხელისუფლების გამდიდრებას საზღვარი აღარ აქვს.

დღემდე ყველა ხელისუფლების თვითკმაყოფილება გამართლებულია პრინციპით: „რაც შემიძლია, ვაკეთებ“. დღეს ქვეყანას სჭირდება არა ეს, არამედ მყარად დამკვიდრება პრინციპის: მუშაობა შესაძლებლის მაქსიმუმზე. ჩვენი პროექტი სწორედ ამას ეყრდნობა. მეცნიერები ხალხთან ურთიერთობაში, აყალიბებენ რეალურ პროგრამებს: როგორც სოფლის, ქალაქის, რაიონის, მხარის, ასევე დარგების მიხედვით. და რაც მთავარია, ქვეყნის მასშტაბით.  ეს პროგრამები გამოაქვთ არჩევნების წინ და აცხადებენ, რომ იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს, პირდაპირ ვთქვათ, იმ პოლიტიკურ ძალასთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც დაარწმუნებს იმაში, რომ შეუძლია ხალხის მიერ მეცნიერთა მონაწილეობით შედგენილი პროგრამის შესრულება.

ეს კონცეფცია არ გამორიცხავს ძველის ძალაში დატოვებას. რომ პარტიები მოსახლეობას სთავაზობენ თავიანთ პროგრამას. თუმცა პარალელურად იარსებებს ხალხის პროგრამაც და ხალხის მიერ შერჩეული პოლიტიკური გუნდიც, რომელიც სწორედ იმ პრინციპით იქნება შერჩეული, რომ ეს პროგრამა შესრულდეს. ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ნამდვილად დემოკრატიული, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოქმედებაში მოვიყვანოთ ქვეყნის უნიკალური პოტენციალი და დავამთავროთ ყალბი პოლიტიკური ძალების პარპაში ქვეყანაში.

კონკრეტული მეცნიერულის გარდა, როცა მეცნიერები რეალური მდგომარეობის ანალიზითა და ხალხთან დიდი კონსულტაციების შესაბამისად მუშაობენ პროგრამების შედგენაზე, პარალელურად მიმდინარეობს ღია დისკუსია „ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება“. დისკუსია იქნება როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედია საშუალებებში. დარწმუნებული ვართ, გამოჩნდება ტელევიზია, რომელიც მას გააშუქებს. დისკუსია იქნება ღია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება. ყოველკვარტალურად შედგება წარმომადგენლობითი შემაჯამებელი დისკუსია. პირველი ასეთი იქნება 2019 წლის მარტის მეორე დეკადაში.

პროგრამის რეალიზაცია მოხდება სამ ეტაპად

პირველი ეტაპი 2018 წლის 1 დეკემბრიდან –  2019 წლის 1 ივლისამდე

მეორე ეტაპი: 2019 წლის 1 ივლისიდან – 2020 წლის 1 თებერვლამდე

მესამე ეტაპი :2020 წლის 1 თებერვლიდან  – 2020 წლის 21 სექტემბრამდე

შემაჯამებელი დღეები: 21 – 27 სექტემბერი ღვთისმშობლობიდან ჯვართამაღლებამდე

 

პირველ ეტაპზე იქნება დისკუსია  ძირითადში რესპუბლიკურ დონეზე, ხოლო მას შემდგომ, რაც ხალხთან მოთათბირებით, ყოველ ქალაქსა და რაიონში შეიქმნება 20-25 კაციანი გუნდი, ავტორიტეტული, ხალხის ნდობით აღჭურვილი პიროვნებებით, მეორე ეტაპზე, განსაკუთრებული სიმძაფრით ეს დისკუსიები გაიმართება ყოველ ქალაქსა და რაიონში. მესამე ეტაპზე უკვე დაიწყება წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ხალხის მონაწილეობით მათთვის საბოლოო სახის მიცემა.

21-27 სექტემბერს გაიმართება შემაჯამებელი დღეები,

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ ეროვნულმა ყრილობამ დაამტკიცოს  მომავლის პროგრამა, ანუ ის ორიენტირი, რა მოთხოვნებსაც ხალხი უყენებს მომდევნო პარლამენტსა და ხელისუფლებას და გააფორმებს ხელშეკრულებას იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მეტად დაარწმუნებს ამ პროგრამის შესრულების რეალობაში.

 

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *