მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის მიმართვა

„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის მიმართვა ხელისუფლებისადმი, მეცნიერებათა ეროვნული და დარგობრივი აკადემიებისადმი, უმაღლესი სასწავლებლებისადმი, სამეცნიერო დაწესებულებებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, მედიის საშუალებებისადმი, თანამემამულეებისადმი

8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ განხილვის მიზნით, მეცნიერთა კონგრესის გამართვასთან დაკავშირებით

თანამემამულენო,

ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს. რომ ქვეყანაში კრიზისია, როცა ქვეყნის შიგნით არის დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო ღრმაა დაპირისპირება. ისტორია დასტურია იმის, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით, როცა ან დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ან გამოჩნდებოდა ინტელექტუალური სახელმწიფოებრივი ძალა (ერთობა), რომელიც ახერხებდა ხალხის შეერთებას მომავლის საქართველოს ინტერესებით. ამ გზით დაპირისპირების დასრულებამ კრიზისი არაერთგზის აქცია შესაძლებლობად.

ჩვენ ვართ რეალობაში, როცა გონებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებს აღწევს დაპირისპირება. გაგრძელების ორი შესაძლო ვარიანტია: პირველი –  დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, ან  მეორე – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“, როგორც ეს ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ბრძანა სწორედ გელათში.

პირველი – მტრების ინტერესებშია. მნიშვნელობა არ აქვს,ისინი ქვეყანაში არიან, თუ ქვეყნის გარეთ;

მეორე –  არის ხალხის და ქვეყნის ინტერესებში და სწორედ ეს არის გზა კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად.

სწორედ მეორეს ემსახურება მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინის“ პროექტი და კონცეფცია „ეროვნული თანხმობის“ ხელისუფლბის ფორმირების თაობაზე.

გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ პროექტს. შემდგომ წარვადგნოთ საქართველოს საპატრიარქოში, მეცნიერებათა აკადემიაში, სახელისუფლებო შტოებში, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულების ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიის საშუალებებში. მივცეთ მას ხალხის მხარდაჭერის ძალა და კარგი იქნება, თუ ამას საერთო თანხმობით რეფერენდუმით შევძლებთ.

სწორედ ასეთ დოკუმენტს შეუძლია ქვეყნის დაცვა როგორც შიდა, ასევე გარე ძალთა შემოტევებისგან, ხელისუფლებების მანიპულაციებისგან.

ჩვენ ასეთ სერიოზულ დათათბირებაზე ვიწვევთ ყველას. ვიწვევთ იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება დამანგრეველია, ვინც თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად, ვისაც მიაჩნია, რომ კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად.

კონგრესი მუშაობას დაიწყებს 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში.

გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.

გელათში გამგზავრება მოხდება 8 თებერვალს, დილის 9:00 საათზე. კონგრესი დაიწყება 14:00 საათზე დაბრუნება მოხდება იმავე დღეს.

ქართული ერთობის დარბაზი,
მეცნიერთა კონგრესი
„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდი
13 იანვარი, 2025 წელი

საკონტაქტო პირები ვახში ჟვანია (ტელ.:577 40 71 82 ) ბესიკ ბოგველი (ტელ.: 595 01 65 66)
პ.ს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი (თან ერთვის)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *