მეცნიერთა კონგრესიქართული ერთობის დარბაზი
იზა ვეფხვაძის გამოსვლა

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო თქვენთან ერთად, ხელს ვაწერდე დოკუმენტს, რომელიც ცნობილმა მეცნიერმა, ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა წარმოადგინა და სიტყვა მიმეღო ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანისგან, ბატონ ანზორ ერქომაიშვილისგან.
ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც მიუხედავად ენით აღუწერელი გაჭირვებისა და სუბიექტური თუ ობიექტური სიძნელეებისა, ჯერ კიდევ ჰყავს დიდი ინტელიგენცია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი კულტურის მოღვაწეებით, ჩვენი მეცნიერებით, პროფესიონალებით ყველა დარგში: განათლებით დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული.
ბატონებო, თქვენ აქ ხედავთ სურათს „გახლეჩილი ბროწეულით“. ეს, გარკვეულწილად, ჩვენი ქვეყნის დღევანდელობას განსაზღვრავს. დიდმა გრიგოლ რობაქიძემ თქვა: „საქართველო დაჭრილი მზეა“, ეს სურათი ამ განწყობას აგრძელებს. ბროწეული – ნაყოფიერების, სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. მეტიც, ქრისტიანულ სიმბოლიკაში, ბროწეულის ნაყოფი, რომელიც მარცვლების სიმრავლით გამოირჩევა, პირველყოვლისა ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს. ხოლო მარცვლები, ერთ, უნიკალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ამ უნიკალური ნახატის ავტორია ახალგაზრდა უნიჭიერესი მხატვარი, თეკლა მელაძეა. მან ახლახან დაამთავრა სკოლა, დისტანციური სწავლების მეთოდით აგრძელებს სწავლას ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტში. თეკლა მონაწილეობდა ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე, საიდანაც წარმატებულად დაბრუნდა. ვენეციაში ხაზგასმით ითქვა, რომ ის არის დღემდე ჩატარებული ყველა ბიენალეს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ეს არის საქართველო! თეკლა დღეს ჩვენთან ერთადაა. მას მინდა მივულოცოთ ეს დიდი გამარჯვება. ჩვენ მის გამარჯვებად ვთვლით იმასაც, რომ მეცნიერთა გუნდმა, რომელიც ორი წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდა ქვეყნის განვითარების კონცეფციას – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, წიგნად გამოცემული ამ კონცეფციის გარეკანზე სწორედ ამ სურათის დაბეჭდვა გადაწყვიტა. საქართველო, მართლაც, ასეა გახლეჩილი. შთაბეჭდილება რჩება, როგორც ამას დიდი შექსპირი ამბობს, რომ დროთა კავშირი დაირღვა საქართველოში… გონებასა და განათლებაზე ორიენტირებული, აკადემიური და დარბაისელი ხალხის ქვეყანაში, სჭარბობს ემოცია და აგრესია. კარგად წერია მიმართვაში, რომ ჩვენ გონებადაკარგული პოლიტიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ყველას გვაყენებს შეურაცხყოფას. განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს ინტელიგენტს უწოდებს.
„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მართლაც, უნიკალური კონცეფციაა. როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოისმინა „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლების, „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“ წევრების განზრახვა მისი შექმნის თაობაზე, სწორედ ის სიტყვები წარმოთქვა, რომლითაც იწყება კრებული, რომელიც დღეს ყველამ მიიღეთ. პატრიარქი ამბობს: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.
ამას დრო ადასტურებს. ვინც ამ კონცეფციას და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ კრებულს „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“ გაეცნო, ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ყველაფერი ის, რაც ამ კრებულებში წერია, მართლაც, ჰაერივით სჭირდება საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ მეცნიერებმა ამ წიგნში შეიტანეს: ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის ‘თამარ მეფე“.
ეს მართლაც, ბედნიერებაა, ბატონებო! ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ორ უდიდეს მწერალს აქვს შექმნილი ნაწარმოები ორ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეზე. ეს ჩვენი დიდი ისტორიაა. დღეს, ჩვენთვის მთავარია, პატივს მივაგებდეთ მეცნიერებს და მეცნიერებას და სახელმწიფო იმართებოდეს მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, დავით აღმაშენებლის გზა.
ჩვენ ამ კრებულებს დღეს ხშირად დავუბრუნდებით, მაგრამ გთხოვთ, დააკვირდეთ, რას გვეუბნებიან მეცნიერები.
- ისინი გვახსენებენ ბიბლიურ სიბრძნეს:
მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული.
მთავარი სამშობლოა. აქ დიდი ერთობა გვჭირდება. სადაოში თავისუფლება ნიშნავს, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიყოთ განსხვავებული მიმართულებების, იდეებისა და პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი. მაგრამ გვეუბნებიან, რომ ყველაფერში სიყვარული უნდა იყოსო.
სწორედ აქედან ამოდის მთავარი, რასაც გვთავაზობენ ჩვენ მეცნიერები: დაპირისპირება დამანგრეველია, ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობა კი მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ. ჩვენ მეცნიერები გვეუბნებიან, ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ფორმულაა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. ხალხს ეს უნდა, პატრიარქის ქადაგებები ყოველთვის ამის ირგვლივაა, დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება, რომელშიც ვგულისხმობთ მმართველ პოლიტიკურ ძალასაც და ოპოზიციასაც, გაცნობიერდება ეს უმნიშვნელოვანესი და ქვეყნის წინსვლის საყრდენი ფორმულა. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ერთობა წარმოუდგენელია. რომ ეს ილუზიაა. არაფერია წარმოუდგენელი და არც არაფერია ილუზია. სწორედ აქ ვართ ჩვენ, ინტელიგენცია, საჭირო, ყველაზე მეტად, რომ ეს დიდი ერთობა შედგეს.
დააკვირდით სახელმწიფო კაცების მიერ, მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებულ თეზას: ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია და მისი მიმდევრები, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ 10 საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
რა ბედნიერებაა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს ყველას მიერაა გაცნობიერებული და სადაც ინტელიგენცია არის გარანტი მისი შესრულების.
არ შეიძლება ერთის მხრივ, არ აღგაფრთოვანებდეს, მეორეს მხრივ, არ გაფიქრებდეს და უდიდეს პასუხისმგებლობას არ გაკისრებდეს მეცნიერთა მიერ ჩამოყალიბებული პროგრამული თეზა ყველა დონის ყოველი ხელისუფლებისთვის. აი, რას წერენ ისინი: „საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ეს არის თავისუფალი ადამიანი. ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება“. ყველაფერ ამას მეცნიერები თვლიან ხელისუფლების კონსტიტუციურ მოვალეობად და მიიჩნევენ., რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ, ან არ აკეთებს, საკუთარ თავს კონსტიტუციაზე მაღლა, ან კონსტიტუციის გარეთ აყენებს, რაც თავისთავად, დამანგრეველია ქვეყნისთვის.
მეცნიერები ამ კრებულში ყოველ ჩვენთაგანს გვახსენებენ ბიბლიურ შეგონებას: „თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“. მონური ფსიქოლოგიის ადამიანი უპირველესად, საკუთარი თავისთვისაა უბედურება. და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება მაშინ, როცა ასეთი ადამიანები სჭარბობენ პოლიტიკაში თუ ხელისუფლებაში.
საქართველოში, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თვლიდეს, რომ: ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში შეიძლება ასე ვცხოვრობდეთ.
რა გამოდის?
ყველა ვთვლით, რომ ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ და მაინც, ვცხოვრობთ ისე, როგორც არ უნდა ვცხოვრობდეთ. ამის მიზეზია ამოსახსნელი. ეს მხოლოდ მეცნიერებსა და მეცნიერებას შეუძლია. სწორედ ყველაფერი ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ინტელიგენციის ერთი ჯგუფის მიმართვა ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ, ყველანი, ვინც ამ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამ წერილის ყოველი წინადადების, ყოველი სიტყვის გამო. სწორედ ამიტომ ვამბობთ:
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა დავიწყოთ საუბრები მომავლის საქართველოზე,.
წერილში ეს კარგად არის ჩამოყალიბებული. ასეთი შეხვედრები გახდება სისტემატური. ხალხს უნდა შევთავაზოთ იმედიანი პროგრამები და ხელისუფლებას დავეხმაროთ კიდევაც და მოსვენება არ მივცეთ, თუ საჭირო იქნება, ვაიძულოთ, განახორციელოს ეს პროგრამები. ჩვენ ხელისუფლებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ: მისი ფუნქციაა, ერთის მხრივ, ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა, ანუ ნიჭის და შესაძლებლობის რეალიზაციის პირობების შექმნა და მეორეს მხრივ, მისი მოვალეობაა, რომ ქვეყანაში ყოველი ადამიანი იყოს დაცული.
ბატონებო, მე წარმოგიდგინეთ ის, რაზეც იფიქრეს სახელმწიფო კაცებმა, რომლებმაც დიდი მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში შექმნეს და შემდგომ ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში მოაწერეს ხელი, დიდი ქართულ დოკუმენტს: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ , რომელიც ამ კრებულში მოცემულია და ყველას შეგიძლიათ ნახოთ. წარმოგიდგინეთ ის, რაზეც იფიქრეს ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელებმა და გელათში, მიღებული პროგრამული დოკუმენტის „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ ავტორებმა. ამაზე ვიფიქრეთ ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ პრესაში გამოქვეყნებულ მიმართვას, რაც დღევანდელი ჩვენი შეკრების საფუძველი გახდა.
ჩვენ, ინტელიგენცია, ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას. ჩვენ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მოხრე ვართ. ამ პროცესს ხელისუფლება უნდა პატრონობდეს და იმასაც გამოკვეთილად ვამბობთ: ოპოზიცია არ ნიშნავს ჩასაფრებას. სწორედ ჩვენი მომავალი საქმიანობის მთავარი პრინციპი იქნება: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, რომლის საფუძველი უნდა იყოს თანამშრომლობის ჰარმონიზაცია.
დღეს პირველი შეკრებაა. ჩვენ, 8 თებერვლამდე, იქამდე, როცა დავითობა დღეს, გელათში უნდა მივიღოთ „ქართული დოქტრინა“ და შემდგომ ჩავატაროთ მეცნიერთა დიდი კონგრესი, დიდი მუშაობა დაგვჭირდება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თავდადებული მუშაობის დიდი მაგალითი. გვინდა ვირწმუნოთ, ხელისუფლება მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას, რომ 2020 წლის აპრილში შედგეს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი კონგრესი და რეალურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და განვსაზღვროთ მომავლის ორიენტირები. მხარს დაუჭერს იმას, რომ კონგრესმა მოისმინოს სამი პოზიცია: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და იმ ჯგუფის, რომელთაც რამდენიმე წელი იმუშავეს და ქვეყანაშის არსებული მდგომარეობის ანალიზზე, ქვეყნის პოტენციალზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და ათასობით ადამიანის მონაწილეობით, „ხალხის წერილი“ , რომელსაც დღემდე 50 ათასამდე თანამემამულემ მოაწერა ხელი და რომელიც 6 თვეზე დიდი ხნის წინ წარედგინა ქვეყნის ხელისუფლებას. ეს წერილი გამოქვეყნებულია პროგრამულ კრებულში „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.
ბატონებო, ჩვენ დღეს ორი საათის განმავლობაში მოვისმენთ რამდენიმე პროგრამულ კონცეფციას და დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და დაპირისპირების გარეშე, შევძლებთ ინტელიგენტურ საუბარს. ასევე შემდგომ გავაგრძელებთ დღეს წარმოდგენილი კონცეფციების დეტალურ განხილვას ექსპერტთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. ამ შეხვედრების ერთი ნაწილი გაიმართება 15-25 დეკემბრის და მეორე ნაწილი: 2020 წლის 20-30 იანვრის ფარგლებში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით საუბარს იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გარკვეული წინადადებები, რომელსაც დროდადრო წარმოვადგენთ. ბოლოს ალბათ მიმართვის ტექსტსაც შემოგთავაზებთ. ამ დაძაბულ სიტუაციაში სწორედ ინტელიგენციამ და მეცნიერებმა უნდა იკისრონ მედიატორის როლი. კარგია, როცა ამ ფუნქციას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის ქვეყნების საელჩოები და მისიები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ამ მისიის შესრულება თუ უკეთ არა, არანაკლებად შეუძლიათ სახელმწიფო კაცებს, რომლებიც ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ გვყავს ქვეყანაში. ჩვენ დღეს ამაზეც უნდა ვიფიქროთ და გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ამ მოსაზრებებს გვეტყვიან მომხსენებლებიც, შეიძლება მოგვაწოდონ წერილობით. ჩვენს გადაცემას უყურებენ სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენი თანამემამულეები ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ და, ალბათ, ისინიც მოგვწერენ. ჩვენ ვთხოვთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, მწერალსა და პუბლიცისტს, გუბაზ მეგრელიძეს, მოკრიბოს და წარმოუდგინოს ჩვენს დღევანდელ შეკრებას.
ჩვენ ვიწყებთ დიდ პროცესს. ჩვენ, ორგანიზატორებს, კარგად გვესმის, რომ დაწყება ყოველთვის ძნელია. მაგრამ არანაკლებ ძნელია გაგრძელება და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. მივეხმაროთ ერთმანეთს, ნაკლები პრეტენზიებით ვიყოთ და ინტელიგენციამ, ხალხთან დგომით, შევძლოთ პოლიტიკოსების მიერ ხალხისთვის წართმეული ქვეყნის ხალხისთვის დაბრუნება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და ინტელიგენტი არის ის, ვინც, როგორც რიგითი ჯარისკაცი დგას ხალხთან.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დავიწყოთ პოგრამული გამოსვლის ისტორიული ნიმუშით, რომლის მაგალითი მოგვცა მეფე თამარმა. მის სიტყვას, წარმოთქმულს მეფედ კურთხევისას, ანალოგი არ აქვს მსოფლიოში… გამორჩეულია არა მარტო იმ ეპოქისთვის, არამედ საპროგრამო დოკუმენტია დღევანდელი სამყაროსთვის, უპირველესად კი, მომავლის საქართველოსთვის. ჩვენ ამ სიტყვას სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ, ყველა ოჯახში ვინახავდეთ, როგორც რელიკვიას და მსოფლიოს ყველა ენაზე მისი თარგმნით, ვეუბნებოდეთ მომავალს: ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ, სადაც საუკუნეების წინ, მეფობდა სილამაზითა და გონიერებით გამორჩეული ქალბატონი.
თამარის მიერ მეფედ კურთხევისას წარმოთქმულ სიტყვას გაგვაცნობს პოეტი და კომპოზიტორი მანანა იმედაძე.