
პროექტი 22.11.2023
(ფრჩხილებში მინიშნებულია დედანთან შედარებით განსხვავებული ვარიანტები
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა
(ქართული დოქტრინა… ეროვნული დოქტრინა…. ქართული სახელმწიფოებრივი დოქტრინა)
ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! (ი.ჭ)
(ქვეყანა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს)
განმარტებისთვის, ანუ დოკუუმენტს გარეთ: აქ წარმოდგენილია მომავლის საქართველოს უპირველეს საკითხთა ჩამონათვალი. დოკუმენტი შედგა მეცნიერების ინიციატივით, საზოგადოებასთან ფართო დათათბირების შედეგად. მისი მიღება მოხდება საერთო-სახალხო რეფერენდუმით,. მისი შეცვლა, ნებისმიერი პუნქტის ამოღება, ან მისთვის ახალი რედაქციის მიცემა ხდება ასევე საერთო-სახალხო რეფერენდუმით. დოქტრინა საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას
დოქტრინის ძირითადი დოკუმენტი
ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაცია არის კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონზომიერება და ის უნდა იქნას მიღებული, როგორც რეალობა. ჩვენი მიზანია, ამ რეალობაში ქვეყნის შესაძლებლობათა სრული კონცენტრაცია (ინტეგრაცია) ეროვნულ- სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განვითარებისთვის.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 33 წელმა ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, სრულად ვერ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი იყო, ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო. (ეს შეიძლება იყოს, ან თავისთავად იგულისზმება ნათქვამში გარე მიმართებაში ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ. შიდა მიმართებაში, გამუდმებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც უკვე მთელ საზოგადოებას მოედო და პერმანენტული ხასიათი მიიღო, ხელისუფლების განდევნისათვის ბრძოლამ, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ეტაპზე შევქმენით). შედეგად, ერთი მხრივ, ერი, რომელსაც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, ვერაფრით ვერ გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.
ჩვენ არ მოგვწონს, გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 33 წლის განმავლობაში. საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.
ჩვენ ვთვლით, რომ უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. დასაბამი უნდა მიეცეს მეცნიერულ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. უნდა დავნერგოთ პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება -საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ, აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ (ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ის, თუ როგორია ქვეყანაში დამოკიდებულება ნიჭისა და ინტელექტისადმი.) მომავლის საქართველო სრულად უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციაზე და მიზნად უნდა იქნას მიჩნეული საქართველო, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ წარსულის შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება-დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების სახელმწიფო.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ქართული დოქტრინა“ არის სწორედ ქართული ინტერესის გამომხატველი მთავარი დოკუმენტი, რაც დასტურდება აქ ჩამოყალიბებულ კონკრეტულ პუნქტებში.
- საქართველოს წარსულის, დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
- მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება;
- ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული, როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყოველი წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო-სახალ;ხო ზრუნვის ქვეშ; (გვთავაზობენ, რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი)
- საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო და ენერგეტიკულ, უსაფრთხოების დოქტრინებს;
- ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნისტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყანის წინააღმდეგ;
- საქართველო თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;
- ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დაბადებისთანავე ითვლება საქართველოს მოქალაქედ,
- საქართველო იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ინტერესებს;
- საქართველოში კორუფცია (შესაძლებელია ნეპოტიზმიც) სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად; (რისთვისაც, ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნას სამშობლოს ღალატის, როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მუხლი)
- საქართველოსთვის მიუღებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების, საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა; (სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნას გამოყოფილი. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონმა)
- კონსტიტუციურად, საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცხოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები;
- კონსტიტუციურად უნდა იქნას განმტკიცებული, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება – მსახური. ამ პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით; დოქტრინაც და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით; ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს, როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება ან მათში შესწორება, შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს, სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა მიღებულ იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ (გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ კანონი რეფერენდუმის შესახებ უნდა იქნას მიღებული საერთო-სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით)
- გვთავაზობენ, დაემატოს პუნქტი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების და სრული გამჭვირვალობის თაობაზე. ასევე გვთავაზობენ, რომ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებსაც არ ჰქონდეთ უფლება, უძრავი ქონება (მიწა და სახლი) მიყიდონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
შენიშვნა: „ქართული ერთობის დარბაზის“ და „მეცნიერთა კონგრესისთვის“ წარსადგენად და შემდგომში საერთო-სახალხო განხილვისთვის გამოგვაქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მხოლოდ ის პუნქტები, რომლებზეც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფში თანხმობა სრულად არის მიღწეული, ან ახლოს არის ამასთან. დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება.