მეცნიერთა კონგრესი

საქართველო – უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა


საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, თანამემამულეებს

ქართული სახელმწიფოებრიობის არც ერთ ეტაპზე არასდროს იყო სხვა აზრი გარდა ერთისა: საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ეროვნული მოძრაობის პერიოდი და ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სავსე იყო იმედით, რომ ეს დიდი პოტენციალი მოქმედებაში მოვიდოდა. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ასე არ მოხდა.

ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პოლიტიკური დაპირისპირებებით, პოლიტიკური რევოლუციებით ცხოვრობს. ძალაუფლების შენარჩუნებას და ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლას ეწირება ქართული ინტერესი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოტენციალი. საქართველო ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, სადაც ფინანსდება დაპირისპირება და არა თანამშრომლობა. სადაც არ არის კანონის უზენაესობა, არის სატელევიზიო სამართალი, რომლის უკანაც ფინანსური ინტერესების ჯგუფები დგანან. შედეგად ვიღებთ პარლამენტებს და ხელისუფლებებს, რომლებშიც ხალხის ინტერესზე მაღლა დგას პარტიული, ფინანსური კაპიტალის ინტერესები. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ასპარეზზე არიან მდიდრები და ფინანსური ჯგუფები და დაიკარგა საქართველო.

გარედან მართული პოლიტიკური ძალებისთვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოსტატურად არის გამოყენებული კაცობრიობის ისტორიის მიერ პროგრესულის წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებული ინსტრუმენტი – იგნორირება.

დამოუკიდებლობის 31 წელმა დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლებებს დესტრუქციულის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აწყობთ, ვიდრე კონსტრუქციულთან თანამშრომლობა. ხელისუფლებებს უადვილდებათ ცნობილი მოღვაწეების, აღარაფერს ვსაუბრობთ რიგით მოქალაქეებზე, წინადადებათა და მოსაზრებათა იგნორირება, ვალდებულებად თვლიან ყურადღება მიაქციონ გარედან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის საშუალებებს.

მეცნიერთა კონგრესს არასდროს უთქვამს, რომ მის პროგრამებსა და ანალიზებშია აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ დანაშაულად კი მიგვაჩნია, ის, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შეთავაზებული ორმოცდაათზე მეტი პროგრამა-წინადადებიდან არც ერთი არ გახდა განხილვის საგანი! დაუჯერებელია, მაგრამ სინამდვილეა, რომ იგნორირება გაუკეთდა «ხალხის წერილს» და უამრავ სხვა წერილს, რომლებსაც ასიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, დიდმა მოღვაწეებმა და მამულიშვილებმა, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, გიგა ბათიაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა და სხვებმა. იგნორირება გაუკეთა მეცნიერთა კონგრესის მიერ შედგენილ ქვეყნის განვითარების კონცეფციას «გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ» , პროგრამულ დოკუმენტს “ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ», 21 პუნქტიანი “იმედის პროგრამა”: მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად”. პოლიტიკურ ძალთა რეაქციის გარეშე დარჩა მეცნიერთა პრინციპული პოზიცია: საჭიროა ლუსტრაციის კანონი, კორუფციისა და ნეპოტიზმის სახელმწიფო ღალატთან გატოლება, ხანდაზმულობის მოხსნა სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ყველა მცდელობა, რომ წავსულიყავით თანამშრომლობის გზით, მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებებისთვის. ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით, გამარჯვება თანამშრომლობაშია. სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას ხალხის, ქვეყნის წინაშე და ვხედავთ რა რეალურ მდგომარეობას, არა მარტო ვიცით, რომ საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, არამედ მეცნიერებს აქვთ ამ პოტენციალის ამოქმედების პროგრამები და ვხედავთ რა, რომ დაპირისპირების გზა ხალხის გაღატაკების გზაა, ჩვენ დანაშაულად მივიჩნევთ მეცნიერებისა და მეცნიერული აზრის, პროგრამების იგნორირების დამკვიდრებულ ტრადიციას. ჩვენ ვემიჯნებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაბატონებულ აზრს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება და უნდა დავემორჩილოთ დინებას. ეს დამღუპველია!

სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს, ჩვენ რადიკალური ვხდებით:

ან თანამშრომლობა, ან დაპირისპირება!

პირველი ჩვენი წინადადება თანამშრომლობის განწყობისაა.

მივმართავთ ხელისუფლებას, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს: შევიკრიბოთ 25 მაისს. ამ შეკრების მიზანი უნდა იყოს შეთანხმება ისეთი პროგრამის შედგენაზე, რომელიც გააერთიანებს პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს და დაეყრდნობა უმთავრეს პოსტულატს, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე ქვეყანას არ აქვს მომავალი.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ როგორც ხელისუფლებაში, ასევე პოლიტიკურ პარტიებში მიიღონ «მეცნიერთა კონგრესის» მიერ საზოგადოების დიდ ნაწილთან დათათბირებული ეს წინადადება, მოვერიოთ პიროვნულ და პარტიულ ამბიციებს და ქვეყნისთვის ამ დიდი გაჭირვების ჟამს, მაინც შევძლოთ ერთმანეთთან მისვლა და ფიქრი მომავლის საქართველოზე. ეს ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია და ამ შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

თუ მეცნიერთა კონგრესის ეს წინადადება მიღებული არ იქნება, რაც ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების სისუსტის მაჩვენებელი იქნება, მაშინ ჩვენ იძულებით ვირჩევთ დაპირისპირების გზას, ინტელექტუალური რევოლუციის გზას, რომლის საყრდენი გახდება დიდი მოძრაობა :”ხალხი და მეცნიერები (ინტელიგენცია ზოგადად), ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ»

ჩვენ ვაცობიერებთ, რომ მეორე გზა რადიკალურია, თუმცა იძულებითი, რისი დასტურიც იქნება პირველი წინადადების უარყოფა.

მეცნიერი და ინტელიგენტი არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა პირიქით, როგორც ეს დღეს ასეა ბევრისთვის – ხელისუფლებას იცავს ხალხისგან.

საქართველოს ისტორიაში ძნელად თუ მოიპოვება პერიოდი, როდესაც ასეთი მაღალია მეცნიერის, მოღვაწის და ინტელიგენტის პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე. დღეს ეს პასუხისმგებლობა მკვდარია, ამიტომ ვცხოვრობთ უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაში უმძიმესად. პრაქტიკულად, ვკარგავთ საქართველოს.

დადგა მომენტი ერთად დგომის, რისი საფუძველი უნდა გახდეს ბიბლიური პრინციპი: «მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული»

დადგა მომენტი, როდესაც გათითოკაცებული სიკეთე უნდა შეიკრას, დღეს ერთ მუშტად შეკრული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.

მოქმედების დროა!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *